იტალიური კალია (Calliptamus italicus), მწერი ნამდვილი კალიების ოჯახისა. სას.-სამ. კულტურების საშიში მავნებელია. სხეული მურა ან ნაცრისფერია ყავისფერი ელფერით. ფრთები ძირში ვარდისფერია. სხეულის სიგრძე 14,5–41 მმ აღწევს.
ფართოდ არის გავრცელებული ჩრდ. აფრიკასა და სამხრ. ევროპაში, შუა და დას. აზიაში, მონღოლეთის და ჩინეთის ჩრდ.დას-ში, კავკასიაში, გვხვდება საქართველოშიც. ავშან-მარცვლოვანი სტეპების ტიპური წარმომადგენელია. ჩრდ-ით უპირატესობას ანიჭებს ღია ადგილებს მსუბუქი ნიადაგით, ხოლო სამხრ-ით – მდინარის სანაპიროებსა და ოაზისებს. ზიანს აყენებს ბამბას, მზესუმზირას, პარკოსნებს, ბაღჩეულს, კარტოფილს და სხვა კულტურებს. ახასიათებს წელიწადში 1 გენერაცია. კვერცხი იზამთრებს ნიადაგის ზედა ფენაში. მასობრივი გამრავლების პერიოდში ი. კ. ქმნის ჯოგებს და იქცევა როგორც ჯოგური კალია. რიცხობრიობის დეპრესიის პერიოდში ცხოვრობს იზოლირებულად. ი. კ-ის წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროებს ინტეგრირებულ მიდგომას როგორც ინსექტიციდების, ასევე აგროტექნიკური ღონისძიებების გამოყენებას.
ე. აბაშიძე