იმერული ცხვარი, უძველესი ადგილობრივი ქართული ცხვრის ჯიში. დღევანდელი სახით მისი ჩამოყალიბება მოხდა IV–VI საუკუნეებში. ტანად პატარაა, აქვს თხელი, წაგრძელებული სხეული, მოკლე კონუსისებრი კუდი, მაგარი კიდურები. უფრო ხშირად თეთრია, ზოგჯერ ჭრელი ან ფერადი. ნერბის ცოცხალი მასაა 29,2 (უდიდესი – 39) კგ, ვერძისა – 34,9 (უდიდესი – 45) კგ. მატყლი წმინდა და გარდამავალბეწვიანია, ურევია მქისე ბეწვიც, რბილია. ნერბის კულულის სიგრძეა 13,3 სმ (თივთიკის სართული – 10), ვერძისა – 17,4 სმ (თივთიკის სართული – 11,6). ნერბის წლიური ნაპარსია 1,53 კგ, ვერძისა – 2,7 კგ. ერთ-ერთი ყველაზე ადრე მწიფე ბადი ჯიშია, სწრაფად იზრდება. 4 თვისა – სქესობრივად, 6 თვის კი ფიზიოლოგიურად მომწიფებულია; ინერბება და 11–13 თვის ასაკში იგებს 2–5 ბატკანს, რ-თაგან 2-ს დაუხმარებლად ზრდის. პოლიესტრულია, ე. ი. მრავლდება წლის ყველა სეზონში.
საუკუნეების განმავლობაში ხალხური სელექცია მიმდინარეობდა 2 წელიწადში 5 დოლისა და მრავალნაყოფიერი თაობის მიღების მიმართულებით. ადრეულობის, პოლიესტრულობისა და მრავალნაყოფიერების წყალობით ი. ც-ს ახასიათებს თაობათა სწრაფი ბრუნვა: ერთი ნერბის შთამომავლობა 3 წლის ასაკში 15–20 სულს აღწევს, ხოლო რეკორდული ნერბის შთამომავლობამ 3,5 წლის ასაკში 76 სულს მიაღწია. ი. ც. გამოირჩევა ხმელი კონსტიტუციით. 1 ნერბიდან წელიწადში შესაძლებელია 50 კგ-ზე მეტი ხორცის (ნაკლავის მასა) მიღება. ნაკლავის გამოსავლიანობა – 43–47%; ხორცი გემრიელია, სპეციფ. სუნი არა აქვს.
ი. ც. გავრცელებულია იმერეთში, რაჭაში, ლეჩხუმსა და სვანეთში, სადაც 2004 წლის აღწერით სულადობამ 31,4 ათ. შეადგინა. ი. ც-ის არეალში ბოლო 80 წლის განმავლობაში შეიყვანეს თუშური, ჰემფშირული, ყარაჩაული და სხვ. ჯიშის ერკემლები, რამაც შეამცირა ხალასჯიშიანის სულადობა და გააუარესა ჯიშური თვისებები. დიდი მნიშვნელობა აქვს მისი უნიკალური გენოფონდის გამოყენებას ინდუსტრიულ მეცხვარეობაში.
მ. რჩეულიშვილი
გ. გოგოლი