იაბლოჩკინა ალექსანდრა ალექსანდრეს ასული [3 (15). XI. 1866 – 20. III. 1964, მოსკოვი], რუსი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე. სსრკ სახ. არტისტი (1937). სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1943).
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1885 თბილისში, რუს. დრამის თეატრში. იყო ქალიშვილი რუსი მსახიობის, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე იაბლოჩკინისა, რ-საც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში რუს. თეატრის დაარსებასა და განვითარებაში. 1872 ი. 6 წლის ასაკში პირველად გამოვიდა სცენაზე თბილისში, გოგონამ შეასრულა ბიჭის, პერის, როლი ი. ჩერნიშევის „წამხდარ ცხოვრებაში". მოგვიანებით, მამის ზედამხედველობით თბილ. რუს. დრამის თეატრში განახორციელა როლები: კატერინა (უ. შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება") და ნატაშა (ა. შახოვსკის, ა. გრიბოედოვისა და ნ. ხმელნიცკის „საკუთარი ოჯახი ანუ დაქორწინებული პატარძალი"). 1888-იდან გარდაცვალებამდე იყო მოსკ. მცირე თეატრის მსახიობი. სცენაზე გამოდიოდა რუს. სცენის დიდოსტატებთან: მ. ერმოლოვასთან, ა. ლენსკისთან, ა. სუმბათაშვილ-იუჟინთან, ო. სადოვსკაიასთან ერთად, რ-თაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს მის შემოქმედებაზე.
ი. გამოირჩეოდა ბრწყინვალე სასცენო მეტყველებით, არტისტიზმით, ნატიფი გემოვნებით. როლები: სოფია (ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის „რევიზორი"), ლედი სნირუელი (რ. შერიდანის „ავყიობის სკოლა"), რუქაია (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი") და სხვ.
1901 ი. საგასტროლოდ იმყოფებოდა თბილისში მოსკ. საიმპერატორო მცირე თეატრის მსახიობთა კორპორაციის დასთან ერთად. წარმოდგენილი იყო ა. ოსტროვსკის „შეშლილი ფული", რ-შიც ი-მ განახორციელა ლიდიას როლი. უკანასკნელად სცენაზე გამოვიდა 1961. ჯერ კიდევ რევოლუციამდე მრავალჯერ აირჩიეს მცირე თეატრის „მსახიობთა კორპორაციის" თავ-რედ, 1917-იდან რუს. თეატრ. საზ-ბის დამაარსებლის მ. სავინას გარდაცვალების შემდეგ) იყო რუს. თეატრ. საზ-ბის უცვლელი თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტ.: Филиппов В., А. А. Яблочкина М.–Л., 1947.