ირანი

ირანი

ირანი, ირანის ისლამური რ ე ს ­პ უ ბ ლ ი კ ა (ჯომჰურიე ესლამიე ირან, 1935-მდე ქვეყნის ოფიციალური სახელი – სპარსე­თი. იხ. სპარსეთი და სა­ქარ­თვე­ლო); სა­ხელმ­წი­ფო სამხრ.-დას. აზიაში. ჩრდ-ით აკრავს კასპიის ზღვა, ესაზღვ­რება სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი, დას-ით – თურქეთი და ერაყი, აღმ-ით – ავღანეთი და პაკისტანი, სამხრ-ით – სპარსეთისა და ომანის ყურეები. ფართ. 1,65 მლნ. კმ², მოსახლეობა – 79,93 მლნ. კაცი (2016). სახელმწ. ენა – სპარსული (ფარსი), სახელმწ. რელიგია – ისლამი (შიიტური). დედაქალაქი – თეირანი. სა­ხელმ­წი­ფოს მეთაური – სულიერი ლიდერი აიათოლა საიდ ხამენეი; პრეზიდენტი – ჰასან რუჰანი (2017). საკანონმდებლო ორგანო – მეჯლისი (ერთპალატიანი პარლამენტი). ფულის ერთეული –რიალი.

1941 რეზა შაჰი II მსო­ფლიო ომში რომის, ბერლინისა და ტოკიოს ალიანსს (ახის ალლეგიანცე) მიემხრო, რასაც მოჰყვა ი-ის ოკუპაცია დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა ჯა­რე­ბის მიერ და რეზა შაჰის ხელისუფლებიდან ჩამოცილება თავისი ვაჟის, მოჰამედ ფეჰლევის სასარგებლოდ.

1943 თეირანში ჩატარდა სამი მოკავშირე სა­ხელმ­წი­ფოს კონფერენცია, რ-შიც მონაწილეობდნენ – ი. სტალინი, ფ. დ. რუზველტი და უ. ჩერჩილი. კონფერენციაზე მთავარი ყურადღება დაეთმო დას. ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის საკითხს.

1951 ი-ის პარლამენტმა ხმა მისცა ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას. იმჟამად ი-ის ნავთობის ინდუსტრიაში დომინირებდა ინგლისურ-ირანული სანავთობო კომპანია. 1953 დაპირისპირება შაჰსა და პრემიერ-მინისტრ მოჰამედ მოსადეყს შორის დასრულდა აგვისტოს თვეში შაჰის მიერ ი-ის დატოვებით.

1953 აგვისტოში მოჰამედ მოსადეყის ხელისუფლება დაემხო სახელმ­წი­ფო გადატრიალების შედეგად. გენ. ფაზლოლა ზაჰედი გამოცხადდა პრემიერ-მინისტრად და შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი დაბრუნდა ქვეყანაში.

1963 იანვარში ი-ის შაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ დაიწყო კამპანია ქვეყნის მოდერნიზაციისა და დასავლური კურსით განვითარების მიმართულებით. შაჰმა განახორციელა რეფორმები, რ-იც ცნობილია „თეთრი რევოლუციის" სახელით. იგი ითვალისწინებდა მიწის რეფორმასა და სოც.-ეკონ. მოდერნიზაციას. 60-იანი წლების ბოლოს მნიშვნელოვნად გაი­ზარ­და შაჰის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საი­დუმლო პოლიცია „სავაქზე", რ-ის საშუალებითაც იგი აკონტროლებდა რეფორმებისადმი კრიტიკულად განწყობილ ოპოზიციას.

1978 სექტემბერში შაჰის პოლიტიკამ – მისმა ავტორიტარულმა მმართველობამ ქვეყანა მიიყვანა რევოლუციურ სიტუაციამდე, დაიწყო მასობრივი გაფიცვები და დემონსტრაციები. ქვეყანაში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა.

1979 იანვარში ქვეყანაში პოლიტ. სიტუაციის გაუარესების გამო შაჰმა და მისმა ოჯახმა ქვეყა­ნა იძულებით დატოვეს.

1979 წ. 1 თებერვალს, 14-წლიანი გადასახლებიდან (ერაყი, საფრანგეთი) ი-ში დაბრუნდა რელიგიური ლიდერი აიათოლა ხომეინი.

1979 წ. 1 აპრილს საერთოსახალხო რეფერენდუმის შედეგად გამოცხადდა ირანის ისლამური რესპუბლიკა. ძალაუფლება ხელში აიღეს ისლამური მიმართულების პოლიტიკურმა ძალებმა ხომეინის ხელმძღვანელობით (გ. 1989). 1979 წ. 4 ნოემბერს რადიკალი ისლამისტური ჯგუფები შეიჭრნენ ქ. თეირანში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე და მძევლად აიყვანეს საელჩოს 52 თა­ნა­მშრო­მე­ლი, რ-ებიც 444-დღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს.

1980 იანვარში აბდოლჰასან ბა­ნისადრი აირჩიეს ი-ის პირველ პრეზიდენტად, თუმცა 1981 გა­და­აყე­ნეს. მოგვიანებით მან საფრანგეთს შეაფარა თავი. 1980 წ. 22 სექტემბერს დაიწყო ირან-ერაყის ომი. 1988 ივლისში ჟენე­ვაში გაეროს ეგიდით ჩატარებუ­ლი მოლაპარაკებების შედეგად, ი. დათანხმდა ერაყთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ი-ისა და დასავლეთის ქვეყნების ურთიერთობებში დღემდე უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება ბირთვული პროგრამა. ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობების ბრალდებით ი. დღემდე იმყოფება მკაცრი საერთაშ. სანქციების რეჟიმში.

2015 მსოფლიოს გავლენიანმა სა­ხელმ­წი­ფოებმა შეძლეს ი-თან შეთანხმების მიღწევა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ი. დათანხმდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვას საერთაშ. ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

2016 დეკემბერში აშშ-ის სენატმა 10 წლით გააგრძელა ი-ის სანქციების აქტი, რ-იც ამერიკულ კომპანიებს უკრძალავს ი-თან თანამშრომლობას.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ს ა და ი-ის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლ. ურთიერთობები დამყარდა 1992 წ. 15 მაისს. სა­ქარ­თვე­ლო და ი-ის რესპუბლიკა აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სა­ვაჭრო-ეკონ., საინვესტიციო, სოფ­ლის მეურნეობის, ­კულტურის, გა­ნათ­ლე­ბისა და ტურიზ­მის სფეროებში. ორ ქვე­ყა­ნას შორის არსებობს თანამშრომლობის სხვა­და­სხვა ფორმატი, მაგ., პოლიტ. კონსულტაციების ფორმატი, სამთავრობოთაშორისო ერთობლივი ეკონომიკური კომისია, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრ­მავებას. ასევე თანამშრომლობა ხორციელდება სა­ქარ­თვე­ლოსა და ი-ის საკანონმდებლო უწყებებს შორის.

1993 იანვარში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელმ­წი­ფო მეთაურმა ე. შევარდნაძემ თავისი პირველი ვიზიტი განახორციელა ი-ის ისლამურ რესპუბლიკაში. 1995 სა­ქარ­თვე­ლოს ეწვია ი-ის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი. ორ ქვე­ყა­ნას შორის მაღალი დონის დელეგაციათა ვიზიტებს რეგულარული ხასიათი აქვს.

ორი ქვეყნის ურთიერთობები ეყრდნობა სოლიდურ სამართლებრივ ბაზას, ხელმოწერილია მრავალი შეთანხმება. 2017 სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 181,48 მლნ. აშშ დო­ლა­რი, მ. შ. ექსპორტი – 76,32 მლნ. დოლა­რი, ხოლო იმპორტი – 105,15 მლნ. აშშ დო­ლა­რი.

2017 სა­ქარ­თველო­ში 5,35 მლნ. აშშ დო­ლა­რის ირა­ნული ინვესტიცია განხორციელდა.

2017 მონაცემებით, სა­ქარ­თველოს ეწვია 322,938 ირანელი ვიზი­ტორი.