იკვი, XI ს. I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, მდ. შაბწყალას (მდ. თეძმის შენაკადი) ტყიან ხეობაში. თვით სოფ. ი. აღარ არსებობს, მოსახლეობა გადასახლდა სამგორში.
ტაძარი ნაგებია ნატეხი ქვით, ფასადები შემოსილია სუფთად გათლილი კვადრებით. ასევე თლილი ქვითაა ამოყვანილი თაღები და სხვა კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები. ეკლესიის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვრის მოხაზულობა, რ-ის მკლავთაგან სამი მოკლეა და სწორკუთხა, მეოთხე, აღმ. მკლავი, წაგრძელებულია და საკურთხევლის აფსიდითაა დასრულებული. მაღალი ექვსსარკმლიანი გუმბათის ყელი აფრებზეა ამოყვანილი; საკურთხევლის ორივე მხარეს მოთავსებული სამკვეთლო და სადიაკვნე დაბალი და ვიწრო გასასვლელებით უკავშირდება ძირითად დარბაზს. ტაძრის გეგმა გარე მასებშიც ნათლად მჟღავნდება.
გარედან ეკლესიის ოთხივე ფასადი მდიდრულადაა შემკული. მორთულობის სისტემას ქმნის გლუვი ლილვებით გამოყვანილი დეკორატიული თაღედი. აღმ. ფასადზე სამი თაღია. მათგან ცენტრალური, ეკლესიის შიდა სივრცის შესაბამისად, მაღალია და გვერდითებზე გაცილებით განიერი, გვერდითები კი დაბალია და სიგანით მკლავებს შორის მოქცეული მონაკვეთების ტოლი. სამხრ. და ჩრდ. ფასადებზე თაღები ასიმეტრიულადაა განლაგებული. აქაც ჯვრის მკლავის შესაბამისი თაღი მაღალი და განიერია, ამ თაღის აღმ-ით კი, მკლავებს შორის მოქცეული სათავსის კედელზე, ტოლი სიმაღლის ორი თაღია გამოყვანილი. დას. ფასადი განსხვავებულია. აქ ფასადის მთელი არე ერთ დეკორატიულ თაღს უჭირავს. მკლავებს შორის მოქცეული კუთხე კი ფესტონებით მორთული თაღითაა დასრულებული. ეკლესიის ორივე შესასვლელს შემოვლებული აქვს განიერი, მოჩუქურთმებული საპირე. მთლიანად ჩუქურთმითაა დაფარული ტიმპანებიც. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეები. აღმ. ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ ორნამენტირებული რომბებიცაა. გუმბათის ყელი სამმაგი გრეხილი ლილვით შედგენილი პილასტრებითა და მათზე გადაყვანილი თაღებითაა შემკული. ყოველი თაღის ცენტრში სარკმელია, რ-საც ირგვლივ განიერი, მოჩუქურთმებული საპირე აქვს შემოვლებული. გუმბათის თაღედი დაყრდნობილია მაღალ, მოჩუქურთმებულ სარტყელზე. გუმბათის ყელი დასრულებულია პროფილირებული ლავგარდნით. ინტერიერს ამკობს ეკლესიისავე თანადროული მოხატულობა, რ-იც ზედა ნაწილში დაზიანებულია. ეკლესიას დას-ით, მთელ სიგრძეზე მიშენებული აქვს სათავსი. მისგან მხოლოდ კედლებია შემორჩენილი.
ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა 1939–40 წლებში (ავტორები: ნ. ჩუბინაშვილი, ვ. წილოსანი). აღადგინეს ფასადები და გუმბათის ყელი, სამხრ-იდან შეუქმნეს სუბსტრუქცია, ჩრდ-ით კი მთის ფერდობი კედლით გაამაგრეს. შემდგომში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა 2005 (ავტ. ლ. მენთეშაშვილი).
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.