იაკოვენკო ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (13. XII. 1919, კრასნოდარი, – 1992), ფერმწერი. საქართველოს და აჭარის არ-ის დამს. მხატვარი. 1921-იდან ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმში.
სწავლობდა ლენინგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტ. ინ-ტში (2 კურსი, 1941).
ი-ს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ომის თემას, ასევე ყოველდღიურობას, საბჭოთა ხალხის შრომას („დასვენების წუთები", „ჩაის პლანტაციები", ორივე XX ს. 60-იანი წლები; „პორტი", 1978). ამავე დროს მუშაობდა პორტრეტისა და პეიზაჟის ჟანრში („ივანე ფრანკო", 1958; „ავტოპორტრეტი", XX ს. 60-იანი წლები; „წვიმის შემდეგ", 1967; „მთები", 1979).
მას გარკვეული წვლილი მიუძღვის აჭარის სამხატვრო სკოლის ჩამოყალიბებაში. ი-ს ნამუშევრები ინახება აჭარის ხ. ახვლედიანის სახ. მუზეუმში.
ლიტ.: ჯანბერიძე გ., აჭარის სახვითი ხელოვნება, ბათ., 2013–14; Русские художники Грузии. XX век Тб., 2007.