ივანე მონისძე

ივანე მონისძე

ივანე მონისძე, XI ს. ქართვე­ლი ოქრომჭედელი.

შემორჩე­ნილია მის მიერ ხელმოწერილი და ზუსტად დათარიღებული (1040) ოთ­ხი სწორკუთხა ფირფიტა (17,5 სმ × 7,5 სმ) მღვდელმთავრების – წმ. ბასილის, წმ. ნიკოლოზის, წმ. გრიგოლის, წმ. ათანასეს – გამოსახულებებით და ხუთი მედალიონი (d=8,5 სმ): წმ. მიქაელის, წმ. გაბრიელის, წმ. ურიელის, წმ. რაფაელის და წმ. მოწამე დავით მარგვეთელის ნახევარფიგურებით. წმ. ნიკოლოზის და წმ. ბასილის ფირფიტები დაკრული იყო შემოქმედის მონასტრის ღვთისმშობლის ხატის არშიაზე (ამჟამად შ. ამირანა­შვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში). წმ. გრიგოლის, წმ. ათანა­სეს ფირფიტები, მთავარანგელოზების – მიქაელის, გაბრიელის, ურიელის – მედალიონები და­ცუ­ლი იყო ბარონ ა. შტიგლიცის კოლექციაში (ამჟამად სა­ხელმწი­ფო ერმიტაჟში), წმ. რაფაელის და წმ. დავით მარგვეთელის მედა­ლიონები განთავსებული იყო შემოქმედის ღვთისმშობლის ხატზე, შემდგომ მ. ბოტკინის კოლექციაში (ამჟამად რუსულ მუზეუმში, სანქტ-პეტერბუგი).

ოთხივე ფირფიტა ერთნაირი მოყვანილობისაა – ვიწრო, მაღალი, ზემოთ ნახე­ვარწრიული მოხაზულობით. სამი მხრიდან შემოვლებული ჭდეებიანი ლილვაკით. თითოეულზე თითო გამოსახულებაა შესრულებული გლუვ ფონზე, ფრონტალურად, მთელი ტანით. ხუთივე მედალიონი ერთი და იმავე ზომისაა გარშემოწერილი ჭდეებიანი ლილვაკით. ნა­ხევარფიგურები მოცემულია ასევე ფრონტალურად (წმ. დავით მარგვეთელი მცი­რე ბრუნშია), გლუვ ფონზე. ცხრა დეტალისაგან შედგე­ნილი ნაკრები ერთისა და იმავე ძეგლის მოჭედილობის ნაწილებს წარმოადგენს. ი. მ-ის ქმნილებე­ბის მეტყველი სახეები ინდივიდუ­ალიზებულია, სხე­ულთა პროპორცი­ები – სწორი. პლას­ტიკუ­რად დამუშავებული ფი­გურები თავისუფალ პოზაში ხაზ­გასმული მონუმენტურობით არის აღბეჭდილი. მოქანდაკე მი­ზან­სწრაფულად ­ქმნის მოცულობით ფორმებს. აქ საქმე გვაქვს ქართ. ოქრომქანდაკებლობის იმ სა­ფეხურთან, როდესაც ­ოსტატები სკულპტურულ-პლასტიკურ ამო­ცა­ნებს ისახავენ მიზნად.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქარ­თვე­ლი ოსტატები, თბ., 1967; ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი ძ ე  თ., ა ლ ი ბ ე გ ა ­შ ვ ი ლ ი  გ., ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, თბ., 1980; Амиранашвили Ш., История грузинского искусства, М., 1956, 1963; Кондаков Н., Бакрадзе Д., Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии, СПб., 1890; М и р з о я н  А., Грузинская средневековая торевтика в собрании Эрмитажа (исследования и атрибуты), СПб., 2016; Грузия IX–XVII вв. Синай-Византия-Русь. Православное искусство с 6 до начала 20 века. Кат. Выставки, СПб., 2000. В-100; Н о в и к о в с к а я - Б у х м а н  С., Произведения Иване Монисдзе в собрании Русского музея. Памятники культуры. Новые открытия. Сб., М., 2002; Такайшвили Е., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. I, Тфл., 1905; Ракитина К., Памятники грузинского чекана по серебру IX–XII вв. из собрания Эрмитажа // ТГЭ, Л., 1961, вып. 5; Alibegashvili G., Beridze V., Volskaja A., Khuskivadze L., I Tesôri della Georgia, Milano, 1984.

ე. კავლელა­შვილი