იაშვილი ბესიკ პავლეს ძე (დ. 17. IV. 1929, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1985); სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკადემიის (1994), სამხ.-სამედიცინო მეცნ. აკადემიის (1998) და სამედ.-სოციალურ მეცნ. აკადემიის (2001) წევრი.
1953 დაამთავრა თსსი. 1953–61 მუშაობდა ქ. რუსთავის საავადმყოფოს ქირურგად, ამავე დროს დააარსა სისხლის გადასხმის სამსახური. 1961-იდან აკად. გ. მუხაძის სახ. ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა: დონორთა განყ-ბის ხელმძღვანელი, რადიოლოგიური განყ-ბისა და ქირურგ. კლინიკის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, დამწვრობის განყ-ბის გამგე, შემდგომში დამწვრობის რესპ. ცენტრის ხელმძღვანელი (1974–84); რესპ. აღდგენითი მკურნალობის ორთოპედიულ-ქირურგიული საავადმყოფოს (დამწვრობის ცენტრით) მთ. ექიმი და ამავე ცენტრის ხელმძღვანელი (1984–95), თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიეროპრაქტიკული ცენტრის დირექტორი (1995–2009), 2009-იდან კლინიკის ხელმძღვანელი. 2011-იდან აღნიშნულ ცენტრს მიენიჭა ი-ის სახელი.
ი. არის დერმატო-კოსმეტოლოგიისა და პლასტიკური ქირურგიის ინ-ტის დამაარსებელი პროფ. ა. სიხარულიძესთან ერთად (1994) და რექტორი (1997–2007). 1997 მისი ინიციატივით დაფუძნდა შპს „ბ. იაშვილისა და პ. ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის ცენტრი".
ი. არის მრავალი სამეცნ. შრომის და 12 გამოგონების ავტორი. მისი შრომები ეხება დამწვრობითი დაავადებებისა და პლასტიკური ქირურგიის პრობლემურ საკითხებს.
დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით" (1999). არის მრავალი საერთაშ. ასოციაციის წევრი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2015). 2018 მიენიჭა საქართვ. ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება.
თხზ.: თერმული დაზიანებები და პლასტიკური ქირურგია, თბ., 2015.
ს. ბაქრაძე