იმერული მუხა (Quercus robur subsp. imeretina), ზაფხულმწვანე ხე წიფლისებრთა ოჯახისა, საქართველოს ენდემი. სიმაღლე 30 მ აღწევს. აქვს მოკლეყუნწიანი ფოთლები და გრძელყუნწიანი, ვიწრო ცილინდრული ნაყოფი. გავრცელებულია კოლხეთში.
სხვა ფართოფოთლოვან ხეებთან (ჰართვისის მუხა, ძელქვა, ლაფანი, მურყანი, იფანი, რცხილა) ერთად დაბლობებსა და მთისწინეთის ტერასებზე ზ. დ. 300 მ-მდე ქმნის შერეულფოთლოვან ტყეებს, ჩრდილის ამტანი და ტენის მოყვარული ჯიშია. ძლიერი ფესვები აქვს და ამიტომ ქარგამძლეა. იზრდება ღრმა თიხიან და წითელმიწა გაეწრებულ ნიადაგებზე.
ი. მ-ის მასივები უფრო მეტად შემონახულია ქუთაისის მიდამოებსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტში; ძელქვასთან ერთად იგი დაცულია აჯამეთის ნაკრძალში. დეკორ. მცენარედ აშენებენ ბოტან. ბაღებში.
შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში".
მ. სახოკია