იაკუბოვიჩი მიხეილ ანდრიას ძე [10(23). II. 1906, ოდესა, – 9. XI. 1963 თბილისი], ინჟინერ-მშენებელი, კონსტრუქტორი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1945), პროფესორი (1947).
1930 დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი ხიდებისა და სამშ. კონსტრუქციების სპეციალობით. 1930–48 მუშაობდა თბილ. სამშ. ტრესტის მთ. ინჟინრად, ამიერკავკასიის „სახპროექტის" მშენებლობის განყ-ბის გამგედ, „თბილმშენის" მთ. კონსტრუქტორად, ხოლო 1948-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინ-ტში. 1930-იდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედ. საქმიანობას სპი-ში. 1950-იდან იყო სპი-ის ხიდებისა და სამშ. კონსტრუქციების კათედრის გამგე, პარალელურად ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ (1954) რკინაბეტონის კონსტრუქციების ლაბორ., აგრეთვე სამეცნ.-კვლ. სამუშაოებისა და ასპირანტურის განყ-ბას.
ი-ის სამეცნ. კვლევები ეხება მშენებლობაში მსუბუქი რკინაბეტონის კონსტრუქციების პრაქტიკაში დანერგვის მეთოდებს, კერამზიტბეტონის გამოყენების პრობლემებს ხიდთმშენებლობაში. მისი მონაწილეობით საქართველოში დაპროექტდა და აშენდა 70-მდე დიდი ნაგებობა, მ.შ. მთავრობის სახლი (1938, მთ. კონსტრუქტორი), თსუ-ის II კორპუსი, ყოფ. "იმელი", დინამოს ძვ. სტადიონი, კავშირგაბმულობის სახლი, 8 ქ-ნა (მეტალურგიული, ლოკომოტივების სარემონტო და სხვ.), 18 ფ-კა, 17 საავტომობილო ხიდი; მისივე მონაწილეობით მოსკ. საგამოფენო ცენტრში აშენდა საქართვ. პავილიონი. შეიმუშავა მსუბუქი (პემზისა და ტუფის ქვის შერევით მიღებული) რკინაბეტონით აშენებული ასაწყობი მონოლითური კონსტრუქციების (ხისტი ჩარჩოები, თაღები, კამარები, გადახურვები და სხვ.) გამოყენების მეთოდები. თურქმენეთში, სომხეთსა და უკრაინაში მრავალი სამოქალაქო და საყოფაცხოვრებო ობიექტი აშენდა მისი შემოთავაზებული მასალებითა და მეთოდებით, კერძოდ, „ლუმაშელის" (ნიჟარა ქვის) შერევით მიღებული რკინაბეტონით. 1960 კასპიის ზღვაზე, ნავთობსარეწ მშენებლობაში ი-ის ხელმძღვანელობით გამოიცადა და დაინერგა ასაწყობი წინასწარდაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციები.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი შრომა, მ. შ. 9 მონოგრაფია. დაჯილდოებულია სახელმწ. ჯილდოებით.
თხზ.: Автодорожные мосты из легкого железобетона, М., 1956; Бетон и железобетон на ракушечниках и известняках Украины, К., 1958; Конструкции и мосты из легкого железобетона, М., 1960.
ლიტ.: Кинцурашвили С., Джанберидзе Н., Архитектура Советской Грузии, М.–Тб., 1958.
მ. სალუქვაძე