ირემასოკო (Sarcodon imbricatus), ქუდიანი საჭმელი სოკო ზღარბასოკოების ოჯახისა. ქუდის დიამეტრია 5–20 სმ, მოყავისფრო-ხორცისფერია, შუაში ჩაღრმავებული. მისი ზედაპირი დაფარულია სქელი, დიდი, კონცენტრულად გაწყობილი მუქი ყავისფერი ქერცლით. ქვედა მხარეს აქვს ფეხისკენ წაწვეტებული თეთრი ეკლები, რ-ებიც სოკოს მომწიფებისას უკვე მოყავისფროა. ფეხი მშრალია, მისი სიგრძე – 2–8 სმ, ფორმა ცილინდრული აქვს, მოთეთრო-მოყავისფრო, ძირში – გამსხვილებული. რბილობი მკვრივია, თეთრი, სპეციფიური სუნით, ოდნავ მომწარო.
საქართველოში იზრდება აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით, ნაძვნარში, ფიჭვნარსა და შერეულ ტყეებში ზაფხულსა და შემოდგომაზე. საკვებად ვარგისია ნედლი.
ი. ნახუცრიშვილი
ა. ჯორჯაძე