იისფერი ფარიანა (Parlatoria oleae), მწუწნავი მწერი კოქციდების ქვერიგისა. ი. ფ-ს სხეულის სიგრძეა 1–2 მმ, იისფერია, მონაცრისფრო-მოთეთრო ფარით დაფარული. მამალი ფრთიანია, აქვს მოგრძო ფარი. ნაყოფზე, ფარიანას კვების ადგილას, მრგვალი წითელი ლაქა ჩნდება. წლის განმავლობაში 2–3 თაობა ვითარდება. განაყოფიერებული დედალი გამოიზამთრებს და გაზაფხულზე 20–60 კვერცხს დებს. პირველი თაობის მატლები აპრილში იჩეკება, მეორე თაობისა – ივლის-აგვისტოში. მატლები დედალს ფარის გარშემო ემაგრებიან და მჭიდრო კოლონიებს ქმნიან; ხეხილის ძლიერი დაზიანების შემთხვევაში მთლიანად ფარავენ მცენარის ტოტებსა და შტამბს. მეორე თაობის მატლები ნაყოფზეც გადადიან. ი. ფ. ძლიერ აზიანებს კურკოვან და თესლოვან ხეხილს. ასუსტებს, ახმობს ტოტებსა და თვით მცენარესაც. ამ მავნებლის მოსასპობად მცენარეს ასხურებენ პესტიციდებს, იყენებენ ბრძოლის ბიოლ. მეთოდსაც.
ზ. ჰაჯიბეილი