ირემახოჭო (Lucanus cervus Linnaeus, 1758), მწერი ხეშეშფრთიანების რიგისა (Coleoptera), რქოვანების (Lucanidae) ოჯახისა. სიგრძე 25–75 მმ, თათები ხუთნაწევრიანია. მამრს აქვს დიდი ზომის ზედა ყბები (მანდიბულები), რ-ებიც ირმის რქებს ჰგავს. მდედრის სხეულის ფრთების ზედა ნაწილი მურა-შავია.
გავრცელებულია დას. ხმელთაშუაზღვისპირეთში, ევროპის ფართოფოთლოვან ტყეებში, ტყე-ველისა და ველის ზონაში, გვხვდება ჩრდ. აფრიკაშიც. საქართველოში გავრცელებულია შედარებით მცირე ზომის იბერიული ი. (L. c. ibericus), რ-იც ბინადრობს ფოთლოვან, განსაკუთრებით მუხის ტყეებში დას., აღმ. და სამხრ. საქართველოში. ხოჭოს მატლები იზრდებიან (5–6 წელი) მუხის, იფნისა და მსხლის მკვდარ ფესვებში. ხოჭოები გამოდიან მაისში, ფრენენ და ბინდებისას (განსაკუთრებით მამრები). კვერცხების დადების შემდეგ მათი ძირითადი ნაწილი იღუპება, ერთეულები აღწევენ ნოემბრამდე. იკვებებიან დაზიანებული ხეების წვენით.
ი. სხირტლაძე