იბერია, ივერია, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს სახელწოდება ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში.
გვიანდ. შუა საუკუნეების, ახ. და უახლესი დროის ქართ. წყაროებსა და ლიტ-რაში ტერმ. „ივერია" იხმარებოდა მთელი საქართველოს აღსანიშნავად. ამასთან, აღმ. საქართველოს უწოდებდნენ ზემო ივერიას, ხოლო დას. საქართველოს – ქვემო ივერიას. ამ სახელწოდების წარმომავლობა ნათელი არ არის. იგი ელინისტურ ხანაში უცხოენოვან (ბერძნულ) გარემოში გაჩნდა. ზოგი მკვლევარი მას ქართულ „იმერს" (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დას. საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად, ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V ს. ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ სასპერების სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტ. სპერის ოლქს). სემიტურ-ბერძნულ სამყაროში ი-დ ცნობილ ქვეყანას ადგილობრივი მოსახლეობა „ქართლს" უწოდებდა. ელინისტური ხანიდან ი. აღნიშნავდა მუდამ ერთ გარკვეულ პოლიტ. ერთეულს (სახელმწიფოს), რ-იც აღმ. და სამხრ. საქართველოს ვრცელ მიწა-წყალს მოიცავდა და რ-ზეც უმეტესად აღმოსავლურ-ქართ. ტომები (ქართები-იბერები) სახლობდნენ. ძვ. წ. VII ს-იდან ამ ტერიტორიაზე ცენტრ. და ჩრდ.-აღმ. მცირე აზიიდან მუშქთა ქართველური ტომების ინფილტრაცია ხდება. ადრეხეთური კულტურის გავლენის სფეროში მყოფმა მუშქმესხებმა აქაური მოსახლეობის პოლიტ. და კულტ. ცხოვრებაში აქტ. როლი ითამაშეს. წინაელინისტურ ხანიდან აქ ადრეკლასობრივი სახელმწიფოებრივი გაერთიანება – ი-ს სამეფო ყალიბდება.
მუშქ-მესხთა თავდაპირველი განსახლების ადგილი „მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაში აზოს (აზონი) სამშობლოდაა დასახელებული და არიან-ქართლად იწოდება (ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით არიან-ქართლი კლარჯეთი უნდა იყოს). ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა ხანაში, როდესაც აზომ ი. დაიმორჩილა, მცხეთაში არიან-ქართლიდან მოტანილი გაცისა და გაიმის კერპები აღმართა. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ აზო ი-ის პირველი მეფე იყო. მისი განდევნის შემდეგ სამეფო ტახტზე ავიდა ადგილ. წარმოშობის პირი („მცხეთის მამასახლისების" საგვარეულოს წევრი) ფარნავაზ I. იგი ი-ის მეფეთა ახ. დინასტიის – ფარნავაზიანების – ფუძემდებელი გახდა. ფარნავაზისა და მისი უახლოესი მემკვიდრეების დროს (ძვ. წ. III ს.) ი. საკმაოდ გაძლიერდა და ვრცელი სახელმწიფო გახდა. შიდა ქართლის, კახეთისა და მესხეთის გარდა მასში შედიოდა დას. საქართველოს ნაწილი (არგვეთი, აჭარა). მის შემადგენლობაში ივარაუდება ისტ. ოლქები – გოგარენე, ხორძენე და პარიადრის მთის კალთები. ი-ის სამეფოს ძალაუფლება აგრეთვე აღმ. საქართველოს მთიანეთზე და დას. საქართველოს გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდა. ქართ. ისტ. ტრადიცია უკვე ფარნავაზის ხანას მიაწერს სამეფოს დაყოფას 7 საერისთავოდ: 1. არგვეთი, 2. კახეთი და კუხეთი, 3. გარდაბანი, 4. ტაშირი და აბოცი, 5. ჯავახეთი, კოლა და არტაანი, 6. სამცხე და აჭარა, 7. კლარჯეთი. ცალკე ერთეულს ქმნიდა შიდა ქართლი, რ-იც სპასპეტის საგამგებლოს წარმოადგენდა. ამ ტრადიციის თანახმად, ფარნავაზის სუვერენობას აღიარებდა ეგრისიც.
ქართული წერილობითი ტრადიცია ფარნავაზს ქართული მწიგნობრობის შექმნას მიაწერს, რასაც ზოგი მეცნიერი დამწერლობის შექმნად მიიჩნევს, ზოგისთვის კი ეს არსებული მწიგნობრობის რეფორმას გულისხმობს (იხ. ქართული დამწერლობა).
ი-ის დედაქალაქი მცხეთა სხვადასხვა მხრიდან მომავალი გზის გადაკვეთის ადგილას მდებარეობდა. აქ თავს იყრიდა ალბანეთიდან, სომხეთიდან, კოლხეთიდან, ჩრდ. კავკასიიდან მომავალი გზები. მცხეთაზე გადიოდა დიდი საერთაშ. სატრანზიტო-სავაჭრო გზა, რ-იც ინდოეთიდან მოდიოდა და კოლხეთის შავიზღვისპირა ქალაქებისაკენ მიემართებოდა (იხ. აბრეშუმის დიდი გზა). მტკვრის ხეობაში, მცხეთის გარდა, იყო ი-ის მნიშვნელოვანი ცენტრები – უფლისციხე, წუნდა, ოძრ(ა)ხე და სხვ. სტრაბონის ცნობით, ელინისტური ხანის ი. წარმოადგენდა ქალაქებითა და დაბებით მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას, სადაც იყო კრამიტისსახურავიანი და ხუროთმოძღვრების წესით ნაგები სახლები, აბანოები, ბაზრები და სხვა საზ. შენობები. ი-ის ქალაქებში იყო სავაჭრო-სახელოსნო უბნები, ხშირად – უცხო ტომის ხალხით დასახლებული. მაგ., მცხეთაში უკვე კარგა ხნით ადრე არსებობდა ებრ. დასახლება. ი-ის სამეფოში დაწინაურებული იყო სამშენებლო საქმე. აიგო ციხესიმაგრეები: არმაზციხე, ზადენციხე (სევსამორა), კახეთში – ნეკრესი; აშენდა მცხეთა და სხვ., აღიმართა უზენაეს ღვთაებათა კერპები (არმაზის, ზადენის, აინინასი და დანინასი) და სხვ.
ელინისტური ხანის ი. ადრეკლასობრივი წინაფეოდ. სახელმწიფო იყო. სტრაბონი მიუთითებს იბერიის მთისა და ბარის მოსახლეობაში არსებულ განსხვავებაზე. მისი ცნობით, ბარში უფრო მშვიდობიანი, მიწათმოქმედი, ხოლო მთაში კი მეომარი ხალხი ცხოვრობდა; სტრაბონი ი-ის საზოგადოებაში ოთხ სოციალურ ფენას ასახელებს: 1. ისინი, ვისგანაც სვამენ მეფეებს, 2. ქურუმები, 3. მიწათმოქმედნი და მეომარნი, 4. ხალხი (ლაოი) – სამეფო მონები. მატერ. დოვლათის მწარმოებელ ძირითად მასას წარმოადგენდნენ თავისუფალი მეთემენი – მიწათმოქმედნი და მეომარნი. დამორჩილებულ სამიწათმოქმედო თემებს ძირითადად სამეფო საგვარეულო უწევდა ექსპლუატაციას. პრივილეგიურ თემებს წარმოადგენდნენ აგრეთვე სამხ.-სამოხელეო არისტოკრატია და ქურუმობა. მთის მოსახლეობა სამეურნეო საქმიანობით, ჩაცმადახურვის წესითა და ზნე-ჩვეულებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ბარის მოსახლეობისაგან, თუმცა ი-ის სახელმწიფო სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.
ძვ. წ. II და I ს. I ნახ-ში ი. დასუსტდა და გაძლიერებულ სომხ. სამეფოებთან ბრძოლაში ზოგი ტერიტ. (სტრაბონის ცნობით, გოგარენე, ხორძენე და პარიადრის მთის კალთები) დაკარგა. ძვ. წ. 65 ი. დალაშქრა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა. მიუხედავად ენერგიული წინააღმდეგობისა, ი-ის მეფე არტაგი ბოლოს და ბოლოს დამორჩილდა რომაელებს.
მალე ი. განთავისუფლდა რომზე დამოკიდებულებისგან. რომსა და ი-ს შორის დამყარდა მოკავშირეობითი ურთიერთობა. ახ. წ. I–II სს-ში კი ი. კვლავ გაძლიერდა და ხშირად რომს მეტოქეობასაც უწევდა ამიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში. ი-ის გაძლიერებას ხელი შეუწყო კავკასიონის გადმოსასვლელებზე კონტროლის დაწესებამ და საგარეო ლაშქრობებში „კავკასიანებისა" და, უფრო გვიან, იმიერკავკასიაში შემოსული მომთაბარე ტომების გამოყენებამ. I ს. 30–50-იან წლებში (მეფე ფარსმან I-ისა და მისი ვაჟის – რადამისტის დროს) ი-მ მოახერხა მთლიანად დაებრუნებინა ადრე სომხეთის მიერ ჩამორთმეული მიწები – აქ გამეფდა ფარსმან I-ის ვაჟი მითრიდატე II და ი. მცირე ხნით მთელ სომხეთსაც დაეუფლა.
I ს. II ნახ-ში ი-მ ძირითადად შეინარჩუნა რომთან მეგობრული ურთიერთობა, რასაც ადასტურებს მცხეთის გარეუბანში 1867 ნაპოვნი წარწერიანი ქვა (ახ. წ. 75), რ-ის თანახმადაც, აქ არსებული თავდაცვითი სისტემა განამტკიცა იმპ. ვესპასიანემ (69–79). 1996 ბაგინეთში აღმოჩნდა თეთრი კირქვისგან დამზადებული ოთხკუთხა ფორმის მონოლითური კვარცხლბეკი, რ-იც ი-ის მეფეთა სასახლის კომპლექსში შემავალ ა. წ. I ს. წარმართული ტაძრის ცენტრში იდგა. სავარაუდოდ, მასზე რომის ერთ-ერთი იმპერატორის ქანდაკება უნდა ყოფილიყო აღმართული. II ს. 30–50-იან წლებში, ფარსმან II-ის დროს, როცა ი. თავისი ძლიერების მწვერვალზე იყო, ი-ის ტერიტორიამ შავ ზღვას მიაღწია და რომაელთა სამფლობელოების ნაწილი შეიერთა, რის გამოც რომთან დაძაბულობამ იჩინა თავი. ფარსმან II-მ მრავალგზის შეუთვალა უარი იმპ. ადრიანეს (117–138) მიწვევაზე და მხოლოდ მისი მემკვიდრის – ანტონინუს პიუსის (138–161) დროს მოინახულა რომი მეუღლით, ვაჟიშვილით და წარჩინებულთა დიდი ამალით. რომაელები მოუხიბლავს იბერთა სამხ. ვარჯიშს. იმპერატორს დედაქალაქში (ქალღმერთ ბელონას ტაძარში) დაუდგამს ცხენზე მჯდომი ფარსმანის ქანდაკება, აგრეთვე „გაუფართოებია ფარსმანის სამეფო", ე. ი. უცვნია ი-ის ფართოდ გაწეული საზღვრები (იხ. რომის სახელმწიფო და საქართველო).
ახ. წ. I–II სს-ში ი. წარმატებით ებრძოდა პართიასაც. III ს. 20-იანი წლებიდან საგარეო ვითარება არსებითად შეიცვალა. პართიის სახელმწიფოში შემავალი ფარსის მფლობელმა არდაშირ პაპაკანის ძემ 224 პართიის მეფე არტაბან V დაამარცხა და სასანიანთა იმპერიის შექმნას დაუდო საფუძველი. ამიერკავკასიის ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლა არდაშირ I-ის ძემ შაბურ I-მა (241–272) დაიწყო. 260 ამოკვეთილ „ზოროასტრის ქააბას“ წარწერაში ი-ის მეფე ამაზასპი ირანის დიდებულთა შორის მეოთხე ადგილზე იხსენიება. იმავე პერიოდიდან რომის იმპერია აღმოსავლეთში თავის საზღვრებს აფართოებდა, რის გამოც ი-ის შიდაპოლიტიკური ვითარება და საგარეო კურსი ბევრად იყო დამოკიდებული ამ ძლიერ მეზობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე. რომის იმპერიის აღმოსავლური პოლიტიკის გააქტიურებამ III ს. დასასრულს შედეგი გამოიღო, 298 ქ. ნისიბისში რომსა და ირანს შორის დადებული ზავით ი-ზე 40 წლით რომის პროტექტორატი დამყარდა.
პროტექტორატის ხანაში მოხდა არსებითი გარდატეხა როგორც ი-ის, ისე სომხეთისა და ეგრისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დაახლ. 318 ამ ქვეყნებში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. პროტექტორატის ვადის გასვლისთანავე (338) მეფე მირიანის (იხ. მირიან III) ძეთა შორის ტახტისათვის დაწყებულ დაპირისპირებაში ირანი და რომი ჩაებნენ, რაც 369 მათ შორის ი-ის გაყოფითა (საზღვრად მდინარე მტკვარი დაიდო) და ფარნავაზიანთა სამეფო სახლში ბაქარიანთა (მეფობდნენ ირანის გავლენის სფეროში მოქცეულ ი-ის ნაწილში) და რევიანთა (მეფობდნენ რომის, შემდგომ ბიზანტიის გავლენის სფეროში მოქცეულ ი-ში) შტოების წარმოქმნით დასრულდა. ვახტანგ I გორგასლის „ცხოვრების“ ავტორი ჯუანშერი V ს. ამბების გადმოცემისას „მირიანიდან ვახტანგამდე“ მიუთითებს 157 წლის გასვლას, ათი მეფისა“ და „რვა ნათესავის“ (იგულისხმებიან რევიანი მეფეები) გარდაცვალებას.
ირანისა და რომის (შემდეგში ბიზანტიის) მბრძანებლები განსაკუთრებულ ინტერესს ჩრდ. კავკასიიდან ამიერკავკასიაში გადმომავალი დარიალისა და დარუბანდის ზეკარებისადმი იჩენდნენ. მათზე კონტროლის დაწესება ჩრდ. კავკასიის მიმდებარე ველებზე ოსური და ჰუნურ-თურქული გაერთიანებების შექმნის შემდეგ უფრო აქტიური გახდა. კავკასიონის ზეკარების ჩაკეტვის აუცილებლობამ გავლენა იქონია აღმ. ამიერკავკასიაში სასანიანთა მიერ შექმნილ მმართველობის სისტემაზე. სასანიანებმა თავიანთ გავლენაში მოქცეულ ი-ში თავისი მოხელე (ქრამ ხუარ ბორზარდი) ჯერ კიდევ IV ს. შუახანებში დასვეს, V ს. დამდეგიდან კი ი-ის ირანული ნაწილი ალბანეთის ქ. ბარდაში მჯდომ ირანელ მოხელეს – მარზაპანს დაუქვემდებარეს. ამ სახელოს ირანის ცნობილი მიჰრან-გუშნასპთა საგვარეულოს წარმომადგენლები მემკვიდრეობით ფლობდნენ. ი-ის მთლიანობა 439 აღდგა, ქვეყანა ირანის გავლენის სფეროში მოექცა. ი-მ განსაკუთრებულ სიძლიერეს ვახტანგ გორგასლის ზეობაში მიაღწია. მისი მმართველობისას, როგორც წყაროშია ნათქვამი, მოქცევიდან 170 წლისთავზე (ე. ი. 488) ი-ის ქართულმა ეკლესიამ ანტიოქიის საპატრიარქოსაგან ავტოკეფალია მოიპოვა; ვახტანგ მეფემ გაატარა საეკლ. რეფორმა, დაიწყო მზადება დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადასატანად. V ს. ი-ში სასანიანთა რელიგიური პოლიტიკის გამო „წვრილი ერიდან“ მრავალი „მიქცეული იყო ცეცხლმსახურებაზე“, ამიტომ ვახტანგ გორგასალმა ქვეყნიდან განდევნა ცეცხლმსახურნი და „წესის შემშლელი ეპისკოპოსები“. ირანის ხელისუფლებამ ვახტანგ მეფეს პრობიზანტიური ორიენტაცია არ აპატია. 491 გაზაფხულზე „იორსა ზედა“ ირანელებთან ბრძოლაში ვახტანგ მეფე მძიმედ დაიჭრა და უჯარმაში გარდაიცვალა. ვახტანგ გორგასლის მემკვიდრეები იძულებული შეიქნენ ირანელთა ბატონობას შერიგებოდნენ. ქვეყნისათვის, სადაც უცხოელთა ბატონობის გამო შერყეული იყო ქრისტიანობა, მნიშვნელოვანი იყო ჩრდ. შუამდინარეთიდან ასურელი მამების მოსვლა. ქართული ეკლესიის მიერ „განმანათლებლად“ და „სჯულის გამწმენდად“ მიჩნეულმა ასურელმა მამებმა, რ-ებიც, მკვლევართა დიდი ნაწილის მტკიცებით, წარმომავლობით ქართველები იყვნენ, ი-ში სამონასტრო მშენებლობას და მონაზვნურ ცხოვრებას დაუდეს საფუძველი. დაახლ. 537 სასანიანებმა ი-ში მეფობა გააუქმეს. მეფე ბაკურ ფარნავაზიანის (იხ. ბაკურ V) შვილებმა კახეთის მთიულეთს შეაფარეს თავი. ქვეყნის მართვა-გამგეობა ირანელი მარზპანის ხელში გადავიდა. IV–V სს-ებში რევიანების შტოდან გამოსული მოღვაწეებიდან აღსანიშნავია თრდატ რევის ძე, ბაკურ იბერიელი, პეტრე იბერი; ბაქარიანთა შტოდან – ფარსმან ვარაზ-ბაკურის ძე, ვახტანგ გორგასალი და სხვ.
I–III სს-ში ი-ში მიმდინარეობდა საზ-ბის მკვეთრი ქონებრივი და სოც. დიფერენციაცია. თავისუფალ მეთემეთა ერთმა ნაწილმა დაკარგა საკუთრება და დაქვემდებარებული თემების წევრებს („გლეხებს") შეერწყა, ანდა „ტაძრეულთა" (სამეფო მიწების პირობით მფლობელობაში მქონე მიწისმოქმედთა) ფენა შექმნა; მეორე ნაწილი კი აღზევდა და სამხ.სამოხელეო არისტოკრატიასთან ერთად „ერისაგან" გამოყოფილ „აზნაურთა" წრე შექმნა. სამეფო სახლის წევრები სეფეწულთა უმაღლეს ფენას წარმოადგენდნენ. ამ დროს განუყოფლად ბატონობდა სამეფო ტახტის მამიდან შვილზე გადასვლის წესი. დიდი რაოდენობით მიწას ფლობდნენ წარმართული ტაძრებიც, რ-ებიც ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწ. რელიგიად გამოცხადების შემდგომ თანდათან განადგურდნენ.
ი-ის კულტურა უცხო (ბერძნ.რომაული, ირან. და სხვ.) ელემენტებთან ერთად შეიცავს მძლავრ ორიგინ. ნაკადს.
ანტ. ხანის ი-ის კულტურის შესასწავლად მნიშვნელოვანი მასალაა მოპოვებული მცხეთასა და მის მიდამოებში, კლდეეთში, უფლისციხეში და სხვ. ჩატარებული არქეოლ. გათხრებით აღმოჩნდა ოქრომჭედლობისა და მხატვრული ხელოსნობის მრავალი შესანიშნავი ნივთი, დიდძალი კერამ. და ლითონის ინვენტარი, მოზაიკისა და სკულპტურის ნიმუშები. ნაპოვნია ბერძნ. და არამეული წარწერები, აღმოჩნდა არქიტექტურის ძეგლები – სასახლეებისა და ტაძრების, აბანოებისა და საწარმოო კერების ნაშთები, დიდძალი ნუმიზმატიკური მასალა. ი-ში ჭრიდნენ ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტის მინაბაძებს, რაც მსოფლიო ბაზარზე ი-ის აქტ. მონაწილეობით იყო გამოწვეული. ი-ის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უცხო ქვეყნებში მოჭრილი ელინისტური ხანის მონეტებიც.
მნიშვნელოვანი არქეოლ. გათხრები ჩატარდა დედოფლის მინდორზე (ქარელის მუნიციპალიტეტი), ნასტაგისში (მცხეთის მუნიციპალიტეტი), ნეკრესში (ყვარლის მუნიციპალიტეტი) და სხვ. ნეკრესში გაითხარა II–IV სს. ცეცხლის ტაძარი, ანტ. ხანის ქალაქის ზღუდის ნაწილი: IV–VI სს. ნაგებობის ნაშთები (სასახლე, მარანი), VI ს. ეკლესია და სხვ. აღმოჩენათა შორის მეტად მნიშვნელოვანია IV– VI სს-ით დათარიღებული არქიტ. ნაგებობის კედლებში მეორეული გამოყენებით ჩატანებული ქვის ფილები და ერთი საფლავის ქვა უძველესი ქართული წარწერებით.
ლიტ.: ა ფ ა ქ ი ძ ე ა., ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, [წგ.] 1, თბ., 1963; გოილაძე ვ., ამიერკავკასიაში სასანიანთა მმართველობის ასახვა ქართულ საისტორიო ტრადიციაში. «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1982, №2; მ ი ს ი ვ ე, ფარნაზავიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ., 1990; მ ი ს ი ვ ე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბ., 1991; მ ი ს ი ვ ე, ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბ., 1991; ლომთათიძე გ., კლდეეთის სამაროვანი ახ. წ. II საუკუნისა, თბ., 1957; ლ ო მ ო უ რ ი ნ., დასავლეთ საქართველო რომის პოლიტიკურ სისტემაში ა. წ. I–III სს-ში, «ქართული დიპლომატია». წელიწდეული, 6, თბ., 1999; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე გ., ნ ო ნ ე შ ვ ი ლ ი ა., ქართლის (იბერიის) სამეფო და რომის იმპერია I–III საუკუნეებში, ივანე ჯავახიშვილი – 140, „მარადისობის გზა“, თბ., 2017; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე ო., ანტიკური სამყარო და ქართლის სამეფო (იბერია), თბ., 1968; მცხეთა, [ტ.] 1 – არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937 – 1946 წწ. განათხარის მიხედვით, თბ., 1955; საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ქ ა ვ თ ა რ ი ა გ., ფარნავაზი, თბ., 1999; მ ი ს ი ვ ე, აზონი, თბ., 2000; შ ო შ ი ტ ა შ ვ ი ლ ი ნ., რომი და საქართველო (საქართველოს ილუსტრირებული ისტორია), თბ., 2016; წ ე რ ე თ ე ლ ი გ., არმაზის ბილინგვა, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13; ჭ ი ლ ა შ ვ ი ლ ი ლ., ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები, თბ., 2004; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1960; ჯ ა ნ ა შ ი ა ს., შრომები, [ტ.] 1 – 2, თბ., 1943 –52.
გ. მელიქიშვილი
ვ. გოილაძე