ინგილოები, ქართული ეთნოსის ეთნოგრაფიული ტერიტორიულ-ლოკალური ჯგუფი. ცხოვრობენ კახეთის ჩრდ.-აღმ-ით თანამედროვე აზერბაიჯანის ზაქათალის, კახისა და ბელაქნის რ-ნებში.
„ინგილო" ეწოდა ამ ქვეყნის მკვიდრ უძველეს ქართულ მოსახლეობას. ამ მხარის ადგილობრივ მცხოვრებ გამაჰმადიანებულ ქართველებს „ახლად მორჯულებულები" (ძველი თურქულით „იანგოლი") უწოდეს, საიდანაც წარმოდგა „ინგილო" და ამ მხარის სახელწოდება „საინგილო".
1897 აღწერით ზაქათალის მაზრაში ქართული ენა მშობლიურ ენად 12.394 ადამიანმა აღიარა. გამოიყოფა ი-ის ორი ჯგუფი – ქრისტიანი და მაჰმადიანი. საბჭოთა პერიოდში და ახლაც აზერბაიჯანის ხელისუფლება ქართველებად მხოლოდ ქრისტიან ი-ებს მიიჩნევს. ისინი ქართულსუფიქსიან გვარებსაც ატარებენ. აღწერებში ქართველები (ი.) თითქმის ერთი და იმავე რაოდენობით იყვნენ დაფიქსირებული (14 ათასი). მაჰმადიანი ი. აზერბაიჯანელებად არიან ჩაწერილი და გვარებიც აზერბაიჯანულის ანალოგიური აქვთ – მამის სახელზე რუსული -ევ (-ოვ) სუფიქსის დართვით. მაჰმადიანი ი-ის არაერთი ცდა, დაებრუნებინათ ქართული გვარები და ეროვნება, წარუმატებელი აღმოჩნდა.
აღმ. კახეთში, ანუ საინგილოში ქართველები ეთნიკურ უმცირესობად იქცნენ XVII ს-ში, როდესაც შაჰ-აბასის მიერ ირანში გადასახლებული ქართველების ნასახლარებზე დაღესტნელი ხუნძები და წახურები ჩამოსახლდნენ. XVIII–XIX სს-ში ი-თა მნიშვნელოვანი რაოდენობა გალეკდა, რადგან აღმ. კახელი გლეხები „უბატონო თემების" მხარეზე გადადიოდნენ და მათ შორის სახლდებოდნენ.
საბჭ. პერიოდში საინგილოში მცხოვრები ქართველების ძალადობრივი ასიმილაცია მიმდინარეობდა. როგორც ქრისტიანი, ისე მაჰმადიანი ი. ქართული ენის ინგილოურ დიალექტზე საუბრობენ. შევიწროვების გამო კახის რ-ნის სოფ. ყორაღანიდან ქრისტიანი ი. 1930, კახეთში, დედოფლისწყაროს რ-ნის სოფ. სამთაწყაროში გადმოსახლდნენ.
უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საინგილოში მცხოვრები ქართველები თავის თავს „ინგილოს" აღარ უწოდებენ. მათ დაიმკვიდრეს სახელწოდება „ჰერი/ჰერელი", რადგან ეს მხარე XV ს-მდე „ჰერეთის" სახელს ატარებდა.
იხ. აგრეთვე სტ. საინგილო.
რ. თოფჩიშვილი