ილია II (ერისკაცობაში – ირაკლი გიორგის ძე ღ უ დ უ შ ა უ რ ი - შ ი ო ლ ა შ ვ ი ლ ი) [დ. 4. I. 1933, ქ. ორჯონიკიძე (ახლანდ. ვლადიკავკაზი)], სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1977-იდან), მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. მშობლები (მამა – გიორგი შიოლაშვილი, დედა – ნატალია კობაიძე) ქრისტ. სარწმუნოების თავგამოდებული მიმდევრები იყვნენ. ი. II მათგან ეზიარა ქრისტ. მოძღვრების ანბანს. მონათლეს ქართულ ეკლესიაში (დაარსებული იყო გ. შიოლაშვილის მიერ 1947) და ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის პატივისაცემად ირაკლი დაარქვეს. საშ. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1952) მოსკოვის სას. აკადემიაში ჩაირიცხა. 1957 წ. 16 აპრილს 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის, ლოცვა-კურთხევით თბილისში, წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღკვეცა მიტროპოლიტმა ზინობმა (მაჟუგამ). ამიერიდან მას წინასწარმეტყველ ილიას სახელი ეწოდა, შემდეგ კი პატრიარქმა მელქისედეკ III-მ სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა. დიაკვნად ხელდასხმული ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა წმ. სერგი რადონეჟელის ლავრაში მღვდელმონაზვნად აკურთხა და ოქროს სამკერდე ჯვრით დააჯილდოვა.
1960 მღვდელ-მონაზონმა ილიამ წარჩინებით დაასრულა მოსკოვის სას. აკადემია და ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა ნაშრომისათვის: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია", რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში დაიწყო მღვდელმსახურება. 1961 მიანიჭეს იღუმენის, ხოლო შემდეგ – არქიმანდრიტის პატივი. 1963 წ. 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ ილია შემოქმედის ეპისკოპოსად აკურთხა. ამასთანავე იგი დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად, 1967 – ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავრად. 1969 ებოძა მიტროპოლიტის პატივი. 1963 დაინიშნა მცხეთის სას. აკადემიის რექტორად (1972-მდე).
მეუფე ილია ნაყოფიერად იღვწოდა როგორც შემოქმედის, ისე ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიებში, აქტიურად იყო ჩართული მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეკრებებში, იღვწოდა საქართვ. მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშ. მასშტაბით აღიარებისათვის. 1977 წ. 9 ნოემბერს, კათოლიკოს-პატრიარქ დავით VI-ის გარდაცვალების შემდეგ, წმ. სინოდის გადაწყვეტილებით ილია შიოლაშვილი დადგინდა სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ, 1977 წ. 23 დეკემბერს კი მიტროპოლიტი ილია სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. ამავე წლის 25 დეკემბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა ილია შიოლაშვილის კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრება. 2010-იდან ი. II-ის წოდებაა: სრულიად სა-ქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი.
აღსაყდრების შემდეგ ი. II განუხრელად ზრუნავდა მრევლის შემოკრებაზე და მოსახლეობის ფართო ფენების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მოზიდვაზე. მთელ საქართველოში გახშირდა და სისტემ. გახდა ქადაგებები; ყველა ეკლესიაში განუწყვეტლივ იკითხებოდა ფსალმუნები; მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა სას. ლიტ-რის გამოსაცემად; დაიწყო კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეების ბეჭდვა-გავრცელება; გამოვიდა რამდენიმე სახის საეკლ. კალენდარი. ი. II-ის მცდელობით დაარსდა ჟურნალები: „ჯვარი ვაზისა", „საღვთისმეტყველო კრებული", „საქართველოს საპატრიარქო", „საპატრიარქოს უწყებანი" და სხვ. გამოიცა ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, დიდი სჯულისკანონი, ბიბლია, ი. II-ის ეპისტოლეთა ტომეულები, სიტყვები და ქადაგებები და სხვ. მისი თაოსნობით შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის განყ-ბა, სასწ. კომიტეტი, საგამომცემლო განყ-ბა; მუშაობს პრესცენტრი, გამოდის გაზეთი „მადლი"; შექმნილია ახალგაზრდული ცენტრი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისივე დაარსებულ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას".
განსაკუთრებულია ი. II-ის წვლილი საერთაშ. ურთიერთობების გაუმჯობესებაში. მან გასული საუკუნის 60-იან წლებში დაწყებული ბრძოლა საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიისათვის გააგრძელა და ბოლომდე მიიყვანა – 1990 წ. 23 იანვარს კონსტანტინოპოლის (მსოფლიოს) საპატრიარქოს წმ. სინოდის სხდომაზე განიხილეს საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის მსოფლიო მასშტაბით აღიარების საკითხი. 1990 წ. 4 მარტს ი. II-მ მიიღო კონსტანტინოპოლის პატრიარქის, დიმიტრიოს I-ის საგანგებო სიგელი, რ-თაც დადასტურებულია საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიურობა. ამასთან, ხაზგასმულია მისი სიძველე და თვითმმართველობა უძველესი პერიოდიდან. ი. II-ის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში ტაძრების მასობრივი აღდგენა-მშენებლობა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს წმ. სამების საკათედრო ტაძრის აგება. მისივე მცდელობით გაიზარდა სას. პირთა და ეპარქიათა რაოდენობა, აღდგა სამონასტრო ცხოვრება.
ი. II უდიდეს ყურადღებას აქცევს ქვეყანაში სწავლა-განათლების საქმეს. მისი ძალისხმევით დაფუძნდა თბილისის სას. აკადემია (1988), გელათის მეცნიერებათა აკადემია (1995), წმ. თამარისა (2004) და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული (2008) უნტ-ები და სხვა სასწ. დაწესებულებები. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ი. II-მ შემოიღო საყოველთაო ნათლობა, რ-იც პირველად 2008 წ. 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქი ნათლავს ჯვარდაწერილი მშობლების ყოველ მესამე და შემდგომ შვილს. 2018 ჩატარდა რიგით 52-ე ნათლობა.
პატრიარქის შეწევნით საპატრიარქოს კარის ეკლესიასთან და ქვეყნის სხვა კუთხეებშიც გაიხსნა მოწყალების სახლები. იგი განუხრელად ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზე, მნიშვნელოვანია მისი შეხვედრები ქართვ. ემიგრანტებთან ევროპის ქვეყნებში, ირანში, თურქეთში, საინგილოში და სხვ.
ი. II-ის თაოსნობითა და ლოცვა-კურთხევით ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მოხდა ღირსეულ ქართველ მამულიშვილთა კანონიზება. საქართვ. ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ილია ჭავჭავაძე, წმ. ნინოს მშობლები – სუსანა და ზაბულონი, ამბროსი ხელაია, მიტროპოლიტი ნაზარი კრებულთან ერთად, იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, ცოტნე დადიანი, ტბელ აბუსერისძე, თევდორე აჭარელი, მღვდელი თევდორე, კლარჯელი მამანი და დედანი, კირიონ III, ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი ყიფიანი და სხვ.
ი. II-ის სახელთანაა დაკავშირებული ღვთისმსახურების დროს ქართული საგალობლების აღდგენა-განახლება. თავად პატრიარქი ავტორია რამდენიმე საგალობლისა („წმინდაო ღმერთო", „დავიღალე", „კირიელეისონ" და სხვ.), მუსიკალური ნაწარმოებებისა (ძირითადად ქართულად, მიძღვნები ღვთისმშობლისადმი), რ-ებმაც მსოფლიო მასშტაბით საყოველთაო აღიარება მოიპოვა. ი. II გამოირჩევა მხატვრობის ნიჭითაც (თამარის ფრესკა დიდუბის ეკლესიაში, წმ. სამების ხატი წმ. სამების ტაძარში, ღვთისმშობელი მანგლისის საპატრიარქო რეზიდენციაში, ვახტანგ გორგასალი რუსთავის ეკლესიაში და სხვ.). პატრიარქის ძალისხმევით თბილ. სას. აკადემიაში ჩამოყალიბდა ხატწერის სკოლა.
საქართველოს პატრიარქის თაოსნობით მოხდა სახელმწიფოსა და ეკლესიის კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი).
2002 წ. 7 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის დიდმა სამეცნ. საბჭომ ი. II საპატიო დოქტორად აირჩია, ხოლო 2005 წლის 11 მარტს საქართვ. მეცნიერებათა ეროვნ. აკადემიამ – საპატიო აკადემიკოსად.
1997 წელს, აღსაყდრების 20 წლისთავთან დაკავშირებით, დაჯილდოვდა დავით აღმაშენებლის ორდენით; მიღებული აქვს მსოფლიოს (კონსტანტინოპოლის) საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოს საპატრიარქოების; პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოები. არის ნიუ-იორკის სას. აკადემიის ღვთისმეტყველების დოქტორი, კრეტის სას. აკადემიის საპატიო წევრი, გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშ. აკადემიის წევრი, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიის ღვთისმეტყველების დოქტორი.
პატრიარქის მცდელობა, ქართული ხელოვნების (ძირითადად, საეკლესიო) უცხოეთისათვის გაცნობის შესახებ, განხორციელდა 2022 წელს, როდესაც ვატიკანში პაპის ხელდასხმით გაიმართა ქართული ხალხური მუსიკისა (საგალობლების) და ი. II-ის მიერ შექმნილი „ავე მარიას“ წარდგენა.
თხზ.: ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი (ორტომეული), თბ., 1997.
ლიტ.: დიდნი საქმენი, თბ., 2011; ილია II – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ოთხტომეული, მთ. რედ. მ. ალუდაური, ტ. 1–3, თბ., 2016–17; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., პატრიარქი – ერის სულიერი მამა, თბ., 2008; მრავალსა წელსა. ფოტოალბომი, თბ., 2015; ნათელი ქრისტენი – საქართველო, თბ., 2003; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. კრებული, მიძღვნილი უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ისადმი, თბ., 2007; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ა., საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, თბ., 1996.
რ. მეტრეველი