იტალიური მორიელი

იტალიური მორიელი

იტალიური მორიელი (Euscorpius italicus, Herbst 1800), მიეკუთვნება მორიელების ოჯახს (scorpionidae). გვარში ყველაზე დიდი ზომისაა. სხეულის სიგრძე აღწევს 50–55 მმ. გავრცელებულია ხმელთაშუა და შავი ­ზღვის ქვეყნებში. დას. საქარ­თვე­ლო­ში საკმაოდ ფართოდაა გავრ­ცელებული. უმეტესწილად ბი­ნადრობს თბილ და ნოტიო ჰაბიტატებში, თუმცა ტენიანობის მიმართ ამტანია. საცხოვრებლად ირჩევს კლდენაშალიან ­ადგილებს და ქვაყრილებს, ძველი შენობების კედლებს, მორებს, სადაც ადვილად შეუძლია თავშესაფრის პოვნა ღრმულებსა და ნახვრეტებში, ბზარებში და ა.შ. ­ზ. დ. 700 მ მაღლა და ტყეში შედარებით იშვიათად გვხვდება, ირჩევს განათებულ ადგილებს, უმეტესად წიფლისა და წაბლის ­კორომებში. ყველაზე დიდი რაოდენობით ანთრო­პოლოგიურ ჰაბიტატებში გვხვდე­ბა, სადაც მრავლადაა ძველი შენობები და კედლები. სხეული უმეტესწილად შავი ფერისაა, ხოლო კიდურები და მუცლის დაბოლოება სხეულთან შედარებით ღია მოწითალო-მოყვითალოა. ი. მ-ს დიდი ზომისა და ძლიე­რი მარწუხების წყალობით შეუძლია იკვებოს ­პრაქტიკულად ყველა სახის უხერხემლო ცხოველით, რ-ებიც მის ტერიტორიაზე ბინადრობენ.

ი. მ-ები სოლიტარული (ცხოვრობენ მარტო) ცხოველები არიან და მხო­ლოდ გამრავლების პერიოდში (გაზაფხული-ზაფხული) ხვდებიან ერთმანეთს. სქესობრივი ქცევა მოიცავს რამდენიმესაათიან ცეკვისმაგვარ მოძრაობებს, რ-ის დროსაც მამრი მარწუხებით იჭერს მდედრს და ასე აგრძელებს მოძრაობას. განაყოფიერება გარეგანია. მამრი სპერმას ღვრის ნიადაგზე, რ-საც მდედრი ისრუტავს გენიტალიებით. განაყოფიერებული კვერცხები (მაქსიმუმ 30) ერთ წლამდე რჩება მდედრის სხეულში. ისინი იქვე იჩეკებიან და სხეულიდან გამოსვლისთანავე თავსდებიან მდედრის ზურგზე. დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ კანის პირველი გამოცვლის შემდეგ. მისი ნესტარი შხამიანია, თუმცა ადამიანისათვის უსაფრთხოა. ი. მ. არაა დაცული სახეობა სა­ქარ­თვე­ლოსა და ევროპაში.

ლ. მუმლაძე