ისაევ-ავარსკი ალი ისას ძე (დ. 29. XII. 1936, დაღესტანი, გუნიბის რ-ნი, აული ობოხი), კინომსახიობი, რეჟისორი, პოეტი. საქართვ. დამს. არტისტი (1985). 1974 დაამთავრა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან" არსებული კინომსახიობთა სასწავლო სტუდია (ხელმძღვანელები: ე. შენგელაია, რ. ჩხეიძე). შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები ფილმებში: „ლევან ხიდაშელი" (1973), „საჰაერო ხიდი", (1974), „გაქცევა გათენებისას" (1975), „წიგნი ფიცისა" (1983) და სხვ.
ი.-ა-მ გადაიღო დოკუმენტური ტრილოგია „საქართველო და დაღესტანი. მიზიდულობის ფორმულა": „რასულ გამზათოვი და საქართველო" (1998), „საქართველო დაღესტნელთა თვალით" (2002), „ქართველების თვალით დანახული დაღესტანი" (2010). ავტორია პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისა: „დაღესტნური რტო ქართულ მუხაზე" (1978), „მთიელი ჭაბუკის ფიცი" (1986), „ქვეყანა, სადაც სიყვარული მეფობს" [სამტომეული ქართ. (2006–08), რუს. (2011–12) ენებზე] და სხვ.
მიღებული აქვს დაღესტნის რესპ. მედალი –„შამილი" (1998); დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001); არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2008).