იერუსალიმი (ბერძნ. ierusalēm, ებრ. – იერუშალაიმი, არაბ. – ალ. კუდსი – წმინდა), ქალაქი წინა აზიაში, პალესტინაში, მკვდარი ზღვის დას-ით, ნახევრად უდაბნო ზეგანზე. 809, 428 ათ. მცხ. (2012). ქრისტიანთა, იუდეველთა და მუსლიმთა „წმინდა ქალაქი".
ი. პირველად თელ-ელ-ამარნის არქივში იხსენიება (ძვ. წ. 1400), როდესაც იგი უკვე კარგად გამაგრებულ ქალაქს წარმოადგენდა. მოგვიანებით სხვადასხვა სახელმწიფოთა – იუდეველთა სამეფოს, ძვ. რომის, ბიზანტიის, არაბთა სახალიფოს და სხვათა შემადგენლობაში იყო. 1517 ი. თურქებმა დაიპყრეს და ოთხი საუკუნე განაგებდნენ, 1917 დეკემბერს კი ბრიტანეთის ჯარებმა დაიკავეს. 1922–48 იყო პალესტინის ადმ. ცენტრი. არაბეთ-ისრაელის ომის (1948–49) შემდეგ ი. ორ ნაწილად გაიყო: აღმოსავლეთი ი. იორდანიას გადაეცა, დასავლეთი – ისრაელს. 1950 იანვარში დას. ი. ისრაელის დედაქალაქად გამოცხადდა. 1967 ივნისში ისრაელმა ი-ის აღმ. ნაწილი დაიკავა და 1980 გაერთიანებული ქალაქი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა, რასაც გაერო არ ცნობს. თუმცა, 2018 აშშ-მა დაიწყო თავისი საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან ი-ში.
საქართველო უძველესი დროიდან დაკავშირებული იყო ი-თან, თუმცა ამის დამადასტურებელი პირდაპირი ცნობები არ გაგვაჩნია. I ს. I მესამედში, სავარაუდოა, ქართლის სამეფოს კავშირი ჰქონდა ი-თან და შეძლებისდაგვარად მონაწილეობდა იქ მიმდინარე პროცესებში („მოქცევაჲ ქართლისაჲ", ლეონტი მროველის თხზულება). შუა საუკუნეებში საქართველოს ი-თან ურთიერთობის მნიშვნელოვან ცნობებს ვხვდებით ქართვ. მწერლების (საისტორიო, სასულიერო და საერო), უცხოელი პილიგრიმების, დიპლომატების და მოგზაურთა თხზულებებში. ქართ. და უცხ. წერილობითი წყაროები, არქეოლ. მასალა საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ საქართველოს წმინდა ქალაქთან ურთიერთობის საკმაოდ ნათელი სურათი.
ქართველთათვის ი-ის მნიშვნელობა უაღრესად დიდია, რადგან იგი არის ქრისტეს მოღვაწეობისა და ჯვარცმის ქალაქი; წმ. ნინოს მოღვაწეობის ქალაქი; წმ. ქალაქი და ქრისტიანობის წარმოშობის კერა (აღმ. საქართველოში ქრისტიანობა უშუალოდ ი-იდან შემოვიდა და გავრცელდა კიდეც) ი-ის გავლენაზე მიუთითებს მისი ტოპონიმების – ბეთანია, ბეთლემი, თაბორი, სიონი და სხვ. პირდაპირ გადმოტანა, ბაზილიკური არქიტ. სტილის გავრცელება, ძვ. ქართული ეკლესიების შინაგანი მოწყობა, მცხეთის ახალ ი-ად გამოცხადება. IX ს-მდე მირონი საქართველოში ი-დან შემოჰქონდათ, X ს. დამლევამდე საქართვ. ეკლესიებში წირვა-ლოცვის რიტუალის სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა წესდება, ტიპიკონი, რ-იც ცნობილი იყო „იერუსალიმის კანონის" სახელით; ი. იყო სატახტო ქალაქი დავით წინასწარმეტყველისა, რ-იც ბაგრატიონთა წინაპრად ითვლებოდა; ქართ. დიასპორის მნიშვნელოვანი ცენტრი (ქართ. ეთნიური ელემეტი ი-ში სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაოდენობისა და განსხვავებული სოც. წარმოშობის იყო). ქართველები იქ V ს-იდან XVIII ს-მდე ცხოვრობდნენ; სხვადასხვა დროს ქართველებს ი-ში ჰქონდათ 20 მონასტერი, 3 ეკლესია და 7 სამლოცველო); ი-ში იღვაწეს პეტრე იბერმა და იოანე ლაზმა (V ს.), იოანე ზოსიმემ (X ს.), გიორგი-პროხორემ და გიორგი მთაწმინდელმა (XI ს.), იეზიკიელმა და ნიკოლოზ გულაბერისძემ (XII ს.), გრიგოლ ჩახრუხაის ძემ (XIV–XV სს. მიჯნა), ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (XVII ს.) და სხვ.
საქართველოსა და ი-ის ურთიერთობიდან უმთავრესი მაინც იქ არსებული ეკლესია-მონასტრები იყო. მათი თანდათანობით დაკარგვის კვალობაზე სუსტდებოდა კავშირი წმ. მიწასთან. ქართ. სავანეებს სხვები (ბერძნები, სომხები, ლათინები) დაეპატრონენ. სამშობლოდან დახმარებას მოკლებული ბერ-მონაზვნების და ი-ში მუდმივად მცხოვრები ქართვ. საერო პირების რაოდენობა მცირდებოდა. XVIII ს-იდან ქართველების მიმოსვლა და მოღვაწეობა იერუსალიმში თითქმის შეწყდა.
მხოლოდ 1960 განხორციელდა ქართვ. მეცნიერთა ექსპედიცია ი-ის ჯვრის მონასტერში (იხ. იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია). 1991, საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მრავალმხრივი კონტაქტები აქვთ ი-თან.
ლიტ.: მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., ქართველები და ბიბლიური სამყარო, თბ., 1998; მ ი ს ი ვ ე, საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVII სს.), თბ., 2008; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე გ., ქართველები იერუსალიმში, ახლადმიკვლეული არაბული დოკუმენტების შუქზე, «ლიტერატურული საქართველო», 1985, 15 თებ.
ე. მამისთვალიშვილი