ივერიის ყოვლადწმიდა ღვთის­­მშობლის ხატი

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთის­­მშობლის ხატი

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთის­­მშობლის ხატი, კარის ღვთისმშობელი, პორტაიტისა. X ს-იდან ათონის წმ. მთაზე, ივერთა მონასტერშია დასვენებული. იგი ღვთისმშობლის ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანო სასწაულმოქმედი ხატია.

ი. ყ. ღ. ხ. ოდიგიტრიის ტიპისაა. იგი შესრულებულია ფერწერით და შემკულია ოქრონაქანდაკევი მოჭედილობით. ხატის ისტორია ხატმებრძოლეობის პერიოდთანაა დაკავშირებული. გადმოცემის მიხედვით, ქ. ნიკეასთან ახლოს მცხოვრებ ქვრივ ქალს იგი სახლში ჰქონდა დაბრძანე­ბული. იმპ. თეოფილეს ზეობაში ხატთაყვანისმცემელთა დევნისას (IX ს.) ქალმა ხატი, გადარჩენის მიზნით, წყალს გაატანა.

ხატის ისტორიის შემდგომი ეტაპი გრძელდება X ს. მიწურულს, როდესაც იგი ათონის ქართველთა მონასტრის სიახლოვეს ზღვაში გამოჩნდა და ქართველმა მოწესემ, წმ. გაბრიელმა ნაპირზე გამოაბრძანა. ღირსმა მამა გაბრიელმა იგი პატივით დაასვენა ივერიის მონასტრის ეკლესიაში, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ხატი ბერებს ად­გილ­ზე აღარ დახვდათ – იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე იყო დავანებული. ხატი პირვანდელ ად­გილს დაუბრუნეს, მაგრამ იგი ­კვლავ კარიბჭეში დახვდათ. ამის შემდეგ ეწოდა ხატს პორტაიტისა, ანუ კარის ღვთისმშობელი.

ათონის მთის სიწმინდეთა იმ მრავალრიცხოვან აღწერებში, რ-ებიც საუკუნეების განმავლობაში შეუდგენიათ პილიგრიმებს, მოგზაურთ, სიძველეთა მოყვარულებსა თუ სწავლულებს, ტრადიციულად, საგანგებო ადგილი ეთმობა კარის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს და ქართველთა მო­ნას­ტერ­თან მისი გამოჩენის შე­სა­ხებ არსებულ გადმოცემას.

ი. ყ. ღ. ხ-ის ათონის ­ქართველ მოღვაწეებთან და სა­ქარ­თვე­ლოსთან მჭიდრო კავშირზე მიუთითებს მისი თავდაპირველი მოჭედილობა, მასზე შესრულებული ქართ. საქტიტორო წარწერა, აგრეთვე მონასტრის აღაპების ხელ­ნაწერი კრებული. ­არ­სე­ბუ­ლი ­წყა­რო­ე­ბის მიხედვით ცნობილია, რომ ღვთისმშობლის ხატის მოჭედილობა შესრულდა სამცხის ათაბაგისა და ამირსპასალარის – ყვარყვარე დიდის ძის (ქაი­ხოსროს გაზრდილის) – ამბროსის მიერ. არ­სე­ბუ­ლი ცნობების მიხედვით, ხატი უნდა მოეჭედათ 1500–04 წლებში.

საუკუნეების განმავლობაში ქართველ მეფე-მთავართა, საეკლ. მოღვაწეთა და მომლოცველთა მიერ გაღებული შეწირულობები მონასტრის განახლება-გაძლიერებასთან ერთად სწორედ ი. ყ. ღ. ხ-ზე ზრუნვით იყო განპირობებული. 1680, აშოთან მუხრანბატონის ღვაწლით, ივერთა მონასტერში, კარიბჭესთან ახლოს, აიგო ეკლესია და ღვთისმშობლის ხატი იქ იქნა გადასვენებული. მას შემდეგ იგი ამ ტაძარშია დაბრძა­ნე­ბული. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ხატის ხსენებას დღესასწაულობს 12 თებერვალს, 31 მარტს, 12 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

ლიტ.: ს ხ ი რ ტ ლ ა ძ ე  ზ., ივერიის კარის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი, «მაყვლოვანი», 2012, №7; მისივე, The Original Cladding of the Portaitissa Icon, «Oriens Christianus», 2005, Bd. 89.

ზ. სხირტლაძე