იოანე პეტრიწი, შუა საუკუნეების (XI ს.) გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი (გადმოცემით იოანე ფილოსოფოს ჭიმჭიმელსაც უწოდებდნენ). ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მხოლოდ XVIII ს. მწიგნობარნი იუწყებიან, რომ ი. პ. სამცხიდან იყო, დიდგვაროვანი ჩამომავლობისა, ახალგაზრდობაში სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში, სადაც მას ასწავლიდნენ ბიზანტ. რენესანსის წარმომადგენლები: მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი. ი. პ-ს აქტ. მონაწილეობა მიუღია იდეურ მოძრაობაში, რ-საც იტალოსი მეთაურობდა. იტალოსის გასამართლებისა (1083) და მისი მიმდევრების დევნის შემდეგ ი. პ. პეტრიწონის მონასტერში გადასახლდა. ერთხანს შავ მთაზე ეფრემ მცირესთან იყო, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა გელათის აკადემიას. ქართულად თარგმნა ნემესიოს ემესელის იმ დროს კარგად ცნობილი ნაშრომი „ბუნებისათჳს კაცისა", მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაინც პროკლე დიადოხოსის „თეოლოგიის საწყისების" მისეული ქართ. თარგმანია ვრცელი კომენტარითურთ. პეტრიწისეული კომენტარი წარმოადგენს ნაშრომის რეცეფციის მნიშვნელოვან მცდელობას, რადგან ქართვ. ფილოსოფოსი ამ ნაშრომს განიხილავს იმანენტურად, თავად პროკლეს ფილოსოფიაზე დაყრდნობით. ამის გამო, პროკლეს ფილოსოფიის, განსაკუთრებით კი, მის შესახებ შუა საუკუნეებში შექმნილი კომენტარების შესწავლის დროს ი. პ-ს საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს. „თეოლოგიის საწყისების" დღემდე გავრცელებულ გამოცემებში ეს არადამაკმაყოფილებლადაა წარმოდგენილი, მხოლოდ ზედაპირულად განიხილებოდა ან უსამართლოდ იყო გაკრიტიკებული (მაგ., ე. რ. დოდსის პროკლეს „თეოლოგიის საწყისების" ცნობილი გამოცემა). პროკლეს ფილოსოფიური შემოქმედების კვლევაში არსებული ეს ხარვეზი მხოლოდ იმის მეშვეობით გასწორდება, თუკი „თეოლოგიის საწყისების" ქართული თარგმანი და კომენტარი პროკლეს ბიზანტიელ და ლათინელ კომენტატორებთან მჭიდრო კავშირში იქნება განხილული და შეფასებული.
ი. პ-მა ნეოპლატონიკოს პროკლეს „თეოლოგიის საწყისების" ყველა თავი დაწვრილებით, სიტყვა-სიტყვით განმარტა, ისევე, როგორც ბერტოლდ მოსბურგელმა, რ-მაც პროკლეს ამ ნაშრომის ძალზე ვრცელი კომენტარი შექმნა. პროკლეს ამ ნაშრომის პეტრიწისეული კომენტარი გვარწმუნებს, რომ ქართვ. ავტორი ანტიკურ ფილოსოფიას ჩინებულად იცნობდა; ის არ იყენებდა მეორეულ წყაროებს და სახეცვლილ ინფორმაციებს ანტ. მოაზროვნეების შესახებ. პეტრიწისთვის პროკლეს ფილოსოფია თავისთავად ღირე ბულებას წარმოადგენს, ამიტომ ის „თეოლოგიის საწყისებს" ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტავს; ქართველ მოაზროვნეს სურს, რომ ამ ნაშრომის ფარული შრეები გამოავლინოს და მის არსს ჩასწვდეს. ამ მიზნით ის ისევ პროკლეს და ანტ. ფილოსოფიის სხვა წარმომადგენლებს ეყრდნობა. ი. პ-ის კომენტატორული მეთოდი შუა საუკუნეებში დამკვიდრებული ახსნაგანმარტებითი მეთოდებისგან მკვეთრად განსხვავდება. ამ თვალსაზრისით, იგი უფრო მეტად რენესანსის მოაზროვნეებთან ამჟღავნებს ნათესაურ კავშირს: პეტრიწი ორიგინ. წყაროებიდან თარგმნის და განმარტავს პროკლეს. იგი „განმარტებაჲს" წინასიტყვაობაში საფუძვლიანად მიმოიხილავს თავისი ნაშრომის შექმნის ძირითად მოტივებს. მისი აზრით, სწორედ პროკლეა ის მოაზროვნე, რ-მაც პლატონის გვიანდელი მოძღვრება შესაფერისად გაიგო და ადეკვატურად განავითარა. აქ ნათლად ჩანს, რომ პეტრიწისთვის პლატონის ფილოსოფია წარმოადგენს პირველად „ინსტანციას". პლატონი და პლატონიკოსები თავიანთი ფილოსოფიით მკვეთრად განსხვავდებიან არისტოტელესა და პერიპატეტიკოსებისაგან. ეს უკანასკნელნი ამქვეყნიურ სიბრძნეს გვაწვდიან მაშინ, როცა პლატონი და მისი მოწაფეები ზექვეყნიურ, ღვთაებრივ საიდუმლოს გვაზიარებენ. ამგვარი რამ არისტოტელესა და მის მიმდევრებს არ ხელეწიფებათ. ამიტომ ი. პ-ის სიმპათია უფრო პლატონისა და პლატონიკოსებისაკენ იხრება, მიუხედავად იმისა, რომ ის არისტოტელეს ფილოსოფიას არ უარყოფს. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ სტაგირელის ლოგიკა მისი კომენტარის საგანგებო ინტერესთა სფეროს მიეკუთვნება. პლატონისა და მისი ფილოსოფიის, ასევე მისი მიმდევრების ამგვარი პატივისცემა ლათინურენოვან სამყაროში პეტრიწზე გაცილებით გვიან იკიდებს ფეხს. აქ, პირველ ყოვლისა, უნდა დავასახელოთ გვიანი შუა საუკუნეების გერმ. მოაზროვნე ალბერტ დიდი (XIII ს.) და მისი სკოლა. თუმცა ი. პ. ორიგინ. (ბერძნული) წყაროების დიდი ცოდნით გამოირჩევა, მაშინ როცა ალბერტ დიდი ბერძნ. ენას ვერ ფლობდა. კიდევ ერთი თვალშისაცემი განსხვავება პეტრიწსა და პროკლეს სხვა კომენტატორებს შორის არის ის, რომ იგი პროკლეს განმარტავს ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ხსენების გარეშე. აქაც პეტრიწის, როგორც პროკლეს მკვლევრის, უთუო უპირატესობა ჩანს: „თეოლოგიის საწყისების" ახსნა-განმარტებისას მან არ გამოიყენა ნეოპლატონიზმის გვიანდელი ვერსიები (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი). ი. პ-სთვის პროკლეს ფილოსოფიას და მის „ერთის მეტაფიზიკას" თავისთავადი ღირებულება გააჩნია. ის, შესაძლებელია, სამყაროს ქრისტ. სურათის შესაქმნელად გამოვიყენოთ, მაგრამ თავდაპირველად მისი შესაფერისი გაგება და განმარტებაა აუცილებელი.
ანტ. სამყაროს ფილოს. ტექსტებს ი. პ. საფუძვლიანად იკვლევს. იგი თვლის, რომ წიგნის დედააზრს მხოლოდ მისი ადეკვატური განმარტებით გავიგებთ; ანუ ამა თუ იმ ავტორის შემოქმედება იმანენტურად, პირველად წყაროებზე დაყრდნობით უნდა განვმარტოთ. ამ თვალსაზრისით ი. პ-ის ახსნაგანმარტებითი მეთოდი მსგავსია იტალიური რენესანსის ცნობილი წარმომადგენლის, მარსილიო ფიჩინოს (1433–99) კომენტატორული მეთოდისა.
ი. პ-სთვის ფილოსოფია აღარაა ღვთისმეტყველების მსახური. ის, ეფრემ მცირისგან განსხვავებით, „გარეშე ფილოსოფოსებს" დიდ ყურადღებას აქცევს და მათი შესწავლის აუცილებლობაზე მიუთითებს, რაც უკვე აღარ ნიშნავს „მსახურად ყოფნის" აუცილებლობას. პეტრიწთან ფილოსოფია და ღვთისმეტყველება ერთ დიდ საერთო მიზანს ემსახურება – დაუსახოს ადამიანს მართებული საერო და სას. ორიენტირები.
ი. პ-ის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია პითაგორას მოძღვრებამაც. „თეოლოგიის საწყისების" კომენტარში იგი საუბრობს პითაგორასა და მისი მიმდევრების შესახებ და ამ მოაზროვნეებს „ძველ ღვთისმეტყველთა" რიცხვს მიაკუთვნებს. ამასთანავე, პეტრიწი პარმენიდესა და ძენონსაც პითაგორელებს მიაკუთვნებს. აქედანაც ჩანს, რომ ქართვ. ფილოსოფოსი ამ მოაზროვნეებისადმი გარკვეულ სიმპათიას ამჟღავნებს. ეს კიდევ უფრო ცხადად ვლინდება პეტრიწისეულ ძიებაში „წმინდა ღვთისმეტყველებისა", რ-იც, როგორც ქრისტ. ფილოსოფია, მხოლოდ ღვთაებრივ და ზეციურ არსთა შესახებ მოძღვრება უნდა ყოფილიყო. ი. პ. ძველ ბერძენ მოაზროვნეთაგან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა პითაგორასა და მის მოწაფეებს, რადგან ეს ფილოსოფოსები (მათი აბსტრაქტული აზროვნების მეშვეობით) „წმინდა ღვთისმეტყველების" შექმნას დიდად უწყობდნენ ხელს. მაშასადამე, ი. პ-მა ანტ. ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენლებს მიმართა და თანამედროვეობას ანტ. სიბრძნის ათვისების აუცილებლობაზე მიუთითა. მისი ფილოსოფიური შემოქმედება გვაჩვენებს, რომ ქრისტიანობას აუცილებლად სჭირდება „გარეშე სიბრძნე", ანუ პლატონი, არისტოტელე, პროკლე და სხვ. ე.ი. რწმენას აუცილებლად სჭირდება ცოდნა, თუმცა ამგვარი პოზიცია შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში მიუღებელი იყო. ამას ადასტურებს XIII ს. ანონიმი ავტორი, რ-მაც პროკლეს „თეოლოგიის საწყისების" პეტრიწისეული თარგმანი და კომენტარი გადაწერა და თან მცირედი, მაგრამ მეტად საყურადღებო შენიშვნაც დაურთო თავის ნამუშევარს. ი. პ-ის კომენტატორული საქმიანობა, ამ უცნობი მოღვაწის აზრით, საფრთხესაც შეიცავს. მას მიაჩნია, რომ პროკლეს ფილოსოფია ადამიანთათვის შეიძლება „წარმწყმედი" და საცთური აღმოჩნდეს, ამიტომ იგი მის „ბოროტად გამოყენებას" უფრთხის. პროკლეს ამ ნაშრომით ადამიანები შეიძლება „წარიწყმიდონ" ანდა „განათლდნენ" (ე. ი. ღვთისმეტყველები გახდნენ).
მიუხედვად ამგვარი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, შეიძლება ითქვას, რომ ი. პ-ის გზა ქართ. აზროვნებაში მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. მას მოწინააღმდეგეებთან ერთად საიმედო მიმდევრებიც გამოუჩნდნენ – ს.-ს. ორბელიანი, ანტონ და იოანე ბაგრატიონები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ი. პ-ის ფილოსოფიის ანტონისეული რეცეფცია. იგი თავის ნაშრომებში საგანგებო ყურადღებას აქცევდა ი. პ-ის ღვაწლს. „წყობილსიტყვაობაში" (1768) მას ქართ. კულტურის მნიშვნელოვანი მიღწევების აღნუსხვა სურდა. ი. პ-ის მოღვაწეობა, ამ მხრივ, მისთვის სამაგალითო იყო. ანტონს მიაჩნდა, რომ სწორედ პეტრიწმა ჩაუყარა საფუძველი ქართ. კულტურის აღორძინებას, გაარღვია ქართული ფილოსოფიის ლოკალური საზღვრები და ის ინტერნაციონალური გახადა („ქართლი ჰქმენ ათინანი"). სწორედ ამიტომაა ანტონი აღტაცებული („განლიგებული") ი. პ-ის მოღვაწეობით. მისი ფილოს. ნაშრომის – „სპეკალის" (1752) – რამდენიმე ვრცელი თავი პეტრიწის შემოქმედებასა და პიროვნებას ეხება. შეიძლება ითქვას, რომ „სპეკალი" ახალი დროის ქართულ აზროვნებაში ი. პ-ის ფილოსოფიის ყველაზე სანდო და საინტერესო ანალიზს გვთავაზობს. შემთხვევითი არც ის არის, რომ ამ ნაშრომის ბოლო თავები სწორედ პეტრიწს ეძღვნება, თუმცა ანტონ ბაგრატიონის ამ თვალსაზრისს ყველა არ იზიარებდა. ტიმოთე გაბაშვილი (XVIII ს.) პეტრიწის თხზულების უცნობი გადამწერის ეჭვს უსაფუძვლოდ არ თვლიდა და „თეოლოგიის საწყისების" ქრისტ. რწმენის შესაბამის წაკითხვას მოითხოვდა. ამდენად იგი ამ ნაშრომის ქართვ. მთარგმნელის საქმიანობასაც ეჭვქვეშ აყენებდა, თუმცა ი. პ-ის ღვაწლის ანტონისეული შეფასება უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. მას სრულად იზიარებდა XIX ს. დიდი ქართვ. მოაზროვნე, ფილოსოფოსი და ლოგიკოსი ს. დოდაშვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ XX ს. ქართ. ფილოსოფიის მოთავეებმა (შ. ნუცუბიძე, ს. გორგაძე, მ. გოგიბერიძე და სხვ.) ი. პ-ის ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაზე დაყრდნობით განაახლეს და ააღორძინეს ქართ. სიბრძნისმეტყველების ერთ დროს „მივიწყებული წყაროები".
XX ს-ში ი. პ-ის შემოქმედების კვლევა-ძიების საქმე არსებითად გაუმჯობესდა. დაწყებული ნ. მარის საეტაპო ნაშრომიდან, პეტრიწის ფილოსოფია სულ უფრო მეტად მოექცა ყურადღების ცენტრში. სწორედ XX ს. I ნახ-ში გამოიცა ი. პ-ის ძირითადი შრომები და შეიქმნა არაერთი საყურადღებო ნაშრომი მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მის ფილოსოფიურ ნააზრევს საგანგებო გამოკვლევები მიუძღვნეს: გ. თევზაძემ, შ. ხიდაშელმა, ი. ფანცხავამ, თ. კუკავამ, დ. მელიქიშვილმა და სხვ. XXI ს. დასაწყისში ი. პ-ის ფილოსოფია უკვე დასავლური ფილოს. აზროვნების ინტეგრალური ნაწილი გახდა. ამ მხრივ აღსანიშნავია გ. თევზაძის, თ. ირემაძის, ჰ. ქ. გიუნტერის, ლ. ალექსიძის, ლ. გიგინეიშვილის და სხვათა ნაშრომები. ი. პ-მა, ფილოს. ნაშრომების გარდა, დატოვა მნიშვნელოვანი თარგმნილი და ორიგინ. ლიტ. მემკვიდრეობა, მან ბერძნულიდან ხელახლა თარგმნა ბიბლიური წიგნები და იოანე სინელის „კლემაქსი" (კიბე"). ბერძნულიდანვე გადმოაქართულა მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული საკითხავები – წმიდანთა ცხოვრებანი და წამებანი (მაგ., ცნობილია თეოდორა ალექსანდრიელისა და მერკვირის "ცხორებანი", ზოსიმესა და ბარბარეს "მარტვილობანი"), აგრეთვე იოსებ ფლავიუსის საისტორიო შრომა "მოთხრობანი იუდაებრივისა სიტყუადასაბამობისანი" ("მსოფლიო ისტორია იოსიპოსისაჲ"), რ-ის თხუთმეტმა წიგნმა ჩვენამდე მოაღწია და სხვ. ი. პ-მა დაწერა ორიგინ. ასკეტიკურ-მისტ. პოეტური ტრაქტატი "სათნოებათა კიბე", რ-საც საფუძვლად დაედო "კლემაქსის" ექვთიმე მთაწმიდლისეული ქართ. თარგმანი; გალექსა "სათვეო სჳნაქსარი", ანუ "გალობანი ყოველთა წმიდათანი". მასვე მიაკუთვნებენ მცირე ზომის იამბიკურ ლექსებს, რ-თაგან ზოგს ჩვენამდე არ მოუღწევია. ი. პ-მა შექმნა ლიტ. სკოლა, აღზარდა მრავალი მოწაფე, გამოუჩნდნენ მიმდევრებიც. თავისებურია მისი ენა და სტილი. იგი ქმნიდა ახ. ფილოს. ტერმინოლოგიას. ბერძნ. დედანთან ზუსტი მიმართების მიზნით უხვად იყენებდა ქართ. ენისთვის შეუფერებელი მიმღეობიანი კონსტრუქციების წინადადებებს, რაც ართულებდა მის სამწერლო ენას.
ი. პ-მა დიდი გავლენა მოახდინა ძვ. ქართ. ფილოს. აზროვნებაზე, საერო პოეზიასა და საისტ. მწერლობაზე, განსაკუთრებით კი ანტონ I-ის ლიტ. სკოლაზე.
ი. პ-მა დიდი ამაგი დასდო ენციკლოპედიური აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარებას. მან პროკლე დიადოქოსის თხზულების „კავშირნი ღვთისმეტყველებითნის" თარგმანი გააღრმავა და გაამდიდრა კომენტარებითა და შენიშვნებით, დაურთო ბოლოსიტყვაობა, რ-შიც ჩამოაყალიბა თავისი თეოლ. სისტემა. თარგმანის კომენტარებს ეწოდება „განმარტებაჲ პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათჳის". ეს „განმარტებაჲ" ენციკლოპედიური ხასიათისაა.
ი. პ. შერაცხულია წმინდანად. ღირსი მამის ხსენების დღეა 10(23) თებერვალი.
თხზ.: განმარტებაჲ პროკლესთჳს დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათჳს, ტ. 2. შ. ნუცუბიძის და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტფ., 1937; პროკლე დიადოხოსისა პლატონურისა ფილოსოფოსისა კავშირნი, ტ. 1. ს. ყაუხჩიშვილის გამოც., შესავალი სტატია მ. გოგიბერიძისა, თბ., 1940; განმარტება პროკლე დიადოხოსის „ღვთისმეტყველების საფუძვლებისა". დ. მელიქიშვილის გამოც., თბ., 1999; Kommentar zur Elementatio theologica des Proklos. Übersetzung aus dem Altgeorgischen, Anmerkungen, Indices und Einleitung von L. Alexidze und L. Bergemann, Amsterdam/Philadelphia, 2009.
წყარო და ლიტ.: ანტონ ბაგრატიონი, წყობილსიტყვაობა, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები და ლექსიკონი დაურთო ი. ლოლაშვილმა, თბ., 1980; არეოპაგიტული კრებული. დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერიელი ძველქართულ მწერლობაში, გამოსაცემად მოამზადა ი. ლოლაშვილმა, თბ., 1983; ა ლ ე ქ ს ი ძ ე ლ., იოანე პეტრიწი და ანტიკური ფილოსოფია, თბ., 2008; გ ო გ ი ბ ე რ ი ძ ე მ., რუსთაველი, პეტრიწი. პრელუდიები, თბ., 1961; თ ე ვ ზ ა ძ ე გ., იოანე პეტრიწი, თბ., 2006; ი ე კ ი უ რ., განაზრებანი ქართული ფილოსოფიის შესახებ. გერმანულიდან თარგმნა ლ. ზაქარაძემ, თბ., 2010; ი რ ე მ ა ძ ე თ., ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, «უფლის ციხე», 2012, № 2; მ ი ს ი ვ ე, ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბ., 2013; კ უ კ ა ვ ა თ., იოანე პეტრიწის მსოფლმხედველობა, თბ., 1971; მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი დ., იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი, თბ., 1975; ფ ა ნ ც ხ ა ვ ა ი., იოანე პეტრიწის მსოფლმხედველობის ძირითადი საკითხები, თბ., 1941; ყ ი ფ ი ა ნ ი ი., ნარკვევები ენციკლოპედიური კულტურის ისტორიიდან, თბ., 1987; ხ ი დ ა შ ე ლ ი შ., იოანე პეტრიწი, თბ., 1956; მ ი ს ი ვ ე, ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV–XIII სს.), თბ., 1988; Марр Н., Я., Иоанн Петрицский – грузинский неоплатоник XI–XII вв., «Записки Восточного отделения Императорского Русского археологического общества», XIX, СПб., 1909; G i g i n e i s h v i l i L., The Platonic Theology of Ioane Petritsi, Gorgias Press (United States), 2007..
თ. ირემაძე
ი. ლოლაშვილი