ირმის ნახტომი, ცის თაღზე გადაჭიმული მოთეთრო ნისლისმაგვარი, სუსტად მნათი ზოლი. შედგება ჩვენს გალაქტიკაში (იხ. სტ. ასტრონომია) შემავალი აურაცხელი ვარსკვლავისაგან, რ-ებიც დიდი სიშორის გამო ერთმანეთთან ძლიერ ახლოს მოჩანს.
ი. ნ-ის ზოლის შუა ხაზი გალაქტიკის სიბრტყეშია, მასთან უშუალო სიახლოვესაა ჩვენი გალაქტიკის შემადგენელ ვარსკვლავთა უმრავლესობა.
ი. ნ-ის სინონიმებია ქართ. სახელწოდებანი: „დათვისფეხა", „დევის ნამუხლარი", „იერუსალიმის გზა", „ცისიკანკლედი", „ხარის ნავალი".