ირმისტუჩა (Hydnum repandum), საჭმელი სოკო ზღარბასოკოების ოჯახისა. აქვს კარგად განვითარებული ქუდი და ფეხი. ქუდის დიამეტრი 12 სმ აღწევს, თავდაპირველად არის ამობურცული, შემდეგ შუაში ჩაჭყლეტილი, ხავერდოვანი, მოყვითალო, თეთრი ან მოვარდისფრო ხორცისფერი ოქროსფრამდე. ქვედა მხარეს ფეხისკენ მიმართული მყიფე, ვარდისფერი ეკლები აქვს. ფეხი ცილინდრულია, მოკლე (3–5 სმ), ექსცენტრული, თეთრი ან მოყვითალო, ძირში – ღია ჟანგისფერი.
საქართველოში იზრდება ზაფხულიდან პირველ ყინვებამდე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში. უყვარს ხავსიანი ადგილები, კირქვიანი ნიადაგები. საჭმელად ვარგისია ნედლი.
ი. ნახუცრიშვილი
ა. ჯორჯაძე