ინაშვილი ალექსანდრე (სანდრო) იობის (იოველის) ძე

 

ა. ინაშვილი
ა. ინაშვილი

ინაშვილი ალექსანდრე (სანდრო) იობის (იოველის) ძე [11(23). VIII. 1887, თბილისი, – 4. VI. 1958, იქვე], მომღერალი (ბარიტონი), ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლო­ში. საქართვ. და სსრკ სახ. არტისტი (1950). ­

თავდაპირველად მღეროდა ა. კავსაძისა და ნ. სულხანი­­შვი­ლის ქართ. ხალ­ხუ­რი სიმღერის გუნდებში. 1912-იდან გამოდიოდა თბილ. სახალხო თეატრის სპექტაკლებში (ხელმძღვ. ს. ევლახი­შვი­ლი), იმღერა ტორეადორის (ჟ. ბიზეს „კარმენი"), რიგოლეტოს და ჟერმო­ნის (ჯ. ვერდის „რიგოლეტო" და „ტრავიატა"), ფიგაროს (ვ. ა. მოცარტის „ფიგაროს ქორწინება") პარტიები.

1916 დაამთავრა თბილ. სამუსიკო სასწავლებელი (ე. რიადნოვის კლასი), 1917-იდან თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო.

1923 ი. ა. სუმბათაშვილ-იუჟინისა და ვ. სარაჯი­შვი­ლის დახმარებით იტალიაში გაემგზავრა და სწავლა განაგრძო ე. ჯირალდონისთან. 1923–25 წარმატებით გამოდიოდა იტალ. და ესპანურ საოპერო თეატრების სცენებზე. 1926–32 მღეროდა მოსკოვის დიდი თეატრისა და ლენინგრადის საოპერო თეატრის სცენებზე.

1933 დაბრუნდა თბილისში და მუ­შა­ობ­და თბილ. ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და სოლისტად. ხავერდოვანი ტემბრის ხმისა და ბრწყინვალე აქტიორული ნიჭის წყალობით შექმნა შე­სა­ნიშნა­ვი ვოკალურ-სცენური სახეები ქართ. და უცხ. ოპერებში, რ-თაგან აღსანიშნავია: მურმანი და კიაზო (ზ. ფალია­შვი­ლის „აბესალომ და ეთერი", „დაისი"), გოჩა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი"), აბდულ-არაბი (დ. არაყი­შვი­ლის „თქმულება შოთა რუსთაველზე" – იყო ამ პარტიის პირველი შემსრულებელი), ევგენი ონეგინი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი"), ფიგარო (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი"), ბორის გოდუნოვი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი"), დემონი (ა. რუბინშტეინის „დემონი"), მეფისტოფელი (შ. გუნოს „ფაუსტი"), ესკამილიო (ჟ. ბიზეს „კარმენი"), სკარპია (ჯ. პუჩინის „ტოსკა") და სხვ.

ი. ეწეოდა საკონცერტო, სარეჟისორო და პედ. მოღვაწეობასაც. დადგა ოპერები: ჯ. ვერდის „აიდა" და პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი". მისი მოწაფეები არიან მ. ამირანა­შვი­ლი, თ. ზაალი­შვი­ლი, პ. თომაძე, შ. კიკნაძე, ი. შუშანია და სხვ.

ლიტ.: კ ა შ მ ა ძ ე  შ., სანდრო ინა­შვილი, თბ., 1948; მ ჭ ე დ ლ ი ძ ე  დ., ქართველ მომღერალთა სამი თაობა, თბ., 1968.

მ. გედევანი­შვი­ლი