იასამანი (Syringa), მცენარის გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი პატარა ხე ან ბუჩქია. გავრცელებულია აღმ. და ცენტრ. აზიაში, აღმ. ევროპაში. კულტურაში მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი (S.vulgaris), სპარსული (S. persica), უნგრული (S. josikaea) და ჩინური (S.chinensis) ი.
საქართველოში გვხვდება XI ს-იდან. ცნობილია 30-მდე სახეობა და 1300-მდე ჯიში. აქვს მარტივი ფოთლები, კიდემთლიანი, ზოგჯერ ჩაჭრილი, იშვიათად – ფრთისებრდანაკვთული. ყვავილი მარტივი ან ბუთხუზა, ზოგჯერ სურნელოვანი, თეთრი, ვარდისფერი, ლილისფერი, მეწამულ-ალუბლისფერი და სხვ. ყვავილები შეკრებილია საგველა ყვავილედად. ნაყოფი წაგრძელებული კოლოფია, იხსნება ორ საგდულად, თითოეულში ფრთისებრი თესლია. ი. კარგად ვითარდება განათებულ ადგილებში, ყინვა- და გვალვაგამძლე, ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნია. მრავლდება თესლით, გადაწვენითა და მყნობით.
საქართვ. ეროვნ. ბოტან. ბაღის საკოლექციო ნაკვეთში იასამნის 75-მდე ჯიში არის დაცული. ნაკვეთს, სადაც ეს კულტურა ხარობს, სირინგარიუმს უწოდებენ. მისი გაშენება 1970 წელს დაიწყო.
ი. დეკორ. და სამკურნ. მცენარეა. პარფიუმერიაში იყენებენ ი-ის ყვავილის ექსტრატს, სადურგლო საქმეში – მერქანს.
ნ. ანთაძე