იაკობაშვილი ნიკოლოზ ზოსიმეს ძე

ნ. იაკობაშვილი

იაკობაშვილი ნიკოლოზ ზოსიმეს ძე [3 (16). XII. 1914, სოფ. ჩიხა, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, – 23. VI. 1989, თბილისი], კვების მრეწველობის დარგის სპეციალისტი, საქართველოში ეთეროვანი ზეთების კვლევის ფუძემდებელი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1986), საქართვ. დამს. ინჟინერი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1988). 1938 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ტექნოლოგიური ფაკ-ტი. 1943–46 მუშაობდა კვების მრეწველობის სამინისტროს ტრესტ „საქეთერზეთში" მთ. ინჟინრად, 1946–59 – მმართველად. 1959–70 იყო „საქცხიმეთერზეთის" მმართველი, 1970-იდან საქართვ. კვების მრეწველობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ხელმძღვანელობდა ეთერზეთების მრეწველობის განყ-ბას.

ი-ის შრომები ეძღვნება ეთერზეთოვანი კულტურების ნედლეულის ბიოქიმიურ და ტექნოლ. შესწავლას, ნედლეულის კომპლექსური გადამუშავების ტექნოლოგიას და გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების გამოყენებას. მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით თბილისში 1968 ჩატარდა ეთეროვანი ზეთების მრეწველობის სპეციალისტთა IV მსოფლიო კონგრესი. იყო მრავალი საერთაშ. კონკურსისა და სიმპოზიუმის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ეთეროვანი ზეთების წარმოების ტექნოლოგია, თბ., 1951; ეთერზეთოვანი კულტურებისა და ზეთების წარმოება საქართველოში, თბ., 1982; Эфиромасличная промышленность ГССР Тб., 1967 (თანაავტ. Г. А. Топадзе).