ისრაელი

ისრაელის დროშა

ისრაელი, (Israel), ისრაელის ს ა ­ხ ე ლ მ წ ი ფ ო (Madinat Yisrael), სა­ხელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. მდებარეობს სამხრ.-დას. აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სამხრ.აღმ. სანაპიროზე. ი-ს ჩრდ-ით ესაზღვრება ლიბანი, სამხრ.-დას-ით – ეგვიპტე, აღმ-ით – იორდანია, ჩრდ.-აღმ-ით – სირია. ი-ის სანაპიროს დიდი ნაწილი გადის ხმელთაშუა ზღვაზე, ხოლო სამხრით ვიწრო გასასვლელი აქვს აკაბის ყურეში, რ-ის მეშვეობი­თაც უკავშირდება წითელ ­ზღვას. ფართ. – 22 ათ. კმ², მოსახლეობა – 8, 673 მლნ. კაცი (2017). სა­ხელმწ. ენები – ებრაული (ივრითი) და არა­ბუ­ლი. მორწმუნეთა უმრავლესობა იუდაიზმის მიმდევარია, არიან აგრეთვე მუსლიმანები და ქრის­ტიანები. მთავარი ეკონ. და კულტ. ცენტრია ქ. თელ-ავივი, პარლამენტისა და მთავრობის ადგილსამყოფელი – იერუსალიმი. 1950 ი-ის მთავრობამ იერუსალიმის დას. ნაწილი დედაქალაქად გამოაცხადა. 1967 ი-მა იერუსალიმის აღმ. ნაწილი დაიკავა და 1980 გაერთიანებული ქალაქი ი-ის დედაქალაქად აღიარა, რასაც გაერო არ ცნობს. თუმცა 2018 აშშ-მა დაიწყო თავისი საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან იერუსალიმში. საკანონმდებლო ორგანოა ქნესეთი (პარლამენტი) 120 წევრის შემადგენლობით. ქვე­ყა­ნას მართავს პრემიერ-მინისტრი და კოალიციურად შედგენილი მთავრობა. 5 წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი ცერემონიულ ფუნქციას ასრულებს. ფულის ერთეულია შეკელი.

პალესტინაში, რ-იც 1516–1917 შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, ებრაელების დაბრუნებამ მასობრივი ხასიათი მიიღო 1881-იდან, როდესაც აღმ. ევროპის რეგიონში (რუსეთის იმპერიაში) გახშირდა ებრაელთა რბევა. ამ დაბრუნებას ეწოდა „პირველი ალია" („ასვლა იერუსალიმში"). „მეორე ალიაში" (1904– 14) მონაწილეობდა მრავალი სოციალისტურად განწყობილი ებრაელი აღმ. ევროპიდან, რ-თაც პალესტინის ადგილ. არაბი მოსახლეობისაგან შეძენილ მიწაზე დააარსეს კიბუცები – სასოფლო კოლექტივები. 1917 წ. 2 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოხატა სურვილი („ბალფურის დეკლარაცია"), რომ პალესტინაში ებრაელებისათვის შეექმნა „ეროვნული კერა". I მსოფლიო ომის შემდეგ პალესტინა დიდი ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორიად გამოცხადდა (1922). ევროპაში ნაციზმის წარმოშობამ და ებრაელთა დევნამ XX ს. 30-იან წლებში გამოიწვია მათი მასობრივი ემიგრაცია პალესტინაში, რასაც მოჰყვა მძაფრი დაპირისპირება არა­ბუ­ლი მოსახლეობის უმრავლესობასთან. 1947 გაერომ დაადგინა ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორიის – პალესტინის გაყოფა ებრაულ და არაბულ ნაწილებად და საერთაშ. კონტროლის დაწესება იერუსალიმსა და მიმდებარე რეგიონზე. 1948 წ. 14 მაისს პა­ლესტინის ებრაულ ნაწილში შეიქმნა ი-ის სახელმწიფო. მეზობელმა არაბულმა ქვეყნებმა – ეგვიპტემ, იორდანიამ, სირიამ, ლიბანმა, აგრეთვე ერაყმა – საომარი მოქმედება დაიწყეს ახალშექმნილი ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ომის შედეგად არაბუ­ლი მოსახლეობის უმრავლესობა ი-დან წავიდა, ხოლო იერუსალიმი ორად გაიყო: აღმ. იერუსალიმი და მდ. იორდანეს დას. ნაპირი (ისტ. იუდეისა და სამარიის დიდი ნაწილები) იორდანიის ჰაშიმიანთა სამეფომ შეიერთა, დას. იერუსალიმი კი ი-ს დარჩა. 1967 ივნისში, „ექვსდღიანი ომის" მოგების შემდეგ, ი-მა დაიკავა აღმ. იერუსალიმი და „დასავლეთი ნაპირი", ასევე სირიის კუთვნილი გოლანის მაღლობი.

ი. არის ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ­სახელმწიფო (მთლიანი შიდა პროდუქტის მოცუ­ლობით ის მსოფლიოში 35-ე ად­გილზეა), მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მაღალკვალიფიციური შრომითი რესურსებით, მოსახლეობის გა­ნათ­ლე­ბისა და ცხოვრების დონით. მისი არმია, რ-შიც სამსახური სავალდებულოა როგორც კაცების, ასევე ქალებისათვის, ახლო აღმ-ში ერთ-ერთი უძლიერესია. სავარაუდოდ, ი. XX ს. 60-იანი წლებიდან ფლობს ბირთვულ იარაღს.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი ებრაული თე­მი ორ ათასწლეულზე მეტ­ხანს ცხოვ­რობდა და მჭიდროდ იყო ინტე­გრირებული ქართულ საზოგადოებასთან, ამავდროულად სრულფა­სოვ­ნად აღასრულებდა თავი­სი სა­რწმუნოების წესებს. საბჭო­თა პერიოდშიც კი ­სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნარჩუნდა თითქმის ყველა ებრაული სი­ნა­გო­გა. XX ს. 70-იანი წლების დამდეგს ქართვ. ებრაელები პირველნი იყვნენ საბჭოთა კავშირში, რ-თაც საშუალება მიეცათ აქტიურად ჩაბმულიყვნენ ალიაში. ქართველი ებრაელები, რ-თა დიდი უმრავლესობა ი-ში წავიდა და სრულად შეერწყა თავის ერს, არ ივიწყებენ ძველ სამშობლოს – საქარ­თვე­ლოს. ი-ის მრავალ ქალაქში მათ დააარსეს სათვისტომოები, კულტ. ცენტრები, ჩამოაყალიბეს ქართ. ცეკვის ანსამბლები; არსებობს ქართულენოვანი გაზეთი, ჟურ­ნალები და ტელევიზია. რადიო „ისრაელის ხმა" ყოველდღიურად მაუწყებლობს ქართულ ენაზე (იხ. დიდი ალია).

სა­ქარ­თვე­ლოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ი. ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რ-მაც 1992 წ. 1 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა სა­ქარ­თვე­ლოსთან და თბილისში თავისი საელჩო გახსნა. 1998 თელავივში გაიხსნა სა­ქართვ. საელჩო. ორ ქვე­ყა­ნას შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო პოლიტ., ეკონ. და კულტ. ურთიერთობა. რეგულარული ხასიათი აქვს სახელმწიფოს ხელმძღვანელთა და სხვა მაღალი რანგის დიპლომატთა ურთიერთვიზიტებს. 1999 მარტში საქართველოს ეწვია ი-ის პრემიერ-მინისტრი, ბ. ნეთანიაჰუ, ხოლო 2011 იანვარში – პრეზიდენტი მ. კაცავი, რაც მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა იყო. 2014 სა­ქარ­თვე­ლო­ში საზეიმოდ აღინიშნა ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე, დასრულდა დ. ბააზოვის ქართველთა და ებრაელთა ისტ. მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი. 2015 ოქტომბერში ი-ს ეწვია საქართვ. პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი, 2017 იანვარში კი საქართვ. - ი-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ესტუმრა ი-ის პრეზიდენტი რ. რივლინი. უკანასკნელ წლებში საქართვე­ლო­ში აღადგინეს 7 სი­ნაგო­გა (ფოთი, სენაკი, მარტვილი, ცაგერი, გორი, ვანი და ქარელი), ორ ქვე­ყა­ნას შორის ხორციელდება უვიზო მიმოსვლა.

ლიტ.: გაჩეჩილაძე რ., ახლო აღმოსავლეთი – სივრცე, ხალხი და პოლიტიკა, თბ., 2011; მ ი ს ი ვ ე, ისრაელი – უძლიერესი პატარათა შორის, «ჩემი სამყარო», 2015, N10.

რ. გაჩეჩილაძე