ივერიელი (ლეკიშვილი) ვაჟა პლატონის ძე

ვ. ივერიელი

ივერიელი (ლ ე კ ი ­შ ვ ი ლ ი) ვაჟა პლატონის ძე (1. X. 1925, ფოთი, – 27. VI. 1999, თბილისი), ენდოკრინოლოგი, მეცნ. და კლინიკური ენდოკრინოლოგიის ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მედ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1964), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1981), სა­ქართვ. მედ. მეცნ. და სამედ.-ბიოლ. აკადემიების ნამდვ. წევრი (1981).

1946 დაამთავრა თსსი. 1958-მდე მუ­შა­ობ­და სსრკ სამედ. აკადემიის აკად. ვ. ბარანოვის ენდოკრინოლოგიური ჯგუფის მეცნიერ მუშაკად. 1962–63 მივლინებული იყო დიდი ბრიტანეთის ენდოკრინოლოგიურ ცენტრებში. 1972–78 მუშაობდა სა­ქართვ. ­ჯანდაცვის სამინისტროს მთ. ენდოკრინოლოგად. 1967–83 განა­გებდა თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ენდოკრინოლოგიის კათედრას, 1991-იდან იყო თბილ. სა­ხელმწ. სამედიცინო აკადემიის ენ­დოკრინოლოგიის კა­თედ­რის გამ­გე. 1997-იდან სი­ცო­ცხლის ბოლომდე ხელმძღვანე­ლობდა მი­სივე თაოსნობით დაარსებულ ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრს (1999 ცენტრს მისი სა­ხე­ლი ეწოდა).

ი-მა მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი როლი შეასრულა ფსიქოსომატური და კორტიკო-ვისცერალური თეორი­ების საფუძვლე­ბის დამუშავებაში. აღსანიშნავია ი-ის შრომა, მიძღვნილი გულის ანევრიზმისადმი, რ-ის დიაგნოზიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირველად მან დასვა. ი-მა შეისწავლა შაქრიანი დიაბეტის გართულებათა ეტიოპათოგენეზის, ეპიდემიოლოგიის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხები; ზოგა­დი სიმსუქნის ეტიოპათოგენეზის და მკურნალობის საკითხები; შაქრიანი დიაბეტისა და ზოგიერთი სიმსუქნის დიეტოთერაპიისა და მოსახლეობის ჯანსაღი კვების პრობლემები. ი-მა სსრკ-ის მასშტაბით პირველმა შეისწავლა დიაბეტური რეტინოპათიის პრობლემები. მის მიერ შემუშავებული კლასიფიკაცია დიაბეტური რეტინოპათიის შე­სა­ხებ ფართოდ გავრცელდა საკავშირო მასშტაბით. ი-ის შრომებში ნაჩვენები იყო დარღვეული დიაბეტური მეტაბოლიზმის კომპენსაციის უდიდესი მნიშვნელობა ნეიროპათიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის საქმეში. ი. 1974-იდან იყო საქართვ. ენდოკრინოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე, 1991-იდან – საქართვ. დიაბეტური ასოციაციის პრეზიდენტი.

იყო უმაღლესი და საშ. სპეც. გა­ნათ­ლე­ბის სამინისტროს პრემიის ლაურეატი (1980), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

თხზ.: ენდოკრინულ ჯირკვალთა დაავადებები, თბ., 1962; ენდემური ჩიყვის გავრცელების დინამიკა სა­ქარ­თვე­ლოში, თბ., 1992 (თანაავტ.); Диабетическая ретинопатия, М., 1968 (თანაავტ. Д. Скотт); Диабетическая ретинопатия, Тб., 1974 (თანაავტ.); О патогенезе диабетического поражения миокарда, М., 1984 (თანაავტ.); Классификация ангиопатии нижних конечностей при сахарном диабете, М., 1988 (თანაავტ.).

ს. ბაქრაძე