იარაღი

იარაღი

იარაღი, რაიმე სამუშაოს შესასრულებლად საჭირო საგანი ან მოწყობილობა: 1. (ს ა მ ხ ე დ რ ო), შეიარაღებულ ბრძოლაში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მისი ტექნიკის და ნაგებობების გასანადგურებელი მოწყობილობებისა და საშუალებების საერთო სახელწოდება.

ი-ის განვითარება წარმოების წესზე, განსაკუთრებით კი საწარმოო ძალთა განვითარების დონეზეა დამოკიდებული. ი-ის ახალ სახეობათა შექმნა იწვევს მნიშვნე­ლოვან, ზოგჯერ, ძირეულ ცვლი­ლე­ბებს ბრძოლის ხერხებსა და ფორმებში, აგრეთვე ჯარის ორგანი­ზაციაში. თავის მხრივ, იგი ვი­თარდება სამხ. ხელოვნების ზე­გავლენით. ი. გაჩნდა კაცობრიობის განვითარების ადრეულ ეტაპზე, როგორც ნადირობისა და თავდაცვის საშუალება. პირველ ი-ს – კეტს ან კომბალს, მათ სახესხვაობებს – ბუმერანგს, აგრეთვე პირიან ხის შუბს, შურდულსა და ბოლას (ქამანდის სახესხვაობა) პალეოლითის ეპოქაში იყენებდნენ. პალეოლითის დასასრულს შუბსატყორცნი გამოჩნდა, მეზოლითის ეპოქაში – მშვილდ-ისარი, ნეოლითის ეპოქაში ჩნდება ი-ის ახ. სახეობანი – ქვის ცული, ლახტი და სატევარი (ხანჯალი).

ი-ის შემდგომმა განვითარებამ გამოიწვია დამცავი ­შეიარაღების შექმნა, ლითონის (ბრინჯაო, რკინა) გამოყენებამ შეცვალა ი-ის სახეობები. დაიწყო სპეციალიზებული სამხ. ი-ის – მახვილების, ჩუგლუგების (თოხ-ნაჯახების), შუბებისა და სხვ. – დამზადება. ძვ. აღმოსავლეთის, განსაკუთრებით საბერძნეთისა და რომის არმიებში, აგრეთვე ქართულ ლაშქარში იყენებდნენ მძიმე ლოდსატყორცნ მანქანებს („მეფემან ბაგრატ... მოადგა ქალაქსა შანქორს, დაუდგნა ფილაკავანნი", მატიანე ქართლისა). დენთის გამოგონების შემდეგ გაჩნდა ცეცხლსასროლი ი., რ-ის პირველ ნიმუშებს (მოდფა) არაბები XII–XIII სს-ში იყენებდნენ. იმდროინდელი ქვემეხებით ქვის ბირთვებს ისროდნენ. პირველი ხელის ცეცხლსასროლი იარაღი იყო პიშჩალი (რუს.), პერტინალი (ფრანგ.), ფილთამეხი (ქართ.).

XV ს-ში გაჩნდა ხელის ცეცხლსასროლი ი. – არკებუზი. XV–XVI სს-ში დაიწყეს თუჯისა და ბრინჯაოს ლულიანი ქვემეხის დამზადება, რ-ითაც თუჯისა და ბრინჯაოს ბირთვებს ისროდნენ. მარცვლოვანმა დენთმა გაამარტი­ვა ი-ის დატენა და გაზარდა სროლის სისწრაფე. XVI ს-ში ფითილიანი საკეტის, სასხლეტი კაუჭისა და ჩახმახის გამოგონების შემდეგ შექმნეს უფრო სრულყოფილი თოფი – მუშკეტი, აგრეთვე დამბაჩა. XVII ს-ში თოფს ხიშტი დაემატა (ხიშტი – პირგრძელი ლახვარი, ს.-ს. ორბელიანი). ამავე საუკუნეში გამოჩნდა ­ლულიდან დასატენი კაჟიანი თოფი და ხრახნილ-ლულიანი შორსმსროლი ქვემეხი. XIX ს. შუახანებში არმია და ფლოტი შეიარაღდა სახაზინო ნაწი­ლიდან დასატენი ქვემეხებით, სავაზნეკოლოფიანი შაშხანებით, კარაბინებით, ნაღმებით. ი-ის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია ავტომ. ი-ის (ავტომ. ზარბაზანი, ტყვიამფრქვევი და სხვ.) შექმნა (XIX ს. მიწურული), რ-ის სწრაფი გავრცელება უკვამლო დენთის გამოგონებასთან არის დაკავშირებული.

I მსოფლიო ომში (1914–18) ავიაციისა და ტანკების გამოყენებას მოჰყვა მათი შეიარაღების განვითარება (საავიაციო და სატანკო ტყვიამფრქვევები, ქვემეხები, საავიაციო ბომბები), წყალქვეშა ნავების გამოყენებას კი – საზღვ. ფლოტის შეაიარაღება ტორპედოებით, სიღრმული ბომბებით, ნავსაწინაღო ჭურვებით, საზღვ. ავიაცია აღიჭურვა საავიაციო ბომბებითა და ტორპედოებით.

არსებობს მასობრივი განადგურების ი. (მგი) – ქიმიური, ბაქტერიოლოგიური და ბირთვული – და ჩვეულებრივ ი. ცეცხლსასროლი (პისტოლეტები, პისტოლეტტყვიამფრქვევები, ავტომ. შაშხანები, ხელის, დაზგისა და მსხვილკა­ლიბრიანი ტყვიამფრქვევები, ხე­ლის ყუმბარმტყორცნები და ხელ­ყუმბარები), ­საარტილერიო (სხვა­დასხვა ტიპის ქვემეხი, ნაღმსა­ტყორცნი, მცირეკალიბრიანი ავ­ტომ. საზენიტო ზარბაზანი, სახომალდე არტილერია, სატანკო ზარ­ბაზნები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები), სანაღმო (ტანკებისა და ქვეითთა საწინააღმდეგო და საზღვაო ნაღმები), სატორპედო (სხვადასხვა ტიპის ტორპედოები), რაკეტული (ტანკსაწინააღმდეგო მართული, ტაქტიკური, ტაქტიკურ-ოპერატიული, სტრატეგიული და საზენიტო მართული, ბირთვული საბრძოლო ნაწილის მქონე) და ცივი ი.

შორეულ აღმოსავლეთში (იაპონელები, კორეელები, ჩინელები), ასევე ტროპიკული სარტყელის ტყეებში მცხოვრები ხალხები (ინდიელები, აფრიკელები) სანადიროდ, საბრძოლველად და მოწინააღმდეგის გასანადგურებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ ბუნებრივ და ხელოვნურად შექმნილ შხამებს, რ-ებიც გავრცელებული იყო ძვ. მსოფლიოში (ეგვიპტე, საბერძნეთი, რომის იმპერია, პონტოს სამეფო), ასევე შუა საუკუნეებში. 1915 გერმანე­ლებმა პირველად გამოიყენეს ქიმ. ი. (1915 – ქლორი, 1916 – ფოსგენი, 1917 – იპრიტი და შხამიანი კვამლი). II მსოფლიო ომის (1939–45) პერიოდში ქიმ. ი-ს გამოყენებისგან ყველა მხარემ თავი შეიკავა [ქიმ. ი-ის განთავსების, წარმოების, შენახვის, გადაცემის, გამოყენების აკრძალვისა და მისი სრული განადგურების შესახებ პარიზის კონვენციის (1992) ხელმოწერის პროცესში მონაწილეობდა საქართვ. დელეგაციაც. ქიმ. ი-ის არსებული მარაგი უნდა განადგურებულიყო 1995-იდან].

უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა ბიოლოგიური მოქმედების ი., პირველ რიგში, მძიმე ინფექციური დაავადებების გამომწვევი გადამტანები. ძვ. მსოფლიოში ალყაშემორტყმული სიმაგრეების წინააღმდეგ შხამიანი გველების, შავი ჭირისა და სხვ. დაავადებების გადამტანებს იყენებდნენ, ცნობები ძვ. წ. VI ს-ით თარიღდება. XX ს-ში კვლევები ბიოლოგიური (ბაქტერიოლოგიური) ი-ის შექმნაზე მიმდინარეობდა, რ-საც მოწინააღმდეგის ზურგში მოსახლეობის, ასევე საკვები და სას.სამეურნეო რესურსების გასანადგურებლად გამოიყენებდნენ. 1972 დაიდო ჟენევის კონვენცია „ბაქტერიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის დამუშავების, წარმოებისა და დაგროვების აკრძალვის და მათი მოსპობის შესახებ", რ-საც საქართველო 1996 შეუერთდა. მთავრობის მიერ შემუშავებულია განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმა (2014).

1945 აშშ-ის არმიამ გამოიყენა ი-ის ახ. სახეობა – ბირთვული ი. (დაიბომბა იაპონიის ქ-ები – ჰიროსიმა და ნაგასაკი). იგი შექმნეს აგრეთვე სსრკ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ჩინეთში, შემდგომში კი სხვა ქვეყნებშიც.

II მსოფლიო ომის მომდევნო პერიოდში სწრაფად განვითარდა სამიზნესთან მგი-ის მიტანის ახ. საშუალებები – ფრენის სხვადასხვა სიშორის მქონე რაკეტები, მ. შ. კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები. რაკეტების სასტარტო დანადგარების განთავსება ხდება მიწისქვეშა შახტებში (სტაციონარული ბაზირება) ან მობილურ საშუალებებზე – წყალქვეშა ნავებზე, საზღვაო ხომალდებზე (ავიამზიდები, კრეისერები, რაკეტული კატარღები და სხვ.), თვითმფრინავებზე, სპეც. საავტომობილო საშუალებებზე, რკინიგზის სპეც. მატარებლებში. შესაძლებელი გახდა ი-ის კოსმოსურ სივრცეში განთავსებაც. შეიქმნა რა­კეტები კასეტური საბრძოლო ნა­წილებით, თვითდამიზნებადი და მოძრავი სამიზნის მდევარი რაკეტები, მართვადი რეაქტიული ჭურვები და ნაღმები, ბრძოლის მოსამზადებელი, ცეცხლისა და ი-ის სამართავი ხელსაწყოები და მოწყობილობები (რადიოსალოკაციო სადგურები, ლაზერული მანძილმზომები და სამიზნეები, კერძოდ, ღამის ხედვის სამიზნე ხელსაწყოები და სხვ.); შემუშავდა ლაზერული და მძლავრი რენტგენული გამოსხივების მქონე ი., აკუსტიკური ზემოქმედების ი., რობოტიზებული და დისტანციურად მართვადი ი. (უპილოტო თვითმფრინავები, განნაღმვის, ბრძოლის ველიდან საევაკუაციო, ტვირთმზიდი, მცირეგაბარიტიანი სადაზვერვო, დივერსიული და სხვ. დანიშნულების რობოტები და მოწყობილობები) და ა. შ. ბირთვული საბრძოლო ნაწილის მქონე რაკეტები მიიჩნეოდა ისტორიაში პირველ ი-ად, რ-საც შეეძლო სტრატეგიული ამოცანების გადაწყ­ვეტა. გამოკვლევებმა და მოდელირებამ (იხ. სტ. იმიტაციური მოდელირება) სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ბირთვული ი-ის მასობრივი გამოყენება გამოიწვევს გლობალურ მრავალსაუკუნოვან ეკოლოგიურ კატასტროფას. ამან განაპირობა მგი-ის შემუშავების, გამოცდის, გამოყენების, გავრცელებისა და აკრძალვის საერთაშ. შეთანხმებების დადება.

XX ს. ბოლოს შეიქმნა და განვი­თარდა არალეტალური მოქმედების ი. როგორც ინდივიდ. მოხმარებისთვის, ასევე შინაგანი ჯარებისა და ანტიტერორისტული ქვედანაყოფებისათვის (ტრავმული მოქმედების, რეზინის ტყვიებიანი, ელექტროშოკური; ცრემლსადენი და სხვა გამაღიზიანებელი მოქმედების აირბალონები; ინფრააკუსტიკური, ფსიქოლოგიური მოქმედების და სხვ.); ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები (აირწინაღები, დამცავი კოსტიუმები და სხვ.), თავშესაფრები, შენიღბვის საშუალებები, ფარული თავდასხმის აღმოჩენისა და შეტყო­ბინების სისტემები; პარალელურად ვითარდება მოწინააღმდეგის დაცული ობიექტების გასანადგურებელი ი-ის სახეობები: ბეტონგამტანი და მიწისქვეშა ნაგებობების გამანადგურებელი; ზუსტი დამიზნების და „წერტილოვანი მოქმედების" ცეცხლსასროლი, ნაღმსატყორცნი და საავიაციო ი. და სხვ. ახალ სწრაფადგანვითარებად სახეობას წარმოადგენს რადიოელექტრონული და ინფორმატიკული ბრძოლის საშუალებები (კიბერ ი.), რ-იც არღვევს შესაძლო თუ რეალური მოწინააღმდეგის სამხ. და საწარმოო-სოც. პროცესების სამართავ კომპიუტერულ სისტემებს.

საქართველოში ­ტერმინი ი., როგორც თავდასხმის მოსაგერიებლად და ბრძოლის საწარმოებლად განკუთვნილი საომარი საშუალებების ზოგადი სახელწოდება, უკვე XV ს-იდან ჩნდება და თანაარსებობს აბჯართან ერთად. მომდევნო ხანებში ი. უკვე დამკვიდრებული სიტყვაა. ს.-ს. ორბელიანის განმარტებით „იარა­ღი... არს ჭურჭელნი ხელოვანთა სახმარნი რკინათა თუ ძელთაგან, მეომართა აღსაკაზმავი, გინა ცხენ­თა". საგულისხმოა, რომ თუ აბჯარში მოიაზრებოდა მხოლოდ საბრძოლო ი., თავად ი-ში შედი­ოდა აგრეთვე სახელოსნო ნივთებიც. საქართველოში, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ი-ის სრულ­ყოფაზე ოდითგან ზრუნავდნენ. ისტორიულად, საქართველოში დამზადებულ საჭურველს საუკეთესოდ მიიჩნევდნენ არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მაღალხარისხოვანი ფოლადისა და საჭურვლის დამზადების საიდუმლოებას სა­უკუნეების განმავლობაში ოსტატები თაობიდან თაობას გადასცემდნენ. საქართველოში ბო­ლო დრომდეა შემონახული ჯ ა ­ ვ ა რ დ ე ნ ი ს (ტალღოვანი ფოლადი) წარმოე­ბის საიდუმლოება და მისგან საბრძოლო ი-ის დამზადების ტექნიკაც.

ქართულ საჭურველს ორ ჯგუფად ყოფენ: თავდაცვითი და შესატევი ი. პირველს მიეკუთვნება თავსარქმელი, ჯაჭვი, ჯავშანი, ფარი და სხვ. მეორე ჯგუფშია: დასარტყმელი, საძგერებელი, საკვეთი, სატყორცნი და ცეცხლსაფრქვევი.

ისტ. წყაროები მიუთითებს, რომ ქართველი მეომრები სხვადასხვა სახის თავსარქმელს ხმარობდნენ: კონუსურ და სფეროკონუსურ მუზარადს, ჯაჭვით ნაქსოვ ჩაბალახს, ჩაჩქანს, რ-იც ჯამის ფორმის თავსარქმელისა და მასზე ჩამობმული ჯაჭვისგან შედგებოდა. ძლიერი დარტყმის შესასუსტებლად ჩაჩქანის ქვეშ თუშურ ქუდს იხურავდნენ, მუზარადის ქვეშ – სვანურს.

საქართველოში გავრცელებული იყო პატარა რგოლებისგან ასხმული ჯაჭვის პერანგი, რ-საც სამოსის ზემოდან იცვამდნენ. დამზადების ტექნიკის მიხედვით განასხვავებდნენ ფარეშიან, უფარეშო და შედუღებულ ჯაჭვებს. ეს უკანასკნელი უფრო გამძლედ ითვლებოდა. ჯაჭვის დამზადების პროცესს ძველად ეწოდებოდა ჯაჭვის „ქსოვა" ან „ასხმა", რ-საც ქვიშით წმენდდნენ. ჯაჭვის დამზადება საინტერესოდაა აღწე­რილი ხევსურულ ფოლკლორში.

ქართველი მეომრის აღკაზმულობას ავსებდა ჯაჭვიანი კიდურთსაფარი – „საფუხრე", რ-იც მეომრის მარჯვენა ხელს თითქმის მთლიანად ფარავდა. მარცხენა ხელს კი ფარი იცავდა. საქართველოში ფარის დამზადების ხელოვნება მაღალ დონეზე იყო განვითარებული.

შუბი არის ადამიანის მიერ შექმნილი პირველი რთული კონსტრუქციის ი., რ-საც საძგერებლად და სატყორცნად იყენებდნენ. მას ძვ. ქართულში უწოდებდნენ „ჰოროლს", „ლახუარს", „გმურს", „წათს" და სხვ. XII ს-იდან „შუბი" ყველაზე გავრცელებულ ტერმინად გვევლინება როგორც სალიტ. ენაში, ასევე ეთნოგრ. ყოფაში.

ძველად ქართვ. მეომრის თანმხლებ ნივთს წარმოადგენდა საბრძოლო მათრახი, რ-იც სხვადასხვა სიმსხოსი იყო. მას, ჩვეულებრივი მათრახისგან განსხვავებით, ხარის ტყავის ღვედისგან დამზადებული მსხვილი და ენაბრტყელი ბოლო ჰქონდა. ღვედს დასამრგვალებლად და განსაზღვრული სიმსხოს მისაცემად შინდის ხის ფიცარში ამოჭრილ რგოლში (ა დ ი დ ა შ ი) უყრიდნენ და მათრახს მავთულს აწნავდნენ, ტარს კი ხის ან ძვლისგან ამზადებდნენ.

უძველეს ქვისსატყორცნ ი-ს წარმოადგენს შურდული.

ქართული მშვილდი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რქისგან („აჯიმშვილდი") ან ხისგან მზადდებოდა. საქართველოში დამოწმებულია სამშვილდე ხის (უპირატესად, შინდის) მოხარშვა.

ხმალი საქართველოში ჩნდება V–VI სს-ში (გორგასალმა „აღმოიხადა ხრმალი და შეამთხვია ჯვარსა", ჯუანშერი).

გვიანფეოდალურ ხანაში ქართველმა ხელოსნებმა აითვისეს ცეცხლსასროლი ი-ის წარმოება. ახალი ი-ით ჩვენი წინაპრების დიდ დაინტერესებაზე მეტყველებს ისიც, რომ გარდა შავი დენთის წარმოებისა, ვახტანგ VI-ს ნაშრომში „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის" თოფის წამლის დამზადების ქართ. ხერხიც აქვს აღწერილი. ისტორიამ შემოგვინახა ცეცხლსასროლი ი-ის გამოჩენილ ქართველ ოსტატთა სახელები: გუდამაყრელი პაპო და ხევსური სამნა. ამ უკანასკნელს პირადად იცნობდა მეფე ერეკლე II. დაახლოებით ამავე პერიოდში ოზურგეთელმა ოსტატებმა აითვისეს ღარლულიანი (კუთხვილლულიანი) თოფების წარმოება.

მაღალი საბრძოლო თვისებებით ხასიათდებოდა ქართული დამბაჩები. ქართული სისტემის დამბაჩას „მაჭახელა" ეწოდა მისი წარმოების ერთ-ერთი ცენტრის (აჭარა) მიხედვით.

XVIII ს. 80–90-იან წლებში თბილისში, მეფე ერეკლე II-ის თაოსნობით დაარსდა ცეცხლსასროლი საჭურვლის ქ-ნა, სადაც ქვემეხებსა და მორტირებს ამზადებდნენ. თანამედროვე მაღალეფექტური ი-ის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს საქართვ. თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწ. სამხ. სამეცნ.ტექ. ცენტრში „დელტაში", რ-იც აერთიანებს რამდენიმე სამეცნ.კვლ. ინ-ტსა და სპეც. საწარმოს. 1993 აქ დამუშავდა, გამოიცადა და სერიულად დამზადდა პირველი თანამედროვე სამამულო საბრძოლო ი. – ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი. შეიქმნა თანამედროვე საბრძოლო („დიდგორი", „ლაზიკა") და სამედ.საევაკუაციო ჯავშანტექნიკის ნიმუშები, სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო და ნაღმსატყორცნი (მ. შ. პორტატული უხმაურო) მაღალი განვლადობის მობილური დანადგარები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ინდივიდუალური შეიარაღებისა და თავდაცვის სა­შუალებები (სპეც. სამიზნეები, ხელის ყუმბარ- და ნაღმმტყორცნები, სნაიპერული შაშხანა „სატევარი", პისტოლეტტყვიამფრქვევი „იამანი", სპეც. დანიშნულების ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და სხვ.), საბრძოლო და არალეტალური ვაზნები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ. საქართველოს არმია შეიარაღებულია ყველა თანამედროვე ტიპის ჩვეულებრივი ი-ით და გააჩნია მგი-ისგან თავდაცვის საშუალებები.

2016 საქართველოს ისტორიაში პირველად ქართ. წარმოების ი. გავიდა საექსპორტოდ. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში ქართველი მთიელები ი-ს თავიანთი პრაქტიკული საჭიროების გამო ძალზე აფასებდნენ და ამავე დროს მრავალ ზებუნებრივ ძალას მიაწერდნენ, ამიტომაც მან აქტიურად შეაღწია ხალხის ყოფიერებასა და სულიერ ცხოვრებაში. ხშირი იყო საკულტო სალოცავებში ი-ის შეწირვის შემთხვევები, რაც სარწმუნოებრივ შინაარსს ატარებდა. მშობიარობის წინ მომავალი დედა ბალიშის ქვეშ ხანჯალს დებდა, რათა ავი სულები ახალშობილთან არ მიეშვა. ზოგან მშობიარეს ხანჯალი ხელში ეჭირა (ფშავი), ხოლო მეუღლე ან რომელიმე ახლო ნათესავი ი-ის სროლით ცდილობდა უწმინდურის განდევნას და ქალისთვის მშობიარობის სიმძიმის შემსუბუქებას.

ი-ს არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა ჯვრისწერის დროს. ტაძრისა და სახლისაკენ მიმავალ გზებზე ახალდაქორწინებულებს აუცილებლად შეიარაღებული ახლობლები და ნათესავები, მაყრები აცილებდნენ, რ-ებიც განასახიერებდნენ ყოველგვარი უბედურებისაგან დამცველ ძალას, ანუ მაგიური ძალის მფლობელებად მოიაზრებო­დნენ. მომავალში იგი ქორწილის ჩვეულებრივ დანამატად გადაიქცა. ამასვე განეკუთვნება ცნობილი ტრადიცია – ახალ დაქორწინებულთა გავლა გადაჯვარედინებული ხმლების ქვეშ. ფშავში ახალდაქორწინებულები გარს უვლიდნენ სახლს, კედლებს ცივ ი-ს ურტყამდნენ, შემდეგ კი შედიოდნენ შინ. თუშეთში პატარძალს კარებთან უნდა გადაებიჯებინა ხანჯალზე ან ქუდზე, მოახლოებული სტუმრები კი თოფის სროლით ამცნობდნენ სოფელს ამის შესახებ. სვანური ქორწილის დროს ქალიშვილის სახლში მალულად ტყვიას შეაგდებდნენ ანდა მის კარებთან თოფს ისროდნენ შემდეგი შემოძახილით: „დღეის ამას იქით ეს ქალიშვილი ჩვენია".

საბრძოლო ი-ს დაკრძალვის დროსაც იგივე მნიშვნელობა ენიჭებოდა. მაგ., ხევსურეთში გარდაცვლილს მარჯვენა ხელში აჭერინებდნენ ხმალს, მარცხენაში ანთებულ სანთელს და წარმოთქვამდნენ: „მშვიდობიანად იმგზავ­რე იმქვეყანაში, გზა შენთვის ხსნილია, შენი სულისთვის გზა ნათელია, ნუ დარჩები სიბნელეში, არ შეშინდე, ხმლით მოიგერიე მტერი, იყავ გულმაგარი", ხოლო ჭირისუფლები გარდაცვლილს ხანჯალსა და ხმალზე დაიტირებდნენ. დასაფლავების შემდეგ რამდენიმე ხნით იკრძალებოდა შრომა და თოფის სროლა. ამ წესის დარღვევა ლაჩრობად ითვლებოდა და ხშირად შუღლშიც გადაიზრდებოდა ხოლმე. ეს წესი ვრცელდებოდა მთელ ხევსურეთში, არხოტის გარდა, რადგან იგი სასაზღვრო ზოლში მდებარეობდა და თოფის სროლის აკრძალვა ხიფათის შემცველი იყო. იქ სროლა მხოლოდ დაკრძალვის დღეს არ შეიძლებოდა.

საბრძოლო ი-ს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ვაჟკაცის „კაი ყმად" გამოცხადების დროსაც. როდესაც ყმაწვილს უსრულდებოდა 15 წელი, ხევსურები მას საზეიმოდ გადასცემდნენ ოჯახის საბრძოლო ი-ს. ამ პროცესს წინ უძღოდა ფეხონზე ყმაწვილის ღირსებებზე საუბარი და საერთო ნება-სურვილი – „დროა ამ ვაჟკაცმა აისხას იარაღი". წლების განმავლობაში საბრძოლო ი., ხანჯალი და ხმალი, წარმოადგენდა ქართ. ეროვნ. ტანსაცმლის (ჩოხა) აუცილებელ ელემენტს. ხევსურულ ტანსაცმელში ყოველთვის გათვალისწინებული იყო ადგილი საბრძოლო სათითენისათვისაც (საცერული). ქართულ ჩოხას ჰქონდა ხმლისა და ხანჯლის ჩამოსაკიდი ადგილები, უფრო გვიან გაჩნდა სავაზნე ჯიბეები.

მთიელებში ის მხარე, რ-საც საუკეთესო ხარისხის საბრძოლო ი. ჰქონდა და ცნობილი იყო თავისი სიმამაცით, სარგებლობდა შესაბამისი ავტორიტეტით. იმ ოჯახს, რ-საც გააჩნდა საუკეთესო საბრძოლო ი., ასევე დიდი პატივით ეპყრობოდნენ. თანაბარი ფიზ. და საბრძოლო მომზადების დროს საუკეთესო ი. ხშირად წყვეტდა ორთაბრძოლის ბედს.

საბრძოლო ი-ის დიდ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის გარემოებაც, რომ გაცვლითი ოპერაციების დროს ი. ფულის ეკვივალენტურ ფასეულობად ითვლებოდა. მთიელთა წესის მიხედვით, ოჯახის გაყრის დროს გარდაცვლილი მამის ქონება ძმებს შორის თანაბრად იყოფოდა, მაგრამ ეს წესი არ ეხებოდა საბრძოლო ი-ს – მამის ერთ მთავარ იარაღს მხოლოდ უფროს ვაჟს გადასცემდნენ.

2. სანადირო დანიშნულების აღჭურვილობა (იხ. სტ. ნადირობა); 3. სახელოსნო ნივთნი (ს.-ს. ორბელიანი; იხ. სტ. ხელოსნობა); 4. მიწის დასამუშავებელი (იხ. სტ. სოფლის მეურნეობა) და სხვა სამეურნეო ინვენტარი; 5. სამედიცინო დანიშნულების ინსტრუმენტები (იხ. სტ-ები მედიცინა, ორთოპედია, სტომატოლოგია, ქირურგია); 6. სპორტული ინვენტარი.

ლიტ.: მ ა კ ა ლ ა თ ი ა  ს., ხევსურეთი, თბ., 1984; ყ ე ი ნ ი შ ვ ი ლ ი  ი., ქართული საბრძოლო სისტემები. ტრადიცია და ისტორია, თბ., 2002.

მ. ქაფიანიძე

ი. შაიშმელაშვილი