დავით ბატონიშვილის სასახლე, მდებარეობდა გარეთუბანში, მტკვრის მარჯვენა ნაპირთან ახლოს (გადაჰყურებდა მტკვარს), ახლანდ. მარი ბროსეს ქუჩის მარცხ. მხარეს. სიონსა და ანჩისხატს შორის მდგარი XVII–XVIII სს. სამეფო სასახლე აღა-მაჰმად-ხანის შემოსევას შეეწირა. მისი აღდგენა ვერ შეძლეს ვერც ერეკლე II-მ და ვერც გიორგი XII-მ.
რუს. იმპერიის მიერ აღმ. საქართვ. სამეფოს გაუქმების (1801) შემდეგ, დანგრეული სასახლის სამშ. მასალა რუსულმა ხელისუფლებამ თბილისში მშენებარე სხვადასხვა საუწყებო შენობის აგებას მოახმარა. ამის გამო დავით ბატონიშვილმა რუს. ხელისუფლებას პროტესტი განუცხადა, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, ამან გადააწყვეტინა მას ახ. სასახლის აგება.
მშენებლობა, სამშ. ხარჯის ნუსხის მიხედვით, 1801 წ. 8 მაისს დაუწყიათ: „ქ. ღ∼თით. გარეთ, ბატონისშვილის ბრძანებით სასახლის მუშაობას ხელი მიეყო და იმისი ხარჯი ამას ქვეით სწერია..." (სცსია, ფ. 1448, საქ. № 5964). კავკასიის მთავარმართებელმა პავლე ციციანოვმა 1803 ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის წევრები და მათი თანმხლები ქართვ. თავადაზნაურობა რუსეთში ძალდატანებით გადაასახლა, მ. შ. იყო დავით ბატონიშვილიც, რის გამოც მის მიერ დაწყებული სასახლის მშენებლობა დაუსრულებელი დარჩა.
დ. ბ. ს. დატანილია თბილისის 1809 ე. წ. ბანოვის გეგმაზე № 9-ით: „Дворецъ Царевича Давида Георгиевича (Незаконченной стройкой)". 1838 წ. 20 ივნ. თბილისის გარეთუბნის ნაწილის გეგმაზე, რ-საც ეწოდება „Часть плана города Тифлиса называемого Гаретубанью, с показаниемъ на..." №59-ით დატანილია მართკუთხა ფორმის ვიწრო შენობა (1809 წ. გეგმაზეც დ. ბ. ს. მართკუთხა ფორმითაა დატანილი).
თანდართულ განმარტებაში აქვს წარწერა: „Каменный двухъэтажный домъ бывшего Царевича Давида", № 60-ით დატანილია სასახლის კუთვნილი ქვით ნაგები სამზარეულო, ხოლო № 61-ით წარმოდგენილ განმარტებაში მოხსენიებულია მეჩეთი, რაც ერთადერთი ცნობაა გარეთუბანში XIX ს-ში მუსლ. სალოცავის არსებობის შესახებ. გეგმაზე უკვე ამ დროისათვის დ. ბ. ს-ის მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს ეკავათ (მესანგრეთა ყაზარმები და სხვ.). XIX ს. II ნახევარში გარეთუბნის ინტენს. განაშენიანებამ აღნიშნულ ადგილს მთლიანად შეუცვალა გარეგანი სახე.
ლიტ.: გ ე გ ი ა ლ., გარეთუბანში მდგარი დავით ბატონიშვილის სასახლის ისტორიისათვის, «ხელოვნება», 1998, №2.
თ. ბერიძე