იოანე მთაწმიდელი, იოანე ა თ ო ნ ე ლ ი (დაახლ. 920–1005), ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი; ერისკაცობაში – სამცხის ერთ-ერთი დიდებული – ვარაზ - ვაჩე ჩ ო რ დ ვ ა ნ ე ლ ი. ბერად შედგა ოთხთა ეკლესიის ლავრაში. შემდეგ ბიზანტიაში მოღვაწეობდა ოლიმპის მთაზე, სადაც მიიყვანა თავისი მცირეწლოვანი შვილიც, შემდეგში ექვთიმე მთაწმიდელი. 965 ექვთიმესა და რამდენიმე მოწაფესთან ერთად გადასახლდა ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში. ქართვ. ბერებმა თავდაპირველად იოანე მახარებლის ეკლესია ააშენეს, შემდეგ კი დამკვიდრდნენ ათონის ივერთა მონასტერში, რ-ის აღმშენებელი და პირველი წინამძღვარი იყო ი. მ. ცნობილია მისი განსაკუთრებული როლი ათონის სამწიგნობრო კერის საქმიანობაში. ეწეოდა ფართო ორგანიზაციულ საქმიანობას, ზრუნავდა ათონზე ქართველთა საძმოს გაფართოებისა და სამონასტრო კომპლექსის შემდგომი გაძლიერებისთვის, ყიდულობდა დომენებს. ყოველივე ამით მან კეთილგანწყობა მოიპოვა როგორც ქართველთა, ისე ბერძნული ლავრის წევრებს შორის, უზრუნველყოფდა ქართული მონასტრების მკვიდრთა კეთილმეზობლურ ურთიერთობას ბერძნულ და ლათინურ მონასტრებთან. ი. მ. ცდილობდა ივირონის (ივერთა) საეკლ.-სამონასტრო ცხოვრების მიმართ ფართო ინტერესის გაღვივებას ბიზანტიის ხელისუფალთა და სხვა ბერძენ მოღვაწეთა შორის. იმპერატორების – ნიკიფორე ფოკას, იოანე ციმისხის და ბასილი II-ის – ოქრობეჭდებით ი. მ-მა საკმაოდ შთამბეჭდავი მატერიალური დახმარება მიიღო, რ-იც ათანასე დიდის ლავრისა და ქართველთა მონასტრების კეთილდღეობას მოახმარა.
საგანგებო აღნიშვნის ღირსია ათონის ბერძნ. ლავრის დამაარსებლისა და წინამძღვრის, ათანასე დიდის დამოკიდებულება იოანე ათონელთან, რაც იყო ბერძნ. საძმოს პატივისცემის გამოვლენა ათონის პირველი ქართვ. მოღვაწეების მიმართ. ამ დაფასების დადასტურებაა ისტ. მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი „სამადლობელი იბერიელთა მიმართ", რ-იც 984 ათანასე დიდმა მიუძღვნა იოანე იბერს, და მისი სახით, მთელ ქართველ საძმოს (ივირონის არქივი, N6), „სამადლობელს" ხელს აწერდნენ ათანასე დიდი და ათონის სხვა მონასტრების ცნობილი მოღვაწენი. ამ დოკუმენტის ბერძნ. ტექსტის ქართ. თარგმანი ორჯერ არის გამოქვეყნებული (გეორგიკა, VIII, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1970; ე. ჭელიძე, წმ. ათანასე ათონელი, სამადლობელი იბერიელთა მიმართ, წგ.: მუშაკი სულიერისა ვენახისაჲ, მიძღვნილი მ. ქავთარიას 80 წლის იუბილესადმი, თბ., 2012). ათანასე დიდმა თავისი ანდერძით ქართვ. ბერი ბერძენთა დიდი ლავრის ეპიტროპად (წინამძღვრად) დანიშნა. ამავე ანდერძით ი. მ-ის გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობა მის შვილს, ექვთიმეს, გადაეცემოდა.
ი. მ-ის უპირველესი ზრუნვის საგანი სკრიპტორიუმების შექმნა და განვითარება იყო. სამონასტრო კერის სამწერლობო ცენტრად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისმა კულტ.-საგანმანათლებლო პროგრამამ. სკრიპტორიუმებზე ზრუნვა, უპირველეს ყოვლისა, გამჟღავნდა იმით, რომ იოანემ თავისი შვილი ექვთიმე განსწავლა ქართ. და ბერძნ. მწერლობაში და ბერძნ. სას. ძეგლების ქართ. ენაზე თარგმნის გრანდიოზული პროგრამა დაუსახა მიზნად. ი. მ-ის ღვაწლი ქართ. ენაზე თარგმნისა და ქართ. ხელნაწერების შექმნაში ყველაზე მეტად გამჟღავნებულია მეტატექსტებში, ანუ ათონზე გადაწერილი ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებში. მათში იოანე ჩანს როგორც უაღრესად განსწავლული ღვთისმეტყველი, რ-ის მსჯელობები უზუსტესი ტერმინოლოგიით არის გაჯერებული და მარტივად და გასაგებად გადმოსცემს ურთულეს საღვთისმეტყველო მოძღვრებას. ექვთიმეს მიერ თარგმნილი ძეგლების ანდერძ-მინაწერებში ექვთიმეს გვერდით იხსენიებენ იოანეს. ამის ნათელი მაგალითია ექვთიმეს მიერ თარგმნილი ბასილი დიდის „სწავლათა" უძველესი ხელნაწერი (Ath. 32, 977).
ი. მ-ის დამსახურებას ათონის სამონასტრო კერის დაფუძნებასა და გაძლიერებაში თანამედროვეთა მხრივ სათანადო აღიარება მოჰყვა. მასზე შეიქმნა საგალობლები [„ათონის კრებულის" (XII ს. I ნახ.) მეორე რედაქციაში შესულია ორი საგალობელი], ეპიგრამები. იოანესა და სხვა ათონელი მოღვაწეების ხსოვნის აღსანიშნავად XVIII ს. I ნახ. ანონიმმა ავტორმა დაწერა იოანეს, ექვთიმესა და გიორგი მთაწმიდელების „ცხოვრება" ბერძნ. ენაზე (ბერძნ. ტექსტი თარგმანითა და გამოკვლევით გამოსცა მ. მაჩხანელმა, თბ., 1982).
ი. მ-ის მოღვაწეობის დადასტურებაა ექვთიმე მთაწმიდელის მიერ თარგმნილი ცნობილი ეგზეგეტიკური თხზულება – იოანე ოქროპირის „მათეს თავის თარგმანება", რ-შიც ნათლად იკვეთება იოანეს შემოქმედებითი ლიტ.-მთარგმნელობითი მოღვაწეობის ხასიათი, მისი როლი თხზულების თარგმნაში.
ი. მ-ის ზრუნვა მონასტერსკრიპტორიუმებზე, მისი კულტ.- საგანმან. მისია ქართვ. ერისა და სახელმწიფოს წინაშე შეფასებულია ათანასე დიდის სიტყვებით „სამადლობელიდან“: იოანე ათონელი იყო შემოქმედი „მრავალრიცხოვანი, შეუდარებლად დიდი და წარმოდგენაზეც აღმატებული საქმეებისა".
წყარო: გიორგი მთაწმიდელი, ცხორებაჲ იოვანესი და ეფთჳმესი, გამოსაცემად მოამზადა ივ. ჯავახიშვილმა, რედ. ა. შანიძე, თბ., 1946.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1945; მ ე ნ ა ბ დ ე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 1980; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი ე., ნარკვევები ათონის კულტურულსაგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996; ხ ი ნ თ ი ბ ი ძ ე ე., ათონის ლიტერატურული სკოლა და ახალი მხატვრული სტილი ქართულ აგიოგრაფიაში, ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა, თბ., 2013.
მ. რაფავა