ისლისებრნი (Cyperaceae), ერთლებნიანი მცენარეების ოჯახი. მრავალწლოვანი, იშვიათად, ერთწლოვანი ბალახებია. ცნობილია 100-ზე მეტი გვარის 5500-ზე მეტი სახეობა, გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, განსაკუთრებით ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერი და ცივი ჰავის ზონებში, უმთავრესად ტენიან და ჭაობიან სუბსტრატზე.
საქართველოში 22 გვარის 140 სახეობაა. ზოგი სახეობისაგან ქსოვენ ჭილობებს, ქუდებსა და ჩანთებს, პაპირუსისაგან ძველთაგანვე ამზადებდნენ ქაღალდს. მრავალი სახეობა ტორფწარმომქმნელია, ზოგი – სამკურნალო და დეკორატიული.
კ. ქიმერიძე