იოსები (ჯ ა ნ დ ი ე რ ი შ ვ ი ლი), (გ. 1770), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1755– 64. თავდაპირველად რუსთავის ეპისკოპოსი იყო. 1755 საეკლ. კრებამ ანტონ I გადააყენა და კათოლიკოსად ი. დაადგინა. მისი ინიციატივით 1762 ჩატარდა საეკლ. კრება, სადაც შემუშავდა დადგენილება, რ-ის მიხედვითაც აღიკვეთა მღვდელმსახურების წესების დარღვევა. 1764, კათოლიკოსის ტახტზე ანტონ I-ის აღდგენასთან დაკავშირებით, ი. კვლავ რუსთავის ეპისკოპოსად განამწესეს. მალე იგი შეუერთდა ანტონ I-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკს, რის გამოც სოფ. მეტეხში გადაასახლეს.
ი. განკურნების ღვთითმიმადლებული ნიჭით იყო დაჯილდოებული. საქართვ. სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. ხსენების დღეა 17 (30) ოქტომბერი.
წყარო: დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია. – ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941.
ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
თ. მარგველაშვილი