„იავნანა“, საერთაშორისო ფონდი. დააარსა პ. ბურჭულაძემ 2004 მოწოდებით – „ერთად გადავარჩინოთ მომავალი", რ-იც ითვალისწინებდა ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებას, სოციალურად დაუცველი ოჯახების გამთლიანებას, ამ კატეგორიის ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას. საქველმოქმედო საქმიანობის ძირითად ნაწილს ფონდი ახორციელებს შემოწირულობებითა და საქველმოქმედო საღამოებიდან მიღებული შემოსავლებით. 2007 წ. 9 ოქტომბერს „ი-ს" საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა.
გაეროს ბავშვთა ფონდ „იუნისეფთან", არასამთავრობო და სხვა საერთაშ. ორგანიზაციებთან ერთად, 2004-იდან საქართველოში ხორციელდება რეფორმები ბავშვზე ზრუნვის სფეროში, რაც გულისხმობს ბავშვთა სააღმზრდელო ინსტიტუციებიდან მათ ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებას, დღის ცენტრებისა და ბავშვზე ზრუნვის სხვა სერვისების განვითარებას. ფონდი სოც. მუშაკებთან ერთად შეუდგა კონკრეტული ბავშვებისა და ოჯახების დახმარების პროექტების განხორციელებას. ძირითადი ყურ ადღება გამახვილდა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაზე, მათ უზრუნველყოფაზე საცხოვრებელი პირობებით, საჭირო ნივთებითა თუ საკვებით.
ფონდმა თავისი წვლილი შეიტანა საზღვარგარეთ ქართ. კულტურის პოპულარიზაციასა და ქვეყნის პრობლემების წარმოჩენაში. 2008 წ. აგვისტოს ომის შემდგომ ფონდის საქველმოქმედო აქციის მხარდასაჭერად საქართველოში ჩამოვიდნენ საოპერო ვარსკვლავები: რ. ვარგასი, ლ. დინტინო, ხ. გომეს მარტინესი და ო. რომანკო-პრიმავერა. საღამოს ბენეფიციარები აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ოჯახები და ბავშვები გახდნენ, მათგან 7 წლის დ. რაზმაძე „ი-ს" შვილობილი გახდა. 2008–14 ყოველთვიური დახმარება ერიცხებოდა აგვისტოს ომში დაობლებულ 133 ბავშვს. საქველმოქმედო აქციებში ცნობილ ქართველ არტისტებთან ერთად სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ: მ. კაბალიე, პ. დომინგო, დ. ზაჯიკი, მ. კრაიდერი, ფ. ფურლანეტო, დ. ხვოროსტოვსკი, რ. ვარგასი, რ. ბრუზონი, მ. ალვარესი, მ. ბერტი, ე. კისინი, დ. ვიშნევა და სხვ. ფონდმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გასწია 6,1 მლნ. ლარის ქველმოქმედება და 7000-ზე მეტ ბავშვს დაეხმარა, შეიძინა 114 საცხოვრებელი სახლი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ნიჭიერ სტუდენტთა და მოსწავლეთა დახმარებისა და წახალისების პროექტის ფარგლებში დახმარება გაუწია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 850-ზე მეტ სტუდენტს და მოსწავლეს.
გ. ახალაია