იოანე ბერაი, X ს. ქართველი კალიგრაფი. აღიზარდა და მოღვაწეობდა შატბერდის მონასტერში. პარხლის ოთხთავისა და შატბერდის კრებულის გადამწერი.
პარხლის ოთხთავი (22,9 სმ × 19,9 სმ, 259 ფურცელი, ეტრატი) გადაწერილია 973. ნაწერი შესრულებულია მრგლოვანით, ორ სვეტად, სეპიის (ღია ყავისფერი) ფერი მელნით. ყოველი თავის დასაწყისში სინგურის სათაურები და ინიციალებია, ხოლო თავსა და ზოგიერთი მუხლის ბოლოს – სინგურისავე წვრილი ჯვრებია, რითაც კალიგრაფი ხელნაწერს უფრო საზეიმო იერს ანიჭებს.
შატბერდის კრებული (973–976) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლია თავისი მდიდარი შინაარსის გამო. იგი შეიცავს უძვირფასეს ქართულ საისტ. წყაროს – „ქართლის მოქცევის" მატიანეს, გრიგოლ ნოსელის, ეპიფანე კვიპრელისა და ბასილი კესარიელის თხზულებებს, დავითის ფსალმუნებს და სხვ. იგი საშუალო ზომის სქელი წიგნია (28,0 სმ. × 22,0 სმ, 286 ფურცელი, ეტრატი). კრებულის 126 ფურცელი ასომთავრულითაა გადაწერილი ორ სვეტად, ყავისფერი მელნით და ერთი ხელითაა შესრულებული. შემდეგ ნუსხური უშუალოდ აგრძელებს მთავრულს. აქ სამი ხელი გაირჩევა (ალბათ, ამ ნაწილის გადაწერაში იოანეს ძმა და ბიძა – მიქაელ მოდრეკილი – მონაწილეობდნენ). შატბერდის კრებულის გაფორმება მარტივი და უპრეტენზიოა.
ი. ბ. თავისი დროის შესანიშნავი კალიგრაფი იყო.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.
ვ. ბერიძე