ისპაანი

ისპაანი

ისპაანი, ი ს ფ ა ჰ ა ნ ი, ქალაქი ცენ­ტრალურ ირანში, მდინარე ზენდერუდის ნაპირზე. თეირანის შემდეგ ქვეყნის მეორე ეკონ. ცენტრი. მოსახლეობა – 1,961 მლნ. კაცი (2016). ანტიკურ წყარო­ებში (პტოლემე) იხსენიება ასპადანის სახელ­წოდებით. შუა საუკუნეებში ახლო და შუა აღმო­სავლეთის ერთერთი უმნიშვ­ნე­ლოვანესი სავაჭრო და პოლიტ. ცენ­ტრი იყო. 1597/98 შაჰ-აბას I-მა ­ცენტრ. ხე­ლი­სუფლე­ბის განმ­ტკიცების მიზნით დედაქალაქი ყაზვინიდან ი-ში გადაიტანა, ხელახლა დაგეგმა და ააშენა. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა დედაქალაქის მართვა-გამგებლობას და ი-ის ტარუღებად ახლო ნათესავებს ანდა უერთგულეს პირებს ნიშნავდა. 1599-იდან 1618-მდე ი-ს სპარსელი ტარუღები განაგებდნენ, 1618-იდან კი, სპეც. სამეცნ. ლიტ-რაში მიღებული თვალსაზრისით (ქ. პატკანოვი, ვ. მინორსკი, დ. ლენგი, ვ. გაბა­შვი­ლი, კ. კუცია და სხვ.), ეს ფრიად მნიშვ­ნე­ლო­ვანი თანამდებობა ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქართველების, უმთავრესად სა­ქართვ. სამეფო გვარის წარმომადგენელთა ხელში იყო. ცნობების სიმცირის გამო ჯერჯერობით არ ხერხდება ყველა ქართვ. ტარუღის ვინაობის დადგენა. ცნობილი არიან ი-ის ქართვ. ტარუღები: ხოსრო-მირზა [როსტომი, რ-იც 1618–39 პირადად მართავდა ი-ს, ხოლო 1633–58 – ნაიბების (სპარსელი – მირ-ყასებ ბეგი, ქართველები – ფარსადან გორგიჯანიძე და პაატა-ბეგი) მეშვეობით]; ალექსანდრე ბატონი­­ შვი­ლი (1666–77, ვახტანგ V შაჰნავაზის ძე); მაჰმადყული-ხანი (1703–07, კონსტანტინე ერე­კლე I-ის ძე); ბატონი­შვი­ლი ქაიხოსრო ლევანის ძე (1707–09); როსტომ ლევანის ძე (1709–18); დავით III (1718–22, ერე­კლე I-ის ძე) – უკანასკნელი ქართვ. ტარუღა.

ი-ის არქიტ. ძეგლებიდან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა სასახლე „ჩეჰელ-სოთუნ" („ორმოცი სვეტი"), რ-ის ზოგიერთი ფრესკა ალავერდი-ხან უნდილაძემ მოახატვინა. სხვა­და­სხვა წყაროს ცნობით, მათზე ქართ. წარწერები ყოფილა. ერთ-ერთ ფრესკაზე გამოსახულია აბას I, რ-საც გვერდით ალავერდი-ხან უნდილაძე უზის. ი-ის ღირსშესანიშნაობათაგან საყურადღებოა მდ. ზენდერუდზე ალა­ვერდი-ხანის მიერ აგებული 33-მალიანი ხიდი, რ-იც მისი სახელობისაა.

ლიტ.: გ ა ბ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., უნდილაანთ ფეოდალური სახლი ირანში (ქართული წყა­რო­ე­ბის მიხედვით), კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, II, თბ., 1972; კ უ ც ი ა  კ., ისფაჰანის ქართველი ტარუღები (1618–1722), იქვე; გ ვ ი ლ ა ვ ა  ო., ისფაჰანი, შირაზი, ქაშანი…, თბ., 1980; თ ო დ უ ა  მ., ქართული ნეკროპოლი ირანში (წინასწარი ცნობები), წგ.: ქართულ-სპარსული ეტიუდები, I–II, თბ., 1971; კ ი კ ნ ა ძ ე  რ., ირანი, თბ., 1979; ნ ა ჭ ყ ე ბ ი ა  ნ., ირანი, თბ., 1972.

დ. კაციტაძე