იმედაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე [18. II (2. III). 1882, თბილისი, – 30. IX. 1942, იქვე], მსახიობი. საქართვ. სახალხო არტისტი (1932).
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში 1900. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და სხვა თეატრებში. 1921–24 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში, 1928–31 – კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ ქუთაის-ბათუმის თეატრში (ახლანდ. თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი), 1939–42 – ქუთ. ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში. იყო ლ. მესხიშვილისა და ვ. აბაშიძის მოწაფე, ქართ. თეატრის საუკეთესო ტრადიციების მიმდევარი და დამამკვიდრებელი ქართ. სცენაზე. მონაწილეობდა ყველა ჟანრის (ტრაგედია, კომედია, ვოდევილი, მუს. კომედია და სხვ.) სპექტაკლებში. განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა კლასიკური ტრაგიკული როლების შესრულებით.
ი. ქართ. თეატრში ითვლება ოტელოს (უ. შექსპირის „ოტელო") როლის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად. ასევე წარმატებით ითამაშა ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე"), მეფე ლირი (უ. შექსპირის „მეფე ლირი"), კარლ მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები"), დათო (ა. სუმბათაშვილის „ღალატი"), ესტევანი (კ. მარჯანიშვილის მიერ 1922 დადგმული ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო") და სხვ. ი. გამოირჩეოდა დიდი ტემპერამენტით, პროფ. კულტურით, დახვეწილი აქტიორული ტექნიკითა და სასცენო მეტყველებით. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართ. სცენაზე სწორი ქართ. მეტყველების დამკვიდრებაში. 1921-იდან მოღვაწეობდა კინოში; შეასრულა გელას („მოძღვარი", 1922), ექიმის („ამოკი", 1927), კარდინალ მონტანელის („კრაზანა", 1928), ასტამირის („ელისო", 1928) და სხვ. როლები. ი. იყო რეჟისორი, ანტრეპრენიორი, მთარგმნელი; სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა ბათუმის, ჭიათურის, ქუთაისისა და სხვა თეატრებს, მსახიობთა დასებს. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის" ორდენით.
თხზ.: მოგონებანი, თბ., 1963.
ლიტ.: ბ უ რ თ ი კ ა შ ვ ი ლ ი ა., ალექსანდრე იმედაშვილი, თბ., 1956; ც ა გ ა რ ე ი შ ვ ი ლ ი ლ., ალექსანდრე იმედაშვილი, თბ., 1972.
ლ. ცაგარეიშვილი