იოანე შავთელი XII–XIII სს. ქართველი პოეტი, სასულიერო მოღვაწე. როგორც ზედწოდებიდან ჩანს, წარმოშობით სოფ. შავთიდან ყოფილა.
მას მიეწერება ძვ. ქართ. ლიტ-რის კლასიკური ეპოქის ძეგლი „აბდულმესიანი". „ქართლის ცხოვრების" ცნობით, ი. შ. იყო „ფილოსოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული". იგი თამარ მეფის თანამედროვე და ნდობით აღჭურვილი პირი ყოფილა. მემატიანეთა ცნობით, თამარს ახლდა ვარძიასა და ოძრხეში ბასიანის ბრძოლის (1203) დროს, აქვე შეუთხზავს „გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". მასვე მიეწერება სას. ხასიათის სხვა თხზულებებიც. ი. შ. სას. პირი ჩანს, რაზეც მიუთითებს მის თხზულებებში გამოვლენილი ღრმა საღვთისმეტყველო განათლება. ზოგ წყაროში მოხსენიებულია „ნეტარად", „წმინდანად". „აბდულმესიანში" იგი თავის თავს „მწირსა" და „მსხემს" უწოდებს.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღირსი ი. შ-ის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ დაადგინა: 1(14) აპრილს (ევლოგი სალოსელთან ერთად) და 9 (22) ივნისს.
თხზ.: [წიგნში] ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგ. სოლ. ყუბანეიშვილის მიერ, [ტ.] 1, თბ., 1946; ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, რედ. ა. მიქაბერიძე, თბ. – ათენი, 2003.
ს. ცაიშვილი