იმერლები

იმერლები

იმერლები, ქართველთა ტერიტორიული, ლოკალური, ეთნოგრაფიული ჯგუფი.

ი. და­ს. სა­ქართველოში, იმერეთის ისტ.-ეთნოგრ. მხარეში ცხოვრობენ. აღმ. საქართვე­ლოს მკვიდრნი ი-ს ლი­ხის ქე­დის იმიერ მხა­რეს მცხოვრებ ქართველებს უწოდებდნენ.

იმერეთი და იმერელი შედარებით გვიან წარმოქმნილი სახელწოდებებია. ადრე შუა საუკუნეებში ამ ისტ.-ეთნოგრაფიულ მხარეს არგვეთი და აქ მცხოვრებ ქართვე­ლებს _ არგვეთელები ეწოდებოდათ. როგორც დიდი ისტ.-ეთნოგრ. მხარე, იმერეთი ორ მიკრორეგიონად – ქვემო და ზემო იმერეთად იყოფა, შესაბამისად _ ქვემო და ზემო ი-ად. ცალკე გამოიყოფოდა ოკრიბა, რ-ის მკვიდრებს ოკრიბელებს უწოდებდნენ.

ი. მეტყველებენ ქართული სალიტ. ენის იმერულ დიალექტზე.

ქვემო ი-ის ეთნოგრაფიულ ყოფას, როგორც კოლხეთის დაბლობზე მცხოვრებლებისა, ბევრი საერთო ჰქონდა მეგრელთა ყოფასთან, ხოლო ზემო ი-ის ტრადიციები უახლოვდებოდა ქართლელთა წეს-ჩვეულებებს. მათი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების არაერთგვაროვნებას რელიეფი, ლანდშაფტი განაპირობებს, რადგან ქვემო ი. ვაკეზე, ხოლო ზემო ი. გორაკ-ბორცვებზე ცხოვრობდნენ. განსხვავებული იყო დასახლების ფორმაც.

გეოგრაფიული ფაქტორი ი-ს იცავდა საგარეო მტრისაგან. უცხოელი მოგზაურები ყოველთვის აღფრთოვანებას გამოხატავდნენ მათი გარეგნობის გამო.

საქართველოს ისტორიაში ი-ს მნიშვნელოვანი როლი აქვთ შესრულებული - ქართლ-კახეთის შეთხელებულ მოსახლეობას ისინი ავსებდნენ.

ი. მშრომელი და მუყაითი მეურნეები არიან, განსაკუთრებით მისდევენ მევენახეობა-მეღვინეობას, გამოყვანილი აქვთ ადგილობრივ პირობებს შეხამებული ვაზისა და ხეხილის ჯიშები, არიან გამორჩეული სტუმართმოყვარენი, კერამიკული ნაწარმით ამარაგებენ საქართველოს სხვა ისტ.-ეთნოგრ. მხარეებს. საყოველთაოდ ცნობილია იმერული ყველი. ი-ს მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული კარ-მიდამოს მოვლის კულტურა.

იმერეთი მუსიკალური ტრადიციებით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარე იყო. იმერულ მუსიკალურ დიალექტში გამოიყოფა ზემოიმერული და ქვემოიმერული კილოკავები, რაც განპირობებულია რეპერტუარითა და შესრულების მანერით. ხალხური სიმღერები იმერეთში ძირითადად სამხმიანია, თუმცა ზემო იმერეთში ორხმიანი სიმღერებიც გვხვდებოდა. გვხვდება მრავალხმიანობის ყველა ტიპი. შესრულების ფორმებიდან იმერული სიმღერებისათვის დამახასიათებელია ორპირულობა, ერთპირულობა, ტერცეტისა და გუნდის მონაცვლეობა და სოლო მღერა. ზემოიმერულ კილოკავის რეპერტუარის დიდი ნაწილი ქართლურსა და კახურს იმეორებს. ქვემო იმერლები მღერიან საკმაოდ ხმამაღლა. იმერული სიმღერებია: „კეისრული", „პატარა საყვარელო", „ნადური", „ცხენოსნური", „დელი-დელა", „ჭონა", „გონჯა"... საკრავებიდან გავრცელებული იყო ჩონგური. იმერეთში ქეიფისას ყოველ სადღეგრძელოს მოსდევდა დამსწრეთა გუნდური სიმღერა. როგორც XIX საუკუნეში ფრანგი ბარონი დე ბაი აღნიშნავდა, „სუფრაზე სიმღერა ჩვეულებრივი იმერეული წესია". ძველად იმერელ მომღერლებს შიდა ქართლში ქორწილებშიც ხშირად იწვევდნენ.

ლიტ.: მაისურაძე ნ., ქართული ხალ­ხური მუსიკა და მისი ისტორიულეთნოგრაფიული ასპექტები, თბ., 1991.

რ. თოფჩიშვილი