იარვეტი იური ევგენის ძე

ი. იარვეტი

იარვეტი იური ევგენის ძე (18. VI. 1919, ტალინი, – 5. VII. 1995, იქვე), ესტონელი მსახიობი. ესტონეთის დამსახ. არტისტი (1964), სსრკ სახ. არტისტი (1975). სსრკ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1981).

თეატრში სპორტიდან მივიდა, ფლობდა ტალინის ჩემპიონის წოდებას ტანვარჯიშში. 1940 მიიღეს ტალინის მუშათა თეატრის მოცეკვავეთა ანსამბლში. 1949 დაამთავრა ტალინის თეატრ. ინ-ტი. 1949-იდან მუშაობდა სამხრ. ესტონეთის თეატრის მთავარ რეჟისორად. 1952-იდან იყო ტალინის კინგისეპის სახ. დრამ თეატრის მსახიობი. 1965–67 მოსკ. ახალგაზრდულ თეატრში მოღვაწეობდა.

ი-მა სასცენო მოღვაწეობა კომიკური როლების შესრულებით დაიწყო, შემდეგ კი შექმნა ტრაგიკომიკური და რთული დრამ. სახეები. ი-ს მიერ შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: კრეონი (სოფოკლეს „ანტიგონე"), მასხარა (ტამსაარეს „მეფეს სცივა", „ადამიანი და ღმერთი"), კლავდიუსი (უ. შექსპირის „ჰამლეტი"), პოპრიშჩინი (ნ. გოგოლის „შეშლილის წერილები") და კრეპი (ს. ბეკეტის „კრეპის უკანასკნელი ფირი"). ი-ს მიერ განხორციელებული სცენური სახეები აჩვენებს ადამიანის შინაგანი სამყაროს ღრმა წვდომის უნარს, მის შემოქმედებით ევოლუციას პლასტ. მონახაზის არტისტიდან შინაგანი ფსიქოლოგიზმის ოსტატამდე.

ი. გადაღებულია ფილმებში: „მკვდარი სეზონი" (1968), „მეფე ლირი" (1971) „სოლარისი" (1972) და სხვ.; ქართ. სატელევიზიო მრავალსერიან მხატვრულ ფილმში „დათა თუთაშხია" (1979) შეასრულა გრაფი სეგედის როლი (გაახმოვანა რ. თავართქილაძემ, რ-ის ხმის ტემბრი, თხრობის მანერა ორგანულად შეერწყა გმირის მხატვრულ სახეს).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

მ. კერესელიძე