იოვანე ოქროპირი (Iōannē chrysostomos) (344–354, ანტიოქია, – 14.IX. 407, კომანის ახლოს, პონტო), ქრისტიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე, „ეკლესიის მამათაგანი", მწერალი, იყო ბრწყინვალე ორატორი (ამიტომ V ს-იდან შეარქვეს „ოქროპირი"). კონსტანტინოპოლის პატრიარქი 398-იდან. მიიღო საფუძვლიანი განათლება. მისი მასწავლებლები იყვნენ წარმართი ფილოსოფოსი ლიბანიოსი და თეოლოგი დიოდორუს ტარსუსელი. გამოდიოდა არიანელობის წინააღმდეგ, აქტიურად ერეოდა საერო და სას. ხელისუფალთა შორის ბრძოლაში, ბიზანტიის პოლიტ. ცხოვრებაში, რის გამოც ორჯერ (403 და 404) გადააყენეს პატრიარქობიდან და გადაასახლეს კუკუსოში („მცირე არმენია"), აქედან კი 407 – ბიჭვინთაში. ი. ო. გარდაიცვალა გზაში, კომანის (კამანი) ახლოს, სადაც დღესაც ინახება მისი სარკოფაგი.
ი. ო-ის მდიდარი ლიტ. მემკვიდრეობიდან ჩვენამდე მოაღწია ქადაგებებმა, რ-ებიც ცხადად წარმოგვიდგენს ფეოდალიზაციის გზაზე მდგარი ბიზანტიის საზ. ყოფას. ი. ო. დაურიდებლად ამხელდა საზ. ცხოვრების მანკიერმხარეებს, საერო და საეკლ. ხელისუფალთა უსამართლობას. როგორც ყველაზე დიდი „საეკლესიო მამა", იგი მეტად პოპულარული იყო ბიზანტ. მწერლობაში. ი. ო-ის შემოქმედებას კარგად იცნობს ძვ. ქართ. მწერლობაც.
ლიტ.: ა ბ უ ლ ა ძ ე ი., ქართული წიგნები იოანე ოქროპირის ცხოვრებისა და მისი გამოძახილი ძველ ქართულ მწერლობაში, «ენიმკის მოამბე», 1944, ტ. 14.
რ. მიმინოშვილი