ირაგა (Anthemis), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ბუჩქბალახებია. 150-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდ. აფრიკაში, კავკასიაში 50-მდე სახეობა იზრდება, საქართველოში – 19, აქედან 7 საქართველოს ენდემია – ქართული ი. (A. iberica), ზიგიური ი. (A. zyghia), ემილიას ი. (A. emiliae), მსხვილენიანი ი. (A. macroglossa), საგურამოს ი. (A. saguramica), შავი ზღვის ი. (A. maris-nigri), შიშკინის ი. (A. schischkiniana).
სახეობათა უმრავლესობა გავრცელებულია სუბალპური და ალპური სარტყლის კლდეებსა და ნაზვავებზე, ნაწილი – ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, ველებზე, ტყისპირებზე, რუდერალურ ადგილებზე. ზოგი სახეობა ნათესების სარეველაა, ზოგი – დეკორატიული.
გ. ნახუცრიშვილი
ლ. ხინთიბიძე