იაკობიძე დავით ალექსანდრეს ძე

დ. იაკობიძე

იაკობიძე დავით ალექსანდრეს ძე (დ. 1. IV. 1946, დაბა საჩხერე, ახლანდ. ქალაქი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. კანდიდატი (1976), პროფესორი (2013), ქ. ჭიათურის საპატიო მოქალაქე (2014).

დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1968). იყო საქართვ. ეკონ. და მართვის ინ-ტში ფინანსებისა და ფასწარმოქმნის განყ-ბის გამგე (1978–82), საქართვ. სახალხო მეურნეობის მართვის ინ-ტის პოლიტ. ეკონომიის კათედრის გამგე (1982–89), სახალხო მეურნეობის დაგეგმვისა და მართვის ინ-ტის საბაზრო ეკონ. განყ-ბის გამგე (1989–91), საქართვ. ფინანსთა მინისტრი (1993–97). 2000–01 ხელმძღვანელობდა ადამიანის განვითარების პირობების შემსწავლელ სამეცნ. ცენტრს, 2001–03 მუშაობდა საქართვ. პრეზიდენტის კანცელარიაში მრჩევლად, 2006-იდან არის თსუ-ის, ხოლო 2013-იდან საქართვ. ტექ. უნ-ტის პროფესორი.

ი. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა (მ. შ. მონოგრაფიების) და პუბლიც. წერილებისა. მისი სამეცნ. შრომები ეხება საქართვ. ეკონ. განვითარების საკითხებს გლობალიზაციის პირობებში, მისი ფუნქციონირების მაკროეკონომიკურ ამოცანებს და მათი გადაწყვეტის სპეციფ. მექანიზმს.

ი. 1994–97 მონაწილეობას იღებდა საქართვ. პირველი სახელმწ. ბიუჯეტის ფორმირებაში, ეროვნ. ფულადი ერთეულის – ლარის გამოშვებაში, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებაში, ერთიანი საერთაშ. სტანდარტების დანერგვაში, ეროვნ. ხაზინისა და ზარაფხანის შექმნაში და სხვ. მისი ხელმოწერაა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ეროვნ. ვალუტაზე – ლარზე.

თხზ.: საქართველო და მსოფლიო ფინანსური კრიზისი, თბ., 2009; გლობალური დინამიზმის ქართული სინამდვილე, თბ., 2011.