იდლეთი

იდლეთის მთავარანგელოზის ეკლესია

იდლეთი, სოფელი კასპის მუ­ნიცი­პა­ლი­ტე­ტის წინარეხის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. კავთურის ­მარჯვ. მხა­რეს. ზ. დ. 680 მ, კასპიდან 10 კმ, კავთისხევიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 5 კმ. 263 მცხ. (2014).

ი. პირველად მოხსენიებუ­ლია ვა­ხუშტი ბატონიშვილთან (XVIII ს.) კავ­თისხევის სოფელთა სიაში. 1930 ი. შედიოდა კასპის რ-ნის კავთისხევის სასოფლო საბჭოში და ცხოვრობდა 676 მოსახლე.

სოფლის განაპირას, აღმ-ით, დგას ნათლისმცემლის ეკლესია. იგი მცი­რე ზომის ქვიშაქვის ლოდებით ნაგები, „თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ეკლესიაა, რ-იც VI ს. I ნახ-ით თა­რიღდე­ბა. შენობის გეგმა წარმოადგენს თანაბარმკლავიან ჯვარს – ერთადერთი შესასვლელით დას-იდან. აღმ. მკლავი ნახევარწრიული აფსიდია, დანარჩენი მკლავები კი სწორი კედლებითაა შემოფარგლული. გუმბათის ყელი ოთხ საბჯენ თაღს ეყრდნობა. იგი ოთხწახნაგაა, ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება და ოთხი­ვე კუთხე როგორც შიგნიდან, ისე გარედან ჩამოჭრილი აქვს. გუმბათის ყელის კუბური სივრცე გადახურულია ოთხი სეგმენტით შეკრული კამარით.

ეკლესიის შიგნით შემორჩენილია XII ს. მხატვრობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები.

სოფლის ცენტრში დგას განვითარებული შუა საუკუნეების კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესია, სოფლის ცენტრშია აგრეთვე მიქელ-გაბრიელ მთავარანგელოზის მეორე დარბაზული ეკლესია, რ-იც გვიანდ. შუა საუკუნეებს განეკუთვნება.

ლიტ.: მ ა კ ა ლ ა თ ი ა  ს., კავთურას ხეობა, თბ., 1960; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.

ჯ. გვასალია