იალბუზი

იალბუზი

იალბუზი, კავკასიონის ქედის უმა­ღ­ლესი მწვერვალი. მდება­რეობს ყაბარდო-ბალყარეთის (რფ) ტერიტორიაზე (1944–55 ი. საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული). მთის მასივი აღ­მარ­თულია კავკასიონის ­გვერდით ქედზე და წარმოადგენს უმთავრესად ანდეზი­ტებით აგებული ჩამქრალი ვულკანის ორმწვერვალიან ­კონუსს. დას. მწვერვალის სიმა­ღლეა 5642 მ, აღმ-ისა – 5621 მ. გამყინვარების საერთო ფართ. – დაახლ. 134 კმ². დიდი მყინვარებია: აზაუ, ირიკი, ტერსკოლი.

ი-ს ყაბარდოელები უწოდებენ „ოშხო-მახოს", ბალყარები –„მინგითაუს", ჩერქეზები –„აშ-გა­მახოს". მისი სპარს. სა­ხე­ლია „ელბოროსი", საიდანაც დამკვიდრ­და ქართ. იალბუზი და რუს. ელბრუსი.

ვახუშტი ბატონი­შვილი (XVIII ს.) თავის შრომაში „აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა" მას „იალბუზად" მოიხსენიებს და „კავ­კასთა­გან უმაღლესად მჩენარეს", „ქარ­მყინვარეს" და „მარადის მყინვარეს" უწოდებს.

ი-ის აღმ. მწვერვალზე 1829 წ. 10 ივლისს ავიდა ყაბარდოელი ქილარ ხაშიროვი – კავკასიის გამაგრებული ხაზის გენერლის, გ. ა. ემანუელის მეთაურობით ჩატარებული საერთაშ. სამეცნ. ექსპედიციის ერთ-ერთი გამყოლი. ევრ. წყა­როებში ქ. ხაშიროვის ასვლა საეჭვოდ არის მიჩნეული. პირველ ამსვლელებად სახელდებიან ინგლ. ექსპედიციის წევრები, რ-ებიც ი-ზე ავიდნენ 1868 (ხელმძღვ. დ. ფრეშფილდი).

1874 წ. 28 ივლისს ი-ის დას. მწვერვალზე ავიდა ბალყარელი გამყოლი ა. სოტაევი ინგლ. ექსპედიციის წევრებთან ერთად (ხელმძღვ. ფ. გროვი).

1890 ი-ის დას. მწვერვალზე, 1896 კი აღმ. მწვერვალზე ავიდა რუსი ტოპოგრაფი და მთამსვლელი ა. ვ. პასტუხოვი და საფუძველი დაუდო ი-ის შესწავლას.

1925 წ. 12 ივლისს ი-ის აღმ. მწვერვალზე „11-ის თავშესაფრიდან" ავიდნენ სა­ქართვ. გეოგრ. საზ-ბის მთასვლა-მგზავროსნობის ­განყ-ბის მიერ ორგანიზებული ექსპედიციის წევრები გ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. ექსპედიციას ახლდნენ გამყოლები გ. წიკლაური და ი. კაზალიკა­შვილი. ასვლაში მონაწილეობდა 19 მთამსვლელი, მათგან – 5 ქალი (მ. ბეჟანი­შვილი, ე. ლორთქიფანიძე, ა. ნიკოლაი­­შვილი, მ. ტყავაძე, ლ. ჩხეიძე). ხელმძღვანელის თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა ს. ჯაფარიძე.

1927 წ. 15 აგვისტოს ი-ის დას. მწვერვალი სამხრ.-აღმ-იდან, უნა­გი­­ რას გავლით დალაშქრეს მთა­მსვლელებმა ს. ჯაფარიძემ (ხელმძღვ.), დ. და შ. მიქელაძეებ­მა და ი. ფროლოვმა.

1943 წ. 13 და 17 თებერვალს ალპინისტურმა რაზმმა, რ-შიც შედიოდნენ ქართვ. მთამსვლელებიც (ბ. ხერგიანი, გ. ხერგიანი, გ. სულაქველიძე და სხვ.) ი-ის ორივე მწვერვალიდან ჩამოხსნა გერმანელ ფაშისტთა მიერ აღმართული სვასტიკიანი დროშები და საბჭოთა დროშები აღმართა.

ი. და მისი მიდამოები სამთო-სათხილამურო სპორტის და ტურიზმის ცენტრია.

ლიტ.: კავკასიონზე. კრ., შემდგ. დ. ფურცელაძე, რედ. ნ. კეცხოველი, თბ., 1959; ბ ე რ ი ­შ ვ ი ლ ი  ე., სპორტის ენციკლოპედია, თბ., 2006; БСЭ, т. 30, М., 1978; К у д и н о в  В. Ф., Эльбрусская летопись, Ставрополь, 1969.

ე. ლოლუა

მ. უთმელიძე