სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის არცევის თემში. ახლანდ. ქვემო იკორთა.
ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია შიდა ქართლში. 1732 ი-თან გაიმართა ბრძოლა, რ-ის დროსაც მოიგერიეს ლეკი ფეოდალების თავდასხმა. 1736 ქსნის ერისთავი შანშე ირანს განუდგა და ი-ის ციხეში გამაგრდა. ნადირშაჰის მიერ გამოგზავნილი ლაშქარი სეფე-ხანის მეთაურობით ი-თან დამარცხდა. თუმცა იგი ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა და ციხეს დაეუფლა.
XVI ს. მიწურულიდან ი-ის მონასტერი იქცა ქსნის ერისთავთა საძვალე-სამარხად.
სოფლის განაპირას, მთის კალთაზე აღმართულია ძვ. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – გუმბათოვანი ტაძარი, რ-იც აგებულია 1172. გეგმით ოთხკუთხა შენობის გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა. აღმით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. ტაძარი უხვად ნათდება გუმბათის მაღალ ყელში დატანებული 12 სარკმლიდან. კედელ-კამარები თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო და XII ს. II ნახევრის შესანიშნავი მონუმ. მხატვრობის ნიმუშს წარმოადგენს (ფრაგმენტები შემორჩენილია აფსიდში, ჩრდ. კედელსა და გუმბათზე). სამხრ. და დას. შესასვლელებს მიშენებული ჰქონდა კარიბჭეები (დანგრეულია). ახლანდელი სამხრ. კარიბჭე გვიანდელია. ტაძრის ფასადები და გუმბათის ყელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული და გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. ი-ის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართ. ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ქრონოლ. და მხატვრულსტილისტიკური თავისებურებებით იგი ერთ-ერთი უადრესი ნიმუშია XII–XIII სს. მიჯნაზე შექმნილი ქართლის გუმბათოვან ეკლესიებს შორის, რ-თა მიხედვითაც საბოლოოდ შემუშავდა ქართ. გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე. ეკლესიის აგების თარიღი აღნიშნული იყო დას. ფასადის დიდ წარწერაში, რ-იც მ. ბროსემ და თ. ჟორდანიამ წაიკითხეს (წარწერა აღარ არსებობს). ეკლესიას აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა XIV, XVII, XIX და XX სს-ში. ი-ის ტაძარში დაკრძალული არიან კახეთის აჯანყების 1660 ხელმძღვანელები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები. ეკლესიის მახლობლად, ფლატის პირას ძვ. ციხე-დარბაზის ნანგრევებია.
ი. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; ზ ა ქ ა რ ა ი ა პ., ქართული ხუროთმოძღვრება XI–XVIII სს., თბ., 1990.
ჯ. გვასალია