ირანული ბაზი (Bombus persicus Radoszkowski, 1881), საზოგადოებრივი მწერი სიფრიფანაფრთიანების (Hymenoptera) რიგისა, ფუტკრების (apidae) ოჯახისა. მკერდი და მუცელი მორიგობით თეთრი და შავი ბუსუსებისაგან შემდგარი განივი ზოლებითაა დაფარული. თავი, ულვაშები და მუცელი შავია. გადაშენების გზაზე მდგომი სახეობა. გაველიანებული მთის მდელოების ყვავილოვან მცენარეთა დამამტვერიანებელია. ი. ბ. ერთ-ერთი უძველესი, მთებში გავრცელებულ ბაზთა ჯგუფის წარმომადგენელია. სახეობა კავკასიის სუბენდემს წარმოადგენს, მაგრამ იშვიათად გვხვდება.
საქართველოში ბინადრობს აღმ. და დას., ასევე სამხრ. რეგიონებში. გავრცელებულია დიდ და მცირე კავკასიონზე, დაღესტანში, სომხეთის მთიანეთში, ჩრდ.-აღმ. თურქეთში, ჩრდ.დას. ირანში, გვხვდება სუბალპურ მდელოებზე ზ. დ. 2000–2500 მ სიმაღლეზე. იზამთრებენ იმაგოები. მაისის თვეში თავდაპირველად მდედრები ვრცელდებიან. მდედრი და მამრი ინდივიდები ფრენენ აგვისტოს ბოლომდე. უმთავრესად იკვებებიან მრავალყვავილოვანი მცენარეების ყვავილის მტვრითა და ნექტრით, თუმცა უპირატესად რთულყვავილოვნებს (Compositae) ეტანებიან, რ-თაც ამტვრიანებენ. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში".
ი. სხირტლაძე