იოსებიძე ჯუმბერ სოლომონის ძე (დ.19.I. 1938, გორი), ინჟინერ-მექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1990). საქართველოსა და საერთაშ. საინჟინრო და ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიების ნამდვ. წევრი (1961). დაამთავრა სპი-ის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკ-ტი შიგაწვის ძრავების სპეციალობით. სხვადასხვა დროს იყო ამავე ინ-ტის ავტომობილებისა და ტრაქტორების შიგაწვის ძრავებისა და საწვავსაცხი მასალების კათედრის გამგე, 2013-იდან ხელმძღვანელობს საავტ. ტრანსპორტის დეპარტამენტს.
ი-მ შექმნა სამეცნ. სკოლა მობილური მანქანების ხანგამძლეობისა და ეკოლოგიურობის გაუმჯობესების დარგში ნანოდისპერსიულნახშირბადიანი სუსპენზიური ზეთების გამოყენებით. ტრიბოლოგიაში ე. ქუთელიასთან ერთად მის მიერ აღმოჩენილი ახ. მოვლენა მსოფლიოში ცნობილია იოსებიძე–ქუთელიას ეფექტის სახელწოდებით. მონოგრაფიისათვის „ავტომობილების ხანგამძლეობის, ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის ამაღლება ახალი თაობის ზეთების დამუშავებითა და გამოყენებით" 2004 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000) და მედლით „2004 წლის ინჟინერი". გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მონოგრაფია, სახელმძღვანელო; მიღებული აქვს საავტორო მოწმობები გამოგონებაზე.
თხზ.: Энергосберегающие автомобильные трансмиссионные масла на основе высокодисперсного углерода, Тб., 1993; Повышение долговечности, экономичности и экологичности автомобилей разработкой и применением масел нового поколения, Тб., 2000 (თანაავტ.).
ლიტ.: Innovative methods for improvement of technical, economic and ecological efficiency of Motor Cars (ჯ. იოსებიძის რჩეულ შრომათა კრებული, მიძღვნილი მისი 75-ე წლისთავისადმი), N. Y., 2015.
შ. ნემსაძე