იმირის გორა, ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის (ძვ. წ. VI ათასწლ.) გორანამოსახლარი სოფ. იმირის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) სამხრ.-დას-ით, მდ. ხრამის მარჯვ. ნაპირას. გაითხარა 1966–71 (ხელმძღვანელები: ა. ჯავახიშვილი, ო. ჯაფარიძე).
ნამოსახლარი წარმოადგენს 4–5 მ სიმაღლისა და 90 მ დიამეტრის ბორცვს, რ-იც წარმოიქმნა ალიზის ნაგებობათა ნგრევისა და პერიოდული განახლების შედეგად. 5 მ-ზე მეტი სისქის კულტ. ფენაში დადგენილია 7 სამშ. ჰორიზონტი. საცხოვრებელი კომპლექსები შედგება საცხოვრ. და სამეურნ. ნაგებობებისა და მათ შორის მოქცეული სამეურნ. ეზოსაგან. ცრუგუმბათოვან ნაგებობათა უმრავლესობა წრიულგეგმიანია.
აღნიშნული კომპლექსები ერთმანეთთან დაკავშირებულია მორკალული კედლებით და წრიულადაა განლაგებული ცენტრ. მოედნის გარშემო.
ი. გ-ის მკვიდრი მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, ნადირობასა და თევზჭერას. ი. გ-ის ქვედა ჰორიზონტებში აღმოჩენილია ჭდეული ორნამენტით და კონუსური კოპებით შემკული უხეშად ნაძერწი ჭურჭელი; ობსიდიანისა და კაჟის ნაწარმი, ძვლის ნაკეთობანი. ზედა ჰორიზონტებში ნაპოვნია სხვადასხვა სახის რელიეფური ორნამენტით შემკული უხეშად ნაძერწი და შედარებით უკეთ ნაძერწი მოვარდისფროზედაპირიანი თიხის სადა ჭურჭელი, ძვლის თოხები, ირმის რქისაგან დამზადებული სხვადასხვა დანიშნულების იარაღი, თიხის რამდენიმე ანთროპომორფული ქანდაკების ფრაგმენტი.
ი. გ. შულავერ-შომუთეფეს კულტ. ადრეული საფეხურის ტიპური ძეგლია.
ადრინდ. ბრინჯაოს ხანიდან ი. გ. სამაროვნად გამოუყენებიათ. მის ცენტრ. ნაწილში გაითხარა მტკვარ-არაქსის კულტ. და ადრინდ. და შუა ბრინჯაოს ხანის, გვიანდ. ბრინჯაო–ადრინდ. რკინის ხანის სამარხები, ფეოდ. ხანის (XIII–XIV სს.) 3 მდიდრული სამარხი.
ლიტ.: ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965–1971 წწ.), თბ., 1975; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ალ., უძველესი საცხოვრებელი შენობები საქართველოს ტერიტორიაზე, «ძეგლის მეგობარი», 1968, №14; მ ი ს ი ვ ე, ქვემო ქართლის უძველესი ნასოფლარები, იქვე, 1972, №30; მ ი ს ი ვ ე, Строительное дело и архитектура поселений Южного Кавказа. V–III тыс. до н. э., Тб., 1973.
თ. კიღურაძე