იორდასალამი (Paeonia), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების, იშვიათად ბუჩქების ან ბუჩქბალახების გვარი იორდასალმისებრთა ოჯახისა. აქვთ წითელი, ვარდისფერი ან, იშვიათად, მოყვითალო, მარტოული დიდი ყვავილები, ფოთლურა ნაყოფი. გვარში 35-მდე სახეობაა, რ-ებიც გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, ევროპაში, ჩრდ.დას. ამერიკასა და კავკასიაში.
საქართველოში გვხვდება 10 სახეობა, რ-თაგანაც 2 – ლაგოდეხის ი. (P. lagodechiana) და კავკასიის ი. (P. caucasica) – კავკასიის ენდემია, 7 კი – მაიკოს ი. (P. majko), ქართლის ი. (P. carthalinica), რუპრეხტის ი. (P. ruprechtiana), მლოკოსევიჩის ი. (P. mlokosewitschii), ვიტმანის ი. (P. wittmaniana), სტევენის ი. (P. steveniana), მსხვილფოთოლა ი. (P. macrophylla) – საქართველოს ენდემი.
სახეობათა უმრავლესობა მესამეული პერიოდის რელიქტია. ზოგიერთი მათგანი ფართოფოთლოვან რელიქტურ ტყეებში გვხვდება. მეტად ლამაზი დეკორ. მცენარეებია. მებაღეობაში უამრავი ჯიშია გამოყვანილი. ზოგ სახეობას ხალხურ მედიცინაში იყენებენ.
გ. ნახუცრიშვილი
ლ. ხინთიბიძე